ძირს ტელეფონი! :)

ამერიკის პედიატრთა აკადემია მშობლებს ურჩევს გვერდით გადადონ ტელეფონები და მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ერთად თამაშს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბავშვს ენისა და მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს.

ბავშვის თავის ტვინის განვითარებისთვის უნიკალური პერიოდი 3 წლამდე ასაკია. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობელსა და ბავშვს შორის ვერბალური და არავერბალური ინტერაქცია. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბავშვთან ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხავა, ზღაპრის მოყოლა.

ჯერ კიდევ, 1977 წელს მარია ვინმა თავის წიგნში „ტექნიკა, როგორც ნარკოტიკი“ ივარაუდა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის ტელევიზორთან მიჯაჭვულობა არასასურველ გავლენას ახდენდა მის ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე, რადგან მას არარეალურ და დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნის ცხოვრებისეულ ურთიერთობებზე.

დღეისათვის, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის ციფრული გამოწვევა მხოლოდ ტელევიზია არ არის, ესაა ელექტრონული მედია, ინტერნეტი, კომპიუტერი და ტელეფონები.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციის მიხედვით მშობლები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტელეფონებთან და ნაკლებ დროს უთმობენ შვილებთან თამაშს, არასასურველ გავლენას ახდენენ ბავშვის დასწავლის უნარის განვითარებაზე.

პედიატრები ხაზგასმით აღნიშნავენ თამაშის როლს ბავშვის თავის ტვინის განვითარებაში.
იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ბავშის განვითარებას, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც თქვენ შვილთან გატარებულ დროს უფრო სასიამოვნოსა და სასარგებლოს გახდის:

1. თამაში
ერთად ითამაშეთ ტრადიციული ინტერაქციული თამაშები: „ჭიტა“, „პასკა-პასკა გამოცხვი“, „ზილინა“, „აფრინდა-აფრინდა“, „წეროები“, „ბოლია-ბოლია“ და ა.შ. ასეთი თამაშები ხელს უწყობს სოციალური ინტერაქციისა და მეტყველების გაუმჯობესებას, ასწავლის ბავშვს რიგის დაცვას და აძლიერებს მშობელსა და შვილს შორის კავშირს.

2. გაზიარებული ყურადღება
როდესაც ორი ადამიანი ერთსადაიმავე დროს ფოკუსირდება ერთსადაიმავე ობიექტზე ამას გაზიარებული ყურადღება ეწოდება. ეს კომუნიკაციისა და სოციალური ინტერაქციის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი უნარია, რომლის საშუალებითაც ბავშვი ხვდება, რომ თქვენ გაინტერესებთ რას აკეთებს ან რა მოსწონს თავად ბავშვს.
როდესაც მშობლები ტელეფონებში არიან ჩართულები ვერ ახერხებენ ასეთ დეტალებზე კონცენტრირებას.
იპოვეთ საერთო ინტერესის ობიექტი, დააკვირდით და გაუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები. მაგალითად, ერთად უყურეთ რას აკეთებს ძაღლი პარკში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო კომუნიკაციისა და ენის განვითარებისთვის, ასევე სოციალური უნარებისთვისაც.

3. ესაუბრეთ ბავშვს
სეირნობისას უთხარით მას ასეთი ფრაზები: „შეხედე ამ დიდ ღრუბლებს“, ან „ხელი მოკიდე ამ ბალახს, ნახე, ის ჯერ კიდევ სველია გუშინდელი წვიმის შემდეგ“. ბავშვებს უყვართ აღმოჩენები და აქვთ უამრავი კითხვა მშობლებთან.
ეცადეთ ყოველთვის უპასუხოთ მათ კითხვებს, რადგან სწორედ ასეთი ინტერესი იწვევს ბავშვის ზოგადი ცოდისა და ლექიკური მარაგის გამრავალფეროვნებას. განსაკუთრებით კარგია ბუნებასთან კონტაქტი. ლაშქრობებისა და სოფლად ყოფნის დროს ბავშვი გამოცდილებას იძენს, ახალ და საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს და პირდაპირი კონტაქტი აქვს ბუნებასთან.

4. ფიზიკური აქტივობა
ეთამაშეთ ბავშს სხვადასხვა მოქმედების შემცველი თამაშები: დაჭერობანა, დამალობანა, გაშეშობანა, კლასობანა, ასკინკილა და ა.შ.

შვილებთან თამაშითა და მათ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებზე კონცენტრირებით, მშობლებს ეძლევათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინონ ბავშვის ემოციურ და შემეცნებით განვითარებაზე.

ტელეფონებთან ნაკლები დროის გატარების შემთხვევაში, მეტი დრო დაგრჩებათ შვილებთან სათამაშოდ, რაც დადებითად აისახება ბავშის განვითარებაზე.

გამოიყენეთ ეს უნიკალური დრო და გაერთეთ ბავშვთან ერთად!

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა/ფსიქოლოგმა ქეთი კირცხალიამ.