ენის განვითარების ხელშემწყობი აქტივობები 2 წლის ასაკის ბავშვისთვის

ორი წელი ბავშვის ენისა და საკომუნიკაციო ფუნქციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ასაკია. ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემებზე დაყრდნობი 2 დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა
უნდა იცოდნენ ახლობელი ადამიანების სახელები და ცნობდნენ მათ, იცოდნენ საგნები და სხეულის ნაწილები, ამბობდნენ რამდენიმე ცალკეულ სიტყვას, იყნებდნენ მარტივ ფრაზებს და 2-4 სიტყვიან წინადადებებს, უნდა იმეორებდნენ სიტყვებს, შეეძლოთ მარტივი დიალოგის წარმოება.
იმისათვის რომ დავეხმაროთ ბავშვებს განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სირთულეების დაძლევაში, მშობლებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა.

წარმოგიდგენთ რამოდენიმეს:
1) წიგნების „კითხვა“
მშობლებს შეუძლიათ წიგნის დათვალიერებით დაეხმარონ ბავშვებს, ხელი შეუწყონ ენის განვითარებას და გაამდიდრონ სიტყვათა მარაგი. ყოველდღიურად ერთად წიგნის კითხვა საუკეთესო მეთოდია. ეს აქტივობა ხელს უწყობს ემოციური კავშირის დამყარებას (მშობლისა და შვილის მიჯაჭვულობას). შესაძლებელია მშობელმა წაუკითხოს წიგნი, ან მხოლოდ დაათვალიეროს ბავშვთან ერთად. ამ დროს ბავშვს ეძლევა საშუალება, ჩაერთოს აღწერაში. მშობელმა უნდა წაახალისოს ბავშვი, დაასახელოს და აჩვენოს ნაცნობი საგნები. შემდეგ შეგიძლიათ დაუსვათ თემატური კითხვები.
2) თამაში „საგნების მოძებნა“
ენის განვითარების აქტივობები სასურველია რომ გამოყენებული იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. საგნების მოძებნა გულისხმობს, რომ ბავშვმა მოძებნოს მისთვის ცნობილი საგანი, რომელსაც ჩვენ ავუღწერთ, მაგ: მოძებნოს ერთი ფერის საგნები ან ერთი კატეგორიის საგნები. ეს თამაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაგალითად: ქუჩაში სიარულისას, ან მანქანით მგზავრობისას იპოვნოს სად არის სატვირთო მანქანა, ან ლურჯი მანქანა, მაღაზიაში დაასახელოს ყველა წითელი ხილი ან ყველა ბოსტნეული, რომელიც იცის. ამ თამაშს ასევე შეგიძლიათ თან დაურთოთ დათვლა და ჰკითხოთ, მაგ: რამდენი თეთრი მანქანა დგას ამ შუქნიშანზე?
3) „აპლიკაციის“ წიგნი
ბავშვთან ერთად გააკეთეთ სასურველი და ნაცნობი საგნების წიგნი.მშობლებს შეუძლიათ ამოჭრან სხვადსახვა ნაცნობი ან საყვარელი საგნების სურათები და ბავშვთან ერთად შექნან წიგნი. ჩააკარით გვერდებზე სხვადასხვა საგნები კატეგორიების მიხედვით (მაგ.: სათამაშოები, ხილი, ავეჯი, ტრანსპორტი), ერთად ჩააწებეთ და გააფორმეთ წიგნი. შემდგომში ამ წიგნის გამოყენება შგიძლიათ საგნების დასახელებისთვის და კითხვების დასასმელად. აქვე შესაძლებელია „სულელური“ სურათების შექმნა, სხვადასხვა სურათების ნაწილების სხვა საგანთან მიწებება, რაც არარეალურ საგნებს შექმნის. შემდეგ ჰკითხეთ ბავშვს, რა არის არასწორი ამ სურათში ან საგანში.

როგორც ნახეთ შესაძლებელია მინიმალური მასალით და მაქსიმალური მონდომებით გავიხალისოთ ყოველდღიურობა და დავეხმაროთ ჩვენს ბავშვებს განვითარების საფეხურებზე ზევით ასვლაში.

 

 მასალა მოამზადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა ანკა შამათავამ