ჯდომა W-პოზაში. რატომ არის ის საყურადღებო

თქვენი ბავშვი ყოველ დღე სწავლობს რაღაც ახალს. ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. ბავშვის ფიზიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კუნთების სწორად ფორმირებაა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ჯდომის მანერაც ასრულებს.

გაგიმახვილებიათ ყურადღება თქვენი ან სხვა ბავშვის ჯდომზე, როდესაც ის ზის იატაკზე და მისი ქვედა კიდურები ასო W-ს ფორმას ხაზავენ? ჯდომის ამ მანერას W-პოზა ჰქვია.

ასე ჯდომისას ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენი პატარა ფიზიკურ მოქნილობას ავლენს, თუმცა როდესაც ბავშვი W-პოზაში ზის, მას გაზრდილი აქვს საყრდენი ფართობი, რაც ხელს უწყობს ნაკლები კუნთოვანი დაძაბულობით შეინარჩუნოს სასურველი პოზა. შესაძლოა, ასეთი დამზოგველი კუნთური მუშაობის შედეგი მოზდილობის ასაკში სხვადასხვა ტიპის ორთოპედიულ პათოლოგიად გამოვლინდეს.

რა შეიძლება გამოიწვიოს W-პოზაში ჯდომამ?

W-პოზაში ჯდომა განაპირობებს კუნთების არასწორ განვითარებასა და სასახსრე ჩანთის ცვლილებას, რაც შემდგომში იწვევს ისეთ ორთოპედიულ პრობლემებს, როგორიცაა: ხერხემლის, მენჯ-ბარძაყისა და ტერფის პათოლოგიები, ქვედა კიდურების X-ებური დგომი, კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორ უნდა შევცვალოთ ჯდომის პოზა?

აუცილებელია W-პოზის თანდათანობითი ჩანაცვლება შემდეგი პოზებით:
1. “თურქული” ჯდომა, როდესაც ორივე ფეხი გადაშლილია მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოხრილია მუხლის სახსარში და თითის წვერები მოთავსებულია საპირისპირო კიდურის მუხლის ქვეშ.
2. კიდურების გაშლით ჯდომა, როდესაც ფეხები გაშლილია წინ და ქმნის 90 გრადუსიან კუთხეს.
3. ჯდომითი პოზა, როდესაც ბავშვის მუხლები ეხება ერთმანეთს და ქუსლები ეხება დუნდულა კუნთებს.

ადრეულ ასაკშივე გაამახვილეთ ყურადღება ბავშვის ჯდომის პოზაზე. აკონტროლეთ, რომ არ მიეჩვიოს W-პოზაში ჯდომას, რითაც თავიდან აიცილებთ ორთოპედიულ პრობლემებს.

სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფიზიკურმა თერაპევტმა შაკო აბრამიშვილმა.