აუტიზმის თავისებურებები გოგონებში: მოსაზრებები და ფაქტები

 

ცნობილია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობა ბიჭებში სულ მცირე 4- ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში (Whiteley, et al. 2010).რაც უფრო მეტს სწავლობს მსოფლიო აუტიზმის სპექტრის აშლილობებს, მით მეტი შეკითხვა ჩნდება ამ გენდერული თავისებურების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ:
 წლების განმავლობაში დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, კლინიკური შემთხვევები და ნიშნები ეფუძნებოდა ბიჭებში დასმული დიაგნოზის კლინიკურ გამოვლინებას (Dworzynski et al., 2012).
 არსებული სკრინინგული ტესტები შესაძლოა არ იყოს სანდო აუტიზმის გამოსავლენად გოგონებში (Andersson, et al., 2013).
 გოგონებს შეუძლიათ უკეთ ადაპტირდნენ და „შენიღბონ“ აუტიზმის სპექტრის სიმპტომები (ე.წ. კომუფლიაჟის ჰიპოთეზა – Dworzynski et al., 2012).
 არსებობს თავის ტვინის სტრუქტურული სხვადასხვაობა აუტიზმის დიაგნოზის მქონე გოგონებსა და ბიჭებს შორის (Lai, 2013).

ასევე, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა „აუტიზმის მსგავს მდგომარეობებს“ გოგონებში, რომ ხაზი გაესვას იმ უნიკალურ ნიშნებს, რომლებიც მხოლოდ გოგონებში გვხვდება ამ დიაგნოზის დროს.

ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა (Dworzynski et al.), რომელიც შეეცადა გამოხმაურებოდა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს ჩატარდა დიდ ბრიტანეთში 10-12 წლის გოგონებსა და ბიჭებში. აღმოჩნდა რომ გოგონებში, რომელთაც ჰქონდათ „აუტიზმის მსგავსი“ ნიშნები, მაგრამ ვერ დადგინდა ინტელექტის და ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევები, ვერ დაუმტკიცდათ დიაგნოზი (თითქოს „თავი დაიძვრინეს დიაგნოზისგან“). გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგონებს მეტად შესწევთ უნარი, მართონ საკუთარი ქცევები (Dworzynski et al ).

ასევე აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე გოგონები უფრო მეტად ახერხებენ წარმოსახვით თამაშებს თანატოლებთან ერთად, თუმცა მათი თამაში უფრო იმიტაციურია ან იმეორებს იმ სოციალურ სიტუაციებს, რაც ახლო წარსულში მოხდა და არ მოიცავს მრავალფეროვან წარმოსახვას (Knickmeyer et al., 2008).

აუტიზმის მქონე გოგონებს შეუძლიათ უფრო რთული ემოციების გამოხატვა, ვიდრე ბიჭებს (Head et al., 2012).

გოგონებში უფრო ხშირია ექოლალიური მეტყველება, რაც შეცდომით მეტყველების სპეციფიკურ განვითარებად მიიჩნევა ხოლმე (Kirkovski et al., 2012).

თავისებურია ინტერესების შეზღუდვისა და განმეორებადი ქცევების გამოვლენაც: ბიჭების უჩვეულო ინტერესებისგან განსხვავებით გოგონებს აინტერესებთ ცხოველები ან ცნობილი ადამიანები, რაც თითქოს თანხვედრაშია თანატოლების ინტერესებთან და კლინიკურად არ ჩანს მათი პრობლემატურობა (Gould & Ashton-Smith, 2011). ასევე, როგორც წესი, გოგონებს ნაკლებად ახასიათებთ განმეორებადი, სტერეოტიპული ქცევები.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მეორადი ნიშნებიდან კი საყურადღებოა, რომ
გოგონებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ძილის დარღვევები, შფოთვა და დეპრესია (Hartley & Sikora (2009).

რა არის შენიღბვის, კომუფლიაჟის ჰიპოთეზა (camouflage hypothesis) და რა მტკიცებულებები არსებობს მის შესახებ?

Gould-მა და Ashton-Smith-მა (2011) გამოიკვლიეს თუ რა გზებით ახერხებენ გოგონები, რომ „თავი დაიძვრინონ“ აუტიზმის დიაგნოზისგან, მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად ფარავენ სოციალური აღქმის, სოციალურ-კომუნიკაციური და სოციალური წარმოსახვის სირთულეებს.

აღმოჩნდა, რომ:
• აუტიზმის მქონე გოგონებს შედარებით უფრო მეტად შესწევთ უნარი, ჩაწვდნენ სოციალურ კონტექსტს, “ფეხი აუწყონ“ თანატოლებს, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ იმიტაციურ ურთიერთობებს (თუმცა უფრო მეტად მაშინ, როცა ინიციატივა სხვისგან მოდის და არა საკუთარი ინიციატივის ხარჯზე).
• მათ როგორც წესი ყავთ სულ მცირე ერთი მეგობარი, რომელსაც ეჯაჭვებიან და მასზე დამოკიდებულნი ხდებიან.
• ასაკის მატებასთან ერთად გოგონები მეტად ხვდებიან თავიანთ განსხვავებულობას თანატოლებთან შედარებით და იმისათვის, რომ სხვებისათვის ნაკლებად გამოირჩეოდნენ, მიმართავენ ისეთ ხერხს, როგორიცაა: ნაკლები აქტიურობა საუბრის დროს, ზედმეტად მოწესრიგებულობა, რომ არ დაიმსახურონ შენიშვნები და ასევე, მეტად ემორჩილებიან იმ სოციალური გარემოს წესებს, სადაც ხშირად უხდებათ ყოფნა.

შესაბამისად, გოგონებში აუტიზმის მიმდინარეობის თავისებურებების და სპეციალისტთა დაბალი ფსიქოგანათლების გამო შესაძლებელია დიაგნოზის დასმა ვერ მოხდეს ან შეცდომით დაისვას: მეტყველების დარღვევის, შფოთვითი აშლილობის და/ან კვებითი აშლილობის დიაგნოზი (Hambrook et al., 2008; Coombs et al., 2011; Head et al., 2012).

ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს აუტიზმის სპექტრის აშლილობების გავრცელების სქესობრივი დისბალანსი. არის კი საშუალოდ 4- ჯერ უფრო მეტად ხშირი ბიჭებში, თუ აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი გოგონებში ისმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მწვავედ ვლინდება კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის და ინტერესთა სფეროს შეზღუდვის ნიშნები?

იქნებ სანამ სხვა მენტალური დარღვევების ნიშნებს მოვძებნიდეთ და “უცნაურობის“ იარლიყს მივაწებებდეთ, ყურადღებით გადაგვეხედა თითოეული მათგანის ზოგადი განვითარების ტრაექტორიისთვის.

ასე რომ მრავალი საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და დიაგნოსტიკის დროს სასურველია განვითარებისა და კლინიკური ნიშნების დეტალური შეფასება გამოცდილი კლინიცისტის მიერ.

 

მოამზადა ექიმმა ფსიქიატრმა/ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა.