ხელოვნებით-თერაპია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან

თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფსიქიკური პროცესები (გონება, გრძნობა, ნებელობა) ჰარმონიულად და თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. თუ ადამიანი მხოლოდ ლოგიკური გონივრულობით მოქმედებს, იგი ეგოისტი, ცივი, მშრალი, პედანტი და ფორმალისტი ხდება.
მეორეს მხრივ, როდესაც გრძნობა ცალმხრივადაა განვითარებული, მაშინ ადამიანი მეტისმეტად სენტიმენტალურია. მას აკლია რეალობის განცდა და მიწაზე მყარად დგომის უნარი. თავის მხრივ, ნებისყოფის ცალმხრივი განვითარება გვაძლევს ადამიანს, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ინსტინქტებისა და ლტოლვების დასაკმაყოფილებლად.
ამრიგად, აუცილებელია აზრის, გრძნობის და ნებისყოფის ჰარმონია, რომ ადამიანი, (მისი შემეცნება და შემოქმედება, შემდგომ კი მსოფლმხედველობა,) მენტალურად ჯანსაღი და სოციალური იყოს.
ხელოვნებით-თერაპია არის თვითშემეცნების პროცესი. იგი ეყრდნობა მოსაზრებას, რომ განვითარების ძირითად იმპულსს ადამიანი შიგნიდან იღებს და ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს საკუთარი ძალებით გადალახავს. ამიტომ, თერაპევტის ამოცანაა ბავშვის ინდივიდუალობის გამოხატვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა.
ბავშვთან მუშაობა ისე უნდა წარიმართოს, რომ მან აღმოჩენების გზით თვითონ იპოვოს საკუთარი პრობლემა და პრობლემიდან გამოსავალი.
სასურველია პროცესი მიდიოდეს ბავშვისთვის ძალდაუტანებლად, ხალისით. იგი თავს უნდა გრძნობდეს შემოქმედად, ეუფლებოდეს სიხარულის და კმაყოფილების განცდა. ამ დროს შესაძლებელია მასში მოხდეს „შინაგანი აქტი“, ტრანსფორმაცია, რაც მას მისცემს „ხელახლა დაბადების“ შეგრძნებას.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან მკაფიოდ არის „მე“-ს (ინდივიდუალობის) პრობლემა. მათ უჭირთ „მე“ უწოდონ საკუთარ თავს. შეიძლება იყოს თვითუარყოფა. საკუთარი ინდივიდუალობისადმი წინააღმდეგობა შესაძლოა იმ დონემდე იყოს გაზრდილი, რომ ბავშვი ნაცვალსახელს „მე“ იყენებდეს როგორც რაიმე საგნის ან სხვა პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვას; ანდა უბრალოდ საკუთარ თავს „შენობით“ ან საკუთარი სახელით მიმართავდეს, ანუ როგორც უცხო პირს. პირის ნაცვალსახელთა ამგვარი ჩანაცვლება ალბათ ყველაზე მეტად უნიკალურია და საკუთარი თავის, როგორც ინდივიდუალობის განცდის უუნარობის კლასიკური დემონსტრაციაა.
თუ ამას გავიაზრებთ, გასაგები გახდება ინტერპერსონალური ურთიერთობებისათვის თავის არიდება, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ იმდენად შეგვიძლია სხვებთან ურთიერთობა, რამდენადაც ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას.
ამ ყველაფრის გაცნობიერება იმ დონის თანადგომას აღგვიძრავს, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან გვჭირდება. ხელოვნებით-თერაპიის მიზანია ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თამაშით, ზღაპრის მოსმენით, ლექსის წარმოთქმით, სპექტაკლის გათამაშებით განაცდევინოს ბავშვს შემოქმედებითი პროცესი, განაცდევინოს საკუთარი თავი. ბავშვის ინდივიდუალობის გაღვიძება კი მისი სოციუმში ადაპტაციის წინაპირობაა.
წარმოგიდგენთ აუტიზმის სპექტრის ბავშვების თავისუფალ ნამუშევრებს, რომლებსაც თვითონ დაარქვეს სახელები: “გოგონა და ხე“, „ყინულის სახლი“, „არაფრის ფერი“, „მზე დაიმალა“.
ასევე, წარმოგიდენთ თერაპევტის შერჩეულ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს: „სპილოს მეგობარი ჰყავს“, „ღამე “, „ცისარტყელა“, „ლოკოკინა“.

 
მოამზადა ხელოვნებით თერაპევტმა ვერა აგლაძემ.