ჯანსაღი კვების ხელშეწყობა სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრევენციისთვის

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჭარბი წონის ზღვარი საგანგაშო სიჩქარით იზრდება. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში, რის მიზეზიც შესაძლოა იყოს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში ბავშვების ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არაჯანსაღი კვება.

სიმსუქნის გამომწვევი ცნობილი მიზეზებია:
 გენეტიკური განწყობა;
 მეტაბოლური დარღვევები;
 ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები;
 სოციალური და კულტურული კონტექსტი, რომელიც გავლენას ახდენს კვების ქცევებზე, რაციონზე და საკუთარი სხეულით კმაყოფილებაზე;
 არაჯანსაღი კვების ჩვევა (მაგ: დიეტა, სადილის გამოტოვება, მცირე ულუფით საკვების მიღება, ღებინება, დიეტური აბების, საფაღარათო ან შარდმდენი საშუალებების გამოყენება);
 მედია და ინტერნეტ-საშუალებების მიერ არარეალური სილამაზის სტანდარტის რეკლამირება.

ჭარბი წონის მქონე ბავშვებში არსებობს ისეთი ქრონიკული მდგომარეობების ჩამოყალიბების რისკი, როგორიცაა: დიაბეტი, ასთმა, ძილში აპნოეს შეტევები, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ამავდროულად, ჭარბი წონის მქონე ბავშვები უფრო ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზეწოლას და ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.

ჭარბ წონას შესაძლოა ახლდეს:
 სოციალური იზოლაცია;
 ქცევის პრობლემები;
 დაბალი თვითშეფასება;
 დეპრესია;
 სუიციდი.

მკვლევარები გამოსავალს პრევენციასა და კომპლექსულ მიდგომაში ხედავენ, რაც მოითხოვს როგორც ოჯახის, ასევე სპეციალისტების და საზოგადოების ჩართულობას.

ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

1. სწორი კვებისათვის საჭირო ქცევის ჩამოყალიბება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან.
2. ბაღების, სკოლებისა და ფართო საზოგადოების აქტიური და სწორი ჩართულობა.
3. სპეციალისტების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების სტილის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება.
4. ოჯახებისთვის აქტიური ცხოვრების სტილის ხელშეწყობა.
5. არაჯანსაღი საკვების რეკლამირების შემცირება.
6. მედია და ინტერნეტ საშუალებებში სხეულის სტიგმატიზაციის შემცირება.
7. სიმსუქნისა და არაჯანსაღი წონის კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ჯანსაღი კვება საუკეთესო საშუალებაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.

წყარო:https://www.apa.org/pi/families/resources/prevent-obesity

სტატია მოამზადა: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბათუმის ფილიალის ქცევითმა თერაპევტმა მაგდა გიორგაძემ.