სამეტყველო ენის განვითარების რეგრესი – აუტიზმის სპექტრის დარღვევის ნიშანი

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების 30%-ს აღენიშნება სამეტყველო ენის განვითარების რეგრესი (უკუგანვითარება). ენის განვითარების რეგრესის მქონე 10-დან 9 შემთხვევაში კი მიზეზი აუტიზმის სპექტრის აშლილობაა.

რეგრესი შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური უნარების დაკარგვით. ბავშვი წყვეტს მეტყველებას, შესაძლოა აღარ რეაგირებდეს სახელით მიმართვაზე, აღარ ასრულებდეს ინსტრუქციებს და ა.შ

როგორც წესი, ასეთი რეგრესი იწყება 2 წლის ასაკამდე. მშობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 25% იწყებს სიტყვების წარმოთქმას 12-18 თვის ასაკში და შემდეგ თითქოს „ივიწყებს“ ამ სიტყვებს.

ლონგიტუდური კვლევების თანახმად, ენის რეგრესის ტიპი, რომელიც ვლინდება მას შემდეგ, რაც დაიწყო ენის ნორმალური განვითარება, არის მხოლოდ აუტიზმისათვის დამახასიათებელი ნიშანი და ის არ გვხვდება განვითარების სხვა ტიპის დარღვევის დროს.

ჩვეულებრივ, ენის რეგრესი ვლინდება თანდათან, უჭირს ახალი სიტყვის დასწავლა, აღარ ერთვება ყოველდღიურ საკომუნიკაციო ურთიერთობაში, ექსპრესიული ლექსიკური მარაგი მკვეთრად მცირდება.

მშობლებისთვის დიდი სტრესია, როდესაც ისინი ამჩნევენ, რომ მათი ბავშვი კარგავს მეტყველების უნარს. თუმცა, უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ბავშვის ენის შემდგომ განვითარებას და რეგრესი შესაძლოა ჩაითვალოს იმედისმომცემ ნიშნადაც. მეტყველების აღდგენა იწყება საშუალოდ 3 წლის ასაკიდან ან რეგრესიდან 1 წლის შემდეგ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგრესამდელ მდგომარეობას. თუ რეგრესამდელი სამეტყველო ენის განვითარება ასაკის შესაბამისი იყო, გაუმჯობესება არის შემთხვევათა უმეტესობაში (60%-ში), ხოლო თუ ენის განვითარება ჩამორჩებოდა ასაკს, გაუმჯობესება ხდება შემთხვევათა მხოლოდ 40%-ში.

ყველა შემთხვევაში, რეგრესის მიუხედავად, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები აგრძელებენ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, რაც თვალსაჩინო ხდება სასკოლო ასაკისთვის.

 

მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ოქროპირიძემ