აუტიზმის მქონე ბავშვის „გაპარვა“ (გაქცევა/ხეტიალი)

აუტიზმის მქონე ბავშვის საფრთხის რისკის შემცველი ერთ-ერთი ქცევაა სახლიდან ან სხვა უსაფრთხო სივრციდან გაპარვა (გაქცევა/ხეტიალი). როგორც კვლევებით დასტურდება აუტიზმის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარს (48%) აქვს მიდრეკილება, გაიქცეს უსაფრთხო გარემოდან. გაქცეული ბავშვების მესამედი კი ვერ ახერხებს, თქვას თავისი სახელი, მშობლის სახელი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი (მიუხედავად იმისა, ვერბალია თუ არავერბალი).
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა „გაპარვის“ შესახებ. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელითაც გავრცელდა ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ფოტო.
????რატომ იპარებიან აუტიზმის მქონე ბავშვები?
გაქცევა შესაძლოა ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთგვარი საშუალება იყოს. მთავარია, თქვენ ამ ენის გაგება ისწავლოთ. გაქცევას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
• გარბის, რადგან სიამოვნებს სირბილი (54 %)
• მიდის საყვარელ ადგილას, როგორიც შეიძლება იყოს პარკი, სათამაშო მოედანი და სხვა (36%)
• ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობებს, მაგ: სკოლაში არსებულ წესებსა და მოთხოვნებს (33%)
• შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესები/აკვიატებები, მაგ: მოსწონდეს მატარებლები და გარბოდეს მატარებლის სადგურებზე (31%)
• შეიძლება გაექცეს არასასიამოვნო სენსორულ სტიმულებს, როგორიცაა ძლიერი ხმაური, ძლიერი განათება და ა.შ. (27%)
????რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციის მიზნით?
მარტივი და გასაგები ენით აუხსენით ბავშვს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. გამოიყენეთ მისი ძლიერი მხარეები, დაიხმარეთ სოციალური ისტორიები და ვიზუალური ბარათები.
მაგალითად: მიუთითეთ სიჩქარის შეზღუდვის ნიშნებზე, როდესაც გარეთ ხართ და ისაუბრეთ იმაზე, რომ რაც უფრო სწრაფად მოძრაობს მანქანა, მით უფრო საშიშია ის.
მიეცით მას მიზეზი, რომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც აუცილებელია. სახლში გამაფრთხილებელი სტიკერების დამაგრება დაგეხმარებათ, შეახსენოთ მას პოტენციური საფრთხის შესახებ. გამოიყენეთ დამხმარე ხელსაწყოები და ასწავლეთ ბავშვს მათი გამოყენება.
თუ წინასწარ იცით, სადაც მიგყავთ, შეიძლება ხმაური იყოს, რაც ბავშვს უბიძგებს გაქცევისაკენ ან რაიმე სხვა სახიფათო ქმედების განხორციელებისაკენ, წინასწარ მოემზადეთ და დაიხმარეთ ხმაურის დამხშობი ყურსასმენები.
????დამატებით:
• შესაძლებელია ხიფათის თავიდან ასარიდებლად დააყენოთ კარის და ფანჯრის სიგნალიზაცია;
• სახიფათო ადგილებზე (კარებზე, ფანჯრებზე) დააკრათ წებოვანი მინიშნებები, რომელიც ბავშვს მიანიშნებს რომ უნდა გაჩერდეს;
• ხელზე ან ფეხზე გაუკეთეთ სპეციალური სამაჯური, რითაც გაკონტროლდება მისი გადაადგილება;
• გაუკეთეთ საიდენტიფიკაციო სამაჯური ან ყელსაბამი, რომელზეც დატანილი იქნება ბავშვის სახელი, დიაგნოზი და თქვენი ტელეფონის ნომერი;
• მოუწყვეთ უსაფრთხო სივრცე – ,,გაქცევის’’ ალტერნატივა, როგორიცაა კარავი ან წყნარი კუთხე სახლის შიგნით;
• ბავშვის მიდრეკილების შესახებ გააფრთხილეთ ყველა, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა: თერაპევტი, ნათესავი, აღმზრდელი, მასწავლებელი, მეზობელი;
• შექმენით გეგმა, თუ როგორ მოიქცევით კრიზისულ სიტუაციაში;
• გააცანით ეს გეგმა ბავშვთან დაახლოებულ პირებს;
• შეეცადეთ რომ ბავშვმა იცოდეს ცურვა (ასწავლეთ ცურვა ადრეული ასაკიდან).
????რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენი შვილი დაიკარგა?
• დაუყოვნებლივ დაურეკეთ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს. მიაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია: ბავშვის სახელი, ასაკი, სიმაღლე, წონა და ნებისმიერი დეტალი, რომელიც დაკარგული ბავშვის იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ, როგორიცაა: ატარებს თუ არა სათვალეს ან ბრეკეტებს, როგორი ტანსაცმელი აცვია და ა.შ.
• დაბეჭდეთ და გაავრცელეთ სურათი სოციალური ქსელის დახმარებით.
• მოძებნეთ ის ახლომდებარე ტბების, ზღვის სანაპიროს, მდინარეების მიდამოებში.
• გადაამოწმეთ ბავშვის საყვარელი ადგილები.
თუ ბავშვი სახლში დაიკარგა, მოძებნეთ:
• კარადებში;
• საწოლის ქვეშ;
• მანქანაში, გარაჟში;
• სარეცხის გროვებში;
• ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა რომ დამალულიყო.
სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენებენ ბავშვის სპეციალურ საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის ნიმუშიც ფოტოზეა მოცემული. მას ურიგებენ ყველას, ვისთანაც ბავშვს ურთიერთობა აქვს.
თუ ყურადღებით დააკვირდებით, რატომ გარბის თქვენი შვილი, რას გაურბის ან რისკენ მიისწრაფვის და დაეხმარებით ამ სურვილების ალტერნატიული გზით დაკმაყოფილებაში, შესაძლოა თავიდან აირიდოთ გაქცევის ეპიზოდები და მოსალოდნელი საფრთხეები.
????გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოება პირველი რიგის საჭიროებაა!
????მასალა თქვენთვის მოამზადა მაგდა გიორგაძემ, ქცევითმა თერაპევტმა, სუპერვიზორმა და ბათუმის ფილიალის ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელმა.