ხელოვნებით თერაპია დათუნასთან ერთად  

 

გაგაცნობთ  ხუთი წლის  ბიჭუნას, რომელიც ერთი წლის წინ  დედამ მოიყვანა ხელოვნებით თერაპიაზე. მის ნამდვილ სახელს არ გაგიმხელთ და გამოგონილი სახელით მოვიხსენიებ.

დათუნა არის თავის ასაკთან შედარებით დიდი ტანის, შავთმიანი და შავთვალა ბიჭუნა. სახის გამომეტყველება მომღიმარი აქვს, მოძრაობს მძიმედ და ცოტა მოუქნელად. აქვს ჭარბი წონა. პირველ თერაპიულ სესიაზე არ გამოუხატავს  ჩემთან ურთიერთობის ინტერესი. უარი განაცხადა ქვიშაში თამაშზე, შეხებისთანავე სასწრაფოდ დაიბანა ხელები. ზუსტად იგივე გამეორდა ფერად ცომებთან და თიხასთან შეხებისას. ძნელი იყო მასთან დიალოგში შესვლა,  მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ ზოგიერთ კითხვაზე მოკლე დასწავლილ პასუხებს მაძლევდა. არ გამოუჩენია რაიმეს მიმართ ნამდვილი ინტერესი და არც ინიციატივა გამოუხატავს,  იდგა პასიურად და ელოდებოდა ჩემს მითითებებს.

მისი პირველი ნახატი ასე გამოიყურება. ერთი ფერის პასტელით, ნაწერს მიმგვანებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიგურები. ამასთან  დაცულია დისტანცია და მინდორი.

დავიწყეთ თერაპიული პროცესი რომლის თავდაპირველი ამოცანა იყო ნდობის გაჩენა, რომელიმე აქტივობით დაინტერესება და სხვადასხვა მასალასთან შეგუება, ნატიფი მოტორიკის გავარჯიშება. დასაწყისში ძნელი იყო მისი ამოქმედება, გამოძრავება. დათუნა უხალისოდ ასრულებდა ჩემს ინსტრუქციებს. ვხატავდით დაფაზე, ქვიშაში, ფურცელზე. ეს იყო მისი მექანიკური ამოძრავება და ერთ კონკრეტულ აქტივობაზე კონცენტრირება. ორი თვის შემდეგ დათუნა აღარ იბანდა ხელებს დასვრისთანავე. ამ პერიოდისთვის  შეასრულა დამოუკიდებელი ნამუშევარი -„ლოკოკინა“.

 

ნელ-ნელა გადავედით მეორე ამოცანის შესრულებაზე – მისცემოდა მის ნახატებს შინაარსი, გაეფერადებინა უკეთ და გაუმჯობესებულიყო მისი სივრცით-ვიზუალური უნარები. დათუნამ  თერაპიის დაწყებიდან ოთხ თვეში დაიწყო საკუთარი ინიციატივით  რობოტების ხატვა.

 

ექვს თვეში გადავიდა  ადამიანების ხატვაზე. დახატა ბიჭი და ჭიამაია. ამ ნამუშევარში ის უკვე კარგად აფერადებს.  ცოტა ხანში  გაჩნდა საყრდენი – მიწაც, ეს კარგად მოჩანს შემდეგ ნახატში – „მამა და მზე“.

 

 

ამის შემდეგ  დათუნამ  დახატა „ჩემი ოჯახი“. მისი თქმით – გოგო მზიდან ჩამოვიდა კიბით, ბიჭი ღრუბლიდან. ამ ნახატის შესრულებისას გამოვიყენეთ სავარჯიშო ფურცელი, სადაც  ვარჯიშობდა კიბის და ღრუბლის დახატვაში.

ამ ეტაპზე, დათუნა ხატავს საკუთარი ინიციატივით, პასტელით, გუაშით, ფანქრით, აფერადებს კარგად, იხატავს დასურათებული  წიგნებიდან. ზღაპრის წიგნიდან „სამი გოჭი“ გადმოხატა ბოლო  სცენა – მგლის ჩავარდნა ცეცხლში. ეს ნახატი შესრულებულია შერეული ტექნიკით – პასტელით და შემდეგ  აკვარელით.

დათუნა სახლში და ბაღში თავს იწონებს ნახატებით. დედის გადმოცემით, ყოველ დღე  დაკავებულია ხატვით. ეს  მისთვის გადაიქცა საყვარელ  საქმიანობად.  გაჩვენებთ მის თავისუფალი ნახატს – საკუთარი იდეა  დამოუკიდებლად  შეასრულა, მთელი მონდომებით გააფერადა და თვითონვე დაასათაურა – „ძველი გზა“.

დათუნამ მთელი წელიწადი იმუშავა ისე, როგორც შეეძლო.  ჩვენ  ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და კიდევ ვისწავლით.

 

ხელოვნებით თერაპევტი ვერა აგლაძე