ხელოვნებით თერაპია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან

უძველესი დროიდან დაწყებული ხელოვნება ეფექტურად გამოიყენებოდა  ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან მუშაობისას, თუმცა როგორც ფსიქოთერაპიის დისციპლინა შედარებით გვიან იქნა აღიარებული. ამიტომაც  მისი ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევები ძალიან ცოტაა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტებიდან დაწყებული პაციენტებით დამთავრებული აღიარებენ მისი ზემოქმედების ძალას და შედეგების ეფექტურობას. ითვლება, რომ ხელოვნებით თერაპია არის ყველაზე რბილი და უსაფრთხო ფსიქოთერაპიული მეთოდი, რადგან ის ადამიანს საშუალებას აძლევს იმ დონემდე ჩაუღრმავდეს და გაუმკლავდეს პრობლემას, რამდენადაც თავადაა მზად.

მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზნები სხვადასხვაა, ხშირად ხელოვნებით თერაპიას ურევენ ხატვისა თუ ხელგარჯილობის გაკვეთილებში. ხატვის სწავლებისას მნიშვნელოვანია და აქცენტი კეთდება შედეგზე, ანუ შექმნილ და დასრულებულ პროდუქტზე, ხოლო თერაპიისას კი მნიშვნელობა აქვს პროცესს. მთავარია, რომ ის (ანუ დასრულებული პროდუქტი) ავტორს მოსწონდეს და კმაყოფილი იყოს, მისი საშუალებით შეძლოს თავისი სათქმელის და შინაგანი სამყაროს გადმოცემა, მოახერხოს საკუთარი თავის გამოხატვა, ხოლო ნაშრომის ესთეტიკურ მხარეს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელოვნებით თერაპიის პროცესში ადამიანი გამოხატავს ფარულ და გაუცნობიერებელ განცდებს, ემოციებს და უმტკივნეულოდ თავისუფლდება მათგან. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას, პრობლემური ობიექტის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, წარმოსახვის განვითარებას.

ხელოვნებით თერაპია დანერგილია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობისას და განვითარების ყველა პროგრამაში ჩადებულია მისი გამოყენება. ეს თერაპია ბავშვს საშუალებას აძლევს სოციალურად მიღებული ფორმით გამოხატოს თავისი აგრესია თუ სხვა ნეგატიური გრძნობა. მისი საშუალებით ხდება წარმოსახვის, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარება. გარდა ამისა, სესიების მიმდინარეობისას ბავშვს საშუალება ეძლევა გამოიკვლიოს კინესთეტიკური და მხედველობითი შეგრძნებები, განივითაროს აღქმის უნარი. ხელოვნებით თერაპია ხელს გვიწყობს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის შინაგანი სამყაროს უკეთ გაგებაში და მასთან თერაპიული ურთიერთობის დამყარებაში.

ხელოვნებით თერაპიის სესიების დროს ბავშვთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და გამომდინარე ბავშვის განვითარების თავისებურებებიდან ვიმუშავებთ მისთვის შესაბამის მეთოდებს და აქტივობის ფორმებს. სესიების დროს ბავშვს ვთავაზობთ ხატვას დაფაზე ფერადი ცარცით ან ფურცელზე აკვარელით ან პასტელით, თიხაში მუშაობას ან ფერადი ცომებით ძერწვასა და ფორმების გამოჭრას, აპლიკაციების გაკეთებას ან ქაღალდზე მსხვილი ნემსით ქარგვას, ქვიშაში თავისუფალ თუ მიზანმიმართულ თამაშებს, ზღაპრების შეთხზვას, ზღაპრების მოყოლა-გათამაშებას და სხვა.

სურათზე: დაფაზე ერთობლივად შესრულებული ნახატი. ბავშვის სხეულის კონტურები შემოხაზულია და ხელმარჯვნივ ყვავილი შესრულებულია თერაპევტის მიერ.

 

ფოტოზე წარმოდგენილია ზღაპრის გმირები, რომლებიც  ჯერ დაიხატა, ხოლო შემდეგ გამოიჭრა და გათამაშებულ იქნა.

ფოტოზე: ქვიშაში კაკლებით და ბჭყვრიალა ქვებით ე.წ. „ნატვრის თვლებით“, დახატული სპირალი.

ფოტოზე: წრეში აღბეჭდილი ხელისგულები.

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებთან ნულიდან გვიწევს დაწყება. ამ დროს მათ ვასწავლით ფანქრის, პასტელის, ფუნჯის, მაკრატლის სწორად დაჭერას და გამოყენებას.

სესიების დროს ბავშვები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებიან ქვიშის აქტივობებში. ქვიშისა და პატარა სათამაშოების გამოყენებით, ბავშვი ქვიშაში ქმნის თავის სამყაროს. ქვიშაში ასევე ვხატავთ და სხვადასხვა მასალით გამოგვყავს ფორმები.

ქვიშის გამოყენებით ბავშვი აგებს მთებს, აკეთებს მიდვრებს, ზღვებს. შეუძლია გამოიყენოს წყალი და  გააკეთოს ჭაობი. სათამაშოების დახმარებით, სადაც არიან ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და ადამიანები, სახლები, მანქანები, ხიდები და სხვა, მას შეუძლია შექმნას თავისი სამყარო და ურთიერთობაში მოიყვანოს ერთმანეთთან, ფუნქციურად გამოიყენოს ისინი. სესიების მსვლელობისას ბავშვები გვიყვებიან თავისი სამყაროს შესახებ, თავისი სირთულეებისა თუ სიხარულის შესახებ, ახერხებენ გადაჭრან ის შინაგანი კონფლიქტები, რასაც ვერ აგვარებენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ათამაშებენ და „ათვინიერებენ“ თავიანთ შიშებს და სხვა. დამატებითი შედეგი ამ აქტივობიდან კი არის ტაქტილური კონტაქტის და წვრილი მოტორიკის განვითარება.

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელოვნების თერაპევტმა ნატალია ჩირიკაშვილმა.