როგორ გავაუმჯობესოთ აუტიზმის მქონე ბავშვის რეაგირება სახელით დაძახებაზე

 

 

(რეკომენდაციები მშობლებს)

სახელზე რეაგირება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვისთვის.

 

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც შეგიძლიათ მშობლებმა სახლში სცადოთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ „ვერ შესრულება“ და „არ შესრულება“.

 

ხშირად, განსაკუთრებით სოციალურ სიტუაციებში, აუტიზმის მქონე ინდივიდები ვერ იგებენ, თუ რას ელიან მათგან. ისინი (ჯერ) ვერ ასრულებენ ინსტრუქციას, რადგან ეს მათთვის არ უსწავლებიათ.

 

მეორეს მხრივ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდი შესაძლებელია არ გამოხატავდეს ინტერესს სოციალური ურთიერთობების მიმართ. შესაბამისად, ის შესაძლოა არ ასრულებდეს და არ მოიქცეს ისე, როგორც ელოდებიან გარშემომყოფები.

 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რაც დაგეხმარებათ სახელზე რეაგირების გაუმჯობესებაში.

 

მომზადება

პირველ რიგში, გირჩევთ ყოველდღიურად  გამოყოთ დრო, როდესაც შეძლებთ ბავშვთან ამ უნარზე მუშაობას.

თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ბავშვი არ არის მოტივირებული, მაშინ იპოვეთ მისთვის ღირებული სტიმული და შესთავაზეთ მოტივაციის ასამაღლებლად. შეგიძლიათ დააჯილდოვოთ პოზიტიური ყურადღებით/სოციალური განმამტკიცებლით (ჩახუტება, ხელის ჩარტყმა, შექება და ა.შ.), ან რაიმე  აქტივობით (მაგ: ღუტუნი, ტრიალი) ან მისი საყვარელი სათამაშოთი, რომელიც მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ დაჯილდოვება მოხდეს მყისიერად, როგორც კი ბავშვი შემოგხედავთ სახელით მიმართვის შემდეგ.

 

მოტივაციაზე დაფუძნებული სწავლება

  1. მუშაობის დასაწყებად შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც ის სრულად არ იქნება მოცული მისი საყვარელი აქტივობით (მაგალითად, ვიდეოს ყურებით).
  2. წარმოთქვით მისი სახელი. მისი სახელის წარმოთქმის შემდეგ, მაშინვე შეეხეთ მის მხარს და თუ საჭიროა, ნაზად მოაბრუნეთ მისი სახე თქვენსკენ, რომ შემოგხედოთ. არ გირჩევთ, პირდაპირი თვალის კონტაქტის მოთხოვნას მისგან, ვინაიდან აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდებისთვის ეს შეიძლება სტრესული იყოს.
  3. როგორც კი შემოგხედავთ (თუნდაც შემთხვევით/უნებლიედ), მყისიერი შექების პარალელურად დააჯილდოვეთ განმამტკიცებელი აქტივობით ან სათამაშოთი (მაგ.:
    „რა კარგად მიპასუხე დაძახებაზე!“)

ნება მიეცით დაუბრუნდეს  იმ აქტივობას, რომელშიც მანამდე იყო ჩართული ან სხვა აქტივობა წამოიწყოს.

ამ რეკომენდაციების გამეორების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროს ატარებთ ბავშვთან და რამდენი წუთი შეგიძლიათ დაუთმოთ მასთან მუშაობას. მაგალითად, თუ ბავშვთან მთელ დღეს ატარებთ, მაშინ შესაძლებელია 10-20-ჯერ ან მეტჯერ გაიმეოროთ ეს სავარჯიშო. თუ მხოლოდ ერთი საათი ხართ ერთად, მაშინ სასურველია, სახელის დაძახება ერთი-ორი წუთის ინტერვალის დაცვით აკეთოთ. თუ მოტივაციის სიმცირეს შეამჩნევთ, გირჩევთ შეასვენოთ და მოგვიანებით მიუბრუნდეთ ამ სავარჯიშოს.

ზოგიერთი მარტივი ცვლილება  შესაძლოა დაგეხმაროთ რეაგირების დროის შემცირებაში. მაგალითად, მიმოიხედეთ ოთახში ან დააკვირდით სიტუაციას და დაფიქრდით, არის თუ არა რამე, რაც ბავშვის ყურადღების მიღებაში  გეცილებათ. იფიქრეთ ისეთი ადგილის მოძიებაზე, სადაც ადამიანები და მისთვის საინტერესო საგნები ნაკლებად იქნება.

 

დისტანციის, ადამიანებისა და გარემოს შეცვლა

პირველ რიგში, სასურველია, დარწმუნდეთ, რომ ბავშვი მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის. მიუახლოვდით მას და დაუძახეთ სახელი, მხარზე ან სახეზე შეხების გარეშე. დაელოდეთ რამდენიმე წამი (2-4 წმ), იდექით მის სიახლოვეს. თუ არ მოიხედა, მაშინ დაეხმარეთ მას ფიზიკურად.

თუ ბავშვი დახმარების გარეშე, სტაბილურად რეაგირებს სახელით მიმართვისას:

  1. სცადეთ სავარჯიშო სხვადასხვა ადგილებში, მაგ: სამზარეულოში, ეზოში ან მაღაზიაში. მყისიერად შეაქეთ და დააჯილდოვეთ თქვენსკენ მცირედი შემობრუნებაც კი.
  2. სავარჯიშოში ჩართეთ სხვა ადამიანებიც. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვი რეაგირებდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მიმართვისას და რაც შეიძლება ბევრ გარემოში.
  3. როგორც კი ბავშვი ზემოთ მოცემული ორი პუნქტის შესრულებას შეძლებს, სცადეთ სახელის დაძახების დროს დისტანციის გაზრდა. დადექით რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და ასე დაუძახეთ მას. შემდეგ გაზარდეთ დისტანცია და დაუძახეთ მას მეორე ოთახიდან და ეზოდან. გახსოვდეთ, რომ განამტკიცოთ და მყისიერად შეაქოთ ნებისმიერი სასურველი რეაქცია.
  4. გააგრძელეთ მუშაობა გაზრდილი დისტანციიდან, ახალ ადგილებში და ახალ ადამიანებთან ერთად.

 

აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.

 

 

სტატია მომაზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა გვანცა სოსელიამ