ძილის დარღვევები ბავშვებში

ძილის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა, რითაც მშობლები მიმართავენ ექიმს. ის აქვს ბავშვების 25%-ს. მშობლებს აინტერესებთ, რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, სადაც მითითებულია ძილის ხანგრძლივობის ასაკობრივი ნორმები.
ძილის ხანგრძლივობა ჩვილობიდან მოზარდობამდე ნელ-ნელა, ეტაპობრივად მცირდება. ნებისმიერი მიზეზი, რომელიც გამოიწვევს ძილის ნორმალური ხანგრძლივობის შემცირებას, მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას და კვლევას.
ცხრილში მოცემული საათები მხოლოდ ზოგადი ნორმის ამსახველი ციფრებია და ყველა შემთხვევაში არ გამოდგება. მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ ბავშვის ქცევას მისი სიფხიზლის პერიოდში, რაც ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი იქნება, რამდენად ყოფნის ბავშვს ძილის ის ხანგრძლივობა, რაც მისთვის ჩვეულია დღე-ღამის განმავლობაში.
ბავშვის დღის განმავლობაში ქცევაზე დაკვირვების შემდეგ უპასუხეთ შეკითხვებზე:
– ყოველთვის ეძინება თქვენ ბავშვს მანქანით მგზავრობისას?
– ყოველ დილას თქვენ გიწევთ ბავშვის გაღვიძება?
– გამოიყურება თქვენი ბავშვი დაღლილად, გაღიზიანებულად, აგრესიულად და მოუსვენრად დღის განმავლობაში?
– არის დღეები, როდესაც თქვენი ბავშვი ჩვეულზე უფრო ადრიანად იძინებს?
თუ რომელიმე აქ ჩამოთვლილ შეკითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აქვს ძილის დეპრივაცია (არ ყოფნის ძილი). დეპრივირებული ძილის მქონე ბავშვებს მეტად უჭირთ საკუთარი ემოციების და ქცევის მართვა, აქვთ ყურადღების და დასწავლის პრობლემები.

რატომ არ ძინავს თქვენ შვილს საკმარისად?
შესაძლებელია ეს რამოდენიმე მიზეზით აიხსნას:
– ძალიან პატარა ბავშვებს ხშირად ეშინიათ ღამით მარტო დარჩენის,
– ძალიან ბევრ ბავშვს ეშინია სიბნელის,
– ხშირი მიზეზი ისეთი ცუდი ჩვევაა, როგორიცაა დღის განმავლობაში ჩათვლემა,
– ხშირია ჭირვეულობა „არ მეძინება“, როდესაც ბავშვი გადაღლის ფონზე გაღიზიანებადია, აგრესიული და მოუსვენარი.

ქვემოთ განხილულია პარასომნიების (ძილის დარღვევის) ყველაზე ხშირი ტიპები.

ბრუქსიზმი
ბრუქსიზმი ანუ „კბილების კრაჭუნი“ საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვითაა გამოწვეული და თითქმის ყოველი მესამე ბავშვს აქვს. ბრუქსიზმის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის ცვეთა, თუკი დროულად არ მოხდა ზომების მიღება. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია, მეცნიერულად არ დასტურდება. თვლიან, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ხდება არასწორი თანკბილვის გამო. ბრუქსიზმი მანამდე გრძელდება, სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში. უმრავლეს შემთხვევაში ღამით კბილების კრაჭუნი ჯანმრთელობას არ ვნებს და უკვალოდ გაივლის. თუკი ბავშვს ბრუქსიზმის გამო უზიანდება კბილის მინანქარი, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას კბილის სპეციალური დამცავები. ასევე რეკომენდებულია ბავშვებმა ძილის წინ „დაღალონ” საღეჭი კუნთები, მიირთვან მაგარი საკვები. დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც საღეჭ კუნთებზე თავსდება ძილის წინ.

ღამის შიშები
ღამის შიშები ასაკდამოკიდებული პრობლემაა. ბავშვებს აქვთ მათთვის საშიში სიზმრები, რომლებიც როგორც წესი, მათ ყოველთვის ახსოვთ და საჭიროებენ დამშვიდებას, იმისათვის რომ ძილი შეიბრუნონ.
ღამის შიშები შიძლება გამოვლინდეს დაძინების წინ ტირილით ან მშობლის საწოლში დაძინების მოთხოვნით. ასევე, დაწოლის შემდეგ მათ შეიძლება ბევრჯერ მოუხმონ მშობლებს სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების მომიზეზებით. ღამის შიშებით გამოწვეული ძილის დარღვევის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:
– დააძინეთ თქვენი პატარა განათებულ ოთახში;
– წაუხალისეთ ძილი რბილი სათამაშოებით, რომ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი;
– დატოვეთ საძინებლის კარი ღია, რომ გარიყულად არ გრძნობდეს თავს;
– მოარიდეთ ბავშვი ძილის წინ ტელევიზორს, შეუზღუდეთ კომპიუტერით თამაში;
– დღის განმავლობაში ხშირად ესაუბრეთ თავის შიშებზე;
– ასწავლეთ წარმოსახვითი საშიში არსებების დამარცხების ხერხი;
– გაამხნევეთ და დაამშვიდეთ, ხშირად გაუმეორეთ, რომ მის გვერდში ხართ და საფრთხე არ ემუქრება.
– შეეცადეთ პრობლემას და შიშს კი არ გაექცეს, არამედ გადალახოს ის.
– უმჯობესია დაექვემდებაროთ ბავშვის თხოვნას და შეხვიდეთ მის ოთახში, ვიდრე წაიყვანოთ თქვენს საძინებელში და დააწვინოთ თქვენს საწოლში.

ღამის ტერორი
ღამის ტერორი ხშირი მოვლენაა 4-12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩაძინებიდან 1-2 საათში ბავშვი იწყებს ყვირილს, ვერ აკონტროლებს თავს, ვერ ფხიზლდება, ვერ ცნობს გარშემომყოფებს, უჭირს ადეკვატური კომუნიკაცია. ასეთ დროს უმჯობესია არ ეცადოთ ბავშვის გამოფხიზლებას, უბრალოდ დაჯექით მის გვერდით და დაელოდეთ, როდის გადაივლის ეს ეპიზოდი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5 წუთი. როგორც წესი, მეორე დღეს ბავშვებს აღარაფერი ახსოვთ.

ღამით სიარული (სომნამბულიზმი)
სომნამბულიზმი ღამის ტერორის მსგავსია, თუმცა შიშის ნაცვლად ბავშვი დგება და იწყებს სიარულს. ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა: დაკეტილი დატოვეთ კარი და ფანჯრები, თავიდან აირიდეთ ჩამოვარდნის ან სხვა საფრთხე.

ღამით ხშირი გამოღვიძებები
პარასომნიების გარდა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია ღამით გამოღვიძებები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ის ჩვეულებრივი მოვლენაა და აბსოლუტურად ტიპურია. ახალშობილები, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, იღვიძებენ უფრო ხშირად, ვიდრე ხელოვნურ საკვებზე მყოფნი, რადაგან დედის რძე გაცილებით ადვილი მოსანელებელია, ამიტომაც მათ შიმშილის შეგრძნება შედარებით მალე აღვიძებთ. 6 თვიდან ეს პროცესი 6-8 საათიან შუალედებამდე იზრდება. იმისათვის, რომ ბავშვს დაეხმაროთ ძილის შებრუნებაში, მნიშვნელოვანია დაუყვავოთ, ფიზიკურად აგრძნობინოთ, რომ იქვე ხართ, მაგრამ არ აყვეთ თამაშში. ღამის განმავლობაში ბავშვის ცუდი ძილის მიზეზი შეიძლება იყოს: დღენაკლულობა, ბუნებრივი კვება, ღამით საკვების მიცემა (4-6 თვემდე ბავშვები საჭიროებენ კვებას ღამით, რადგან აღვიძებთ შიმშილის შეგრძნება. 6 თვის შემდეგ ბავშვს შეუძლია გაძლოს მთელი ღამე კვების გარეშე. არასწორი მართვის პირობებში, ძილის შესაბრუნებლად შეიძლება ღამით კვების ჩვევა ჩამოუყალიბოს არაგათვითცნობიერებულმა მშობელმა), მშობლის საწოლში ძილი, სტრესული გარემო ოჯახში, დედის დეპრესია, განშორებით გამოწვეული შფოთვა, არაკომფორტული ღამის საცვლები, უხეში ლოგინის თეთრეული, საკვებით გამოწვეული ალერგია, კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ტკივილი (ყურის, მუცლის შებერილობის ან კბილების ამოჭრის), საშარდე გზების ინფექციებია და სხვა.
მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად ახერხებს ბავშვი ძილის შებრუნებას. ამ პროცესს კი განსაზღვრავს ჩაძინებასთან დაკავშირებული ასოციაციები, როგორიცაა რწევა, კვება, თითის წოვა.
თუ გინდათ ჩაძინების პროცესს ბავშვი დამოუკიდებლად შეაჩვიოთ, უნდა წაუხალისოთ ისეთი ასოციაციები, რომლებიც უფროსების ნაკლებ ჩართულობას საჭიროებს. როდესაც ბავშვს ჩააწვენთ ლოგინში, შესაძლოა იგი არწიოთ ან კვებოთ, მაგრამ მხოლოდ ჩაძინებამდე უნდა მიიყვანოთ მსგავსი საშუალებებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინების პროცესში მიეცით საშუალება, რომ თვითონ მოახერხოს ეს, თქვენგან დამოუკიდებლად. ჩააწვინეთ ლოგინში მანამდე, სანამ ჯერ კიდევ არ ძინავს, რომ თქვენი დახმარების გარეშე დაიძინოს. რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებთან ასეთი ზოგადი რეკომენდაციები საკმარისი არ არის და ინდივიდუალურად შერჩეულ ხერხს უნდა მიმართოთ.
განშორებით გამოწვეული შფოთვა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ღამით ტირილის და გამოღვიძებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. 8-9 თვისთვის ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ მშობელი მუდმივად არსებობს, მაშინაც კი თუ ის მას ვერ ხედავს. მიუხედავად ამისა 3-4 წლამდე მშობელთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ამაში ადვილად დარწმუნდებით როცა ნახავთ, რომ თქვენი ხმის გაგონება, დაყვავება და შეხება საკმარისია მის დასამშვიდებლად. შედარებით მოზრდილ ასაკში რეკომენდებულია თქვენი საწოლის გვერდით იატაკზე დადოთ დამატებითი მატრასი, რომ პატარას შეეძლოს თქვენს გვერდით ძილი ისე, რომ უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.
რეკომენდებულია 1 წლისა და 4 თვისთვის ბავშვს შეთავაზოთ საყვარელი ზეწარი, თოჯინა ან სათამაშო ცხოველი, განშორებით გამოწვეული შფოთვის თავიდან ასაცილებლად.
როცა ბავშვი ტირის, ცოტა ხნით მოითმინეთ, საშუალება მიეცით, რომ თვითონ შეიბრუნოს ძილი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ თვითონ მშობლებს უვითარდებათ განშორებასთან დაკავშირებული სირთულეები, ჰიპერმზრუნველები ხდებიან და არ აძლევენ ბავშვს საშუალებას გამოიმუშავოს დამოუკიდებლად ძილის უნარი.

რა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც ბავშვი უარს ამბობს დაძინებაზე და ოჯახში პრობლემაა მისი დასაძინებლად წაყვანა?
ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. თვითდამკვიდრების სურვილი 9 თვიდან იწყება და 2 წლისთვის პიკს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ბავშვს მივცეთ შეზღუდული არჩევანი ძილის აქტივობების და ძილისწინა რუტინის წესებთან დაკავშირებით. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ მივაჩვიოთ ძილის რუტინას.
თუ დასაძინებლად წასვლის წინააღმდეგობას შედარებით მოზრდილი ბავშვი გიწევთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებაა როდის ჩააწვენთ მას ლოგინში, მაგრამ ბავშვის ნებაა როდის დაიძინებს. ამიტომ:
– ჩააწვინე ბავშვი ლოგინში მხოლოდ ძილის წინა რუტინული პროცედურების გავლის შემდეგ, მისი ძილისთვის შედარებით ოპტიმალურ დროს;
– მნიშვნელოვანია ყოველთვის დაიცვათ ერთიდაიგივე წესები: არ დართოთ ნება, ადგეს ლოგინიდან დასაძინებლად დაწოლის შემდეგ;
– არ მისცეთ საკვები, როგორც არ უნდა მოითხოვდეს;
– დააკვირდით, თუ ბავშვს დიდხანს უჭირს ჩაძინება, ეს ნიშნავს, რომ არ არის შერჩეული დაძინების ოპტიმალური დრო;
– თუ იძინებს გვიან და დილასაც გვიან იღვიძებს, დაგეგმეთ დილაობით ჩვეულ დროსთან შედარებით 10-30 წუთით ადრე გაღვიძება, სანამ ღამით ჩაძინების ოპტიმალურ დროს არ მიაღწევთ;
– მნიშვნელოვანია ბავშვმა ზუსტად იცოდეს ძილის წინა აქტივობების და რუტინის შესახებ. ეს დაეხმარება მას მეტად ემორჩილებოდეს დადგენილ წესებს.

 

მოამზადა მედა ზირაქაშვილმა.