ძილის დარღვევები აუტიზმის მქონე ბავშვებში – ქცევითი თერაპევტის რჩევები

📌ძილის დარღვევა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებშიც ხშირად ვხვდებით ძილისა და მისი მოგვარების სირთულეები. მათ შორისაა:
• ძილისა და ღვიძილის არარეგულარული რეჟიმი, მაგ.: ბავშვი ფხიზლადაა ძალიან გვიანობამდე ან იღვიძებს ადრე.
• ძინავს ბევრად ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელია მის ასაკში, ან ღამის განმავლობაში ერთ საათზე მეტ ხანს არის ფხიზლად.
• ღამით დგება ან თამაშობს თავის საყვარელ აქტივობას ერთი ან მეტი საათის განმავლობაში.
📌აუტიზმის მქონე ბავშვების ძილის პრობლემები ზოგჯერ დაკავშირებულია:
• ძილისწინა ჩვევებთან;
• დღის ჩვევებთან.
📌ასევე, შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს: შფოთვა, ბიოლოგიური მიზეზი, ღამის შიშები და კოშმარები, მოუსვენარი ძილი, ხვრინვა, სოციალური კომუნიკაციის სირთულეები.
📌ძილისწინა ჩვევები – ძილის ზოგიერთი პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რას აკეთებენ ბავშვები ძილის წინ და როდის მიდიან დასაძინებლად. ასევე მნიშვნელოვანია: რა დროს იძინებენ და სად იძინებენ. მაგ.:
• თუ ბავშვი ძილის წინ აღელვებულია და ხმაურიანი აქტივობებით ერთობა, მისთვის უფრო რთული იქნება დამშვიდება და ძილისთვის მზაობა.
• თუ ბავშვი, ყოველ საღამოს, ძილის წინ განსხვავებულად იქცევა, მან შეიძლება ვერ მიიღოს პროგნოზირებადი მინიშნებები იმის შესახებ, რომ ძილის დროა. აჯობებს ჩაატაროთ ძილისწინა სარელაქსაციო რუტინა, მაგ.: ზღაპრის წაკითხვის ან თბილი შხაპის მიღების სახით.
• თუ ბავშვი თავისი საწოლის გარდა სხვა ადგილას იძინებს, მაგ.: მოსასვენებელ ოთახში, მას შეიძლება გაუჭირდეს საკუთარ საწოლში ჩაძინება.
• თუ ბავშვის ძილის გარემო არის ძალიან ცხელი, ძალიან ცივი, ნათელი ან ხმაურიანი, ამან შეიძლება გაართულოს დაძინება. ასეთი გარემო შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს სენსორული პრობლემების მქონე ბავშვებისთვის.
📌დღის ჩვევები – ძილის ზოგიერთი პრობლემა გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა არაჯანსაღი კვების ჩვევები და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა დღის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემები ცხოვრების წესში რამდენიმე მარტივი ცვლილების შეტანით:
• ბავშვთან ერთად დაკავდით ფიზიკური აქტივობით – მიზნად დაისახეთ დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში, მათ შორის, მინიმუმ ერთი საათით ისეთი ენერგიული თამაში, როგორიცაა სირბილი და ხტუნვა;
• ბავშვს ნუ ავახშმებთ გვიან, რადგან საკვებით მიღებული ენერგიის მოზღვავება გაართულებს ჩაძინებას;
• ნუ მისცემთ პატარას კოფეინის შემცველ სასმელს (მაგ. ჩაის);
• მოერიდეთ ხანგრძლივ და გვიან დღის ძილს ხუთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
📌შფოთვა – აუტიზმის მქონე ბავშვებს, რომლებიც განიცდიან შფოთვას, ხშირად უჭირთ დაძინება. უმჯობესია ძილის წინ თავი აარიდოთ ისეთ საკითხებზე საუბარს, რამაც შესაძლოა თქვენი შვილი შეაშფოთოს. ამის ნაცვლად, შეეცადეთ დღის განმავლობაში ისაუბროთ თქვენს შვილთან ასეთ თემებზე.
📌მოუწესრიგებელი ტუალეტის ჩვევა – აუტიზმის მქონე ბავშვებში გვიან ყალიბდება ტუალეტის ჩვევა. ამის გამო, ბავშვმა შესაძლოა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაიღვიძოს და შემდეგ არ დაბრუნდეს საწოლში. სპეციალისტის დახმარებით იზრუნეთ ბავშვის ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე.
📌ბიოლოგიური პრობლემები – ძილის პრობლემებს შესაძლოა ბიოლოგიური მიზეზი ჰქონდეს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონ მელატონინთან, რომელიც ჩვეულებრივ ეხმარება ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებას. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ზოგიერთი ბავშვი არ გამოყოფს მელატონინს დღე–ღამის განმავლობაში სწორად. მათ აქვთ მელატონინის მაღალი დონე დღის განმავლობაში და დაბალი დონე ღამით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის კონსულტაცია.
📌ღამის შიშები და კოშმარები – ძილის ზოგიერთი ქცევა შეიძლება პრობლემად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად ის დამახასიათებელია ყველა ბავშვისთვის. ეს შეიძლება იყოს ღამის შიშები, როდესაც ბავშვი ღრმა ძილის დროს იღვიძებს აჟიტირებული. ე.წ. ღამის კოშმარების შემთხვევაში კი ბავშვი ხედავს ცუდ სიზმრებს, ეღვიძება შეშინებულს და უჭირს ჩაძინება. ორივე შემთხვევა ნორმალურია 2–იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
📌სოციალური კომუნიკაციის პრობლემები – ზოგიერთი ძილის პრობლემა გამოწვეულია სოციალური კომუნიკაციის პრობლემებით. მაგ.: ბავშვს შეიძლება გაეღვიძოს იმის გამო, რომ რაიმე სჭირდება, მაგრამ ამას ვერ ითხოვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარებზე მუშაობა.
📌თუ გიჭირთ იმის გარკვევა, რატომ აქვს თქვენს შვილს ძილის პრობლემები, შექმენით ძილის დღიური. ძილის დღიური შეიძლება გამოყენებულ იქნას ძილის ნებისმიერი იმ ფაქტორის დასადგენად, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენი შვილის ძილზე. გამოიყენეთ სხვადასხვა სტრატეგია და დღიურის დახმარებით თვალყური ადევნეთ რამდენად ეფექტურია ისინი.
ჯანმრთელობას და მშვიდ ძილს გისურვებთ! ❤
📚მასალა თქვენთვის მოამზადა ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა ეკატერინე ბალანჩივაძემ.