შფოთვითი აშლილობის პრევენცია

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მონაცემებით მოზრდილთა დაახლოებით 18%-ს აქვს შფოთვითი აშლილობა. ამავდროულად ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ შფოთვითი აშლილობის მქონე მშობლები, მეტად არიან მიდრეკილნი, რომ განუვითარდეთ შფოთვითი აშლილობა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ უკვე არსებული დარღვევის მკურნალობა, არამედ შფოთვითი აშლილობის განვითარების პრევენცია მაღალი რისკის შემთხვევაში.

მკვლევარების აზრით, ყველა ადამიანს და მათ შორის ბავშვებსაც გამოცდილი აქვთ შფოთვა, რაც ხშირად გარემო მოვლენებზე საპასუხო ნორმალური რეაქციაა, თუმცა როცა შფოთვა და შიში გადაჭარბებულია, ეს იწვევს პრობლემებს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვების 10%-ს აქვს ინტენსიური შიში და გადაჭარბებული მღელვარება. ბავშვთა ასაკში შფოთვის გამოვლენა შესაძლებელია ფიზიკური სიმპტომებით მოხდეს და ბავშვი უჩიოდეს თავის ან მუცლის ტკივილს. ასევე, შეიძლება ჰქონდეს პანიკური შეტევები, სხვადასხვა ფობიები ან გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა.

მკვლევარების აზრით, მაღალი დონის შფოთვის მქონე მშობელი შვილისთვის ხდება ქცევის მოდელი. ის ბავშვის მიმართ ჰიპერმზრუნველობას იჩენს ან გადაჭარბებულად აკონტროლებს, რაც იწვევს შფოთვის დონის გაზრდას ბავშვებში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევამ შეისწავლა ოჯახზე დაფუძნებული ინტერვენციის ზეგავლენა შფოთვითი აშლილობის განვითარების მაღალი რისკის მქონე ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ ინტერვენციის შედეგად შფოთვის სიმპტომების გამოვლენის სიხშირემ იკლო.

მკვლევარები ერთი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ საკონტროლო (ინტერვენციის გარეშე) და სამიზნე (ინტერვენციის) ჯგუფს. აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები,რომლებიც იყვნენ საკონტროლო ჯგუფში, იყვნენ 6-ჯერ უფრო მეტად მიდრეკილნი შფოთვის ჩამოყალიბებისკენ, ვიდრე ბავშვები, რომლებსაც უტარდებოდათ ინტერვენცია.

ინტერვენცია მოიცავდა რვა კვირიან კოგნიტურ-ბიჰევიორულ ოჯახურ თერაპიას, რაც გულისხმობდა გამკლავებისა და ხელშეწყობის უნარების გაძლიერებას („Coping and Promoting strength”). მონაწილეებს კვირაში ერთხელ უტარდებოდათ თერაპიული სესია. პირველ ორ სესიაზე თერაპევტი ხვდებოდა მშობლებს ბავშვების გარეშე და შემდეგ სესიებზე ხვდებოდა მთელ ოჯახს. თერაპევტები მუშაობდნენ მშობლისა და ბავშვის პრობლემის გადაჭრის უნარის გაუმჯობესებაზე. ასევე ასწავლიდნენ, თუ როგორ ამოეცნოთ და შეესუსტებინათ შფოთვის ნიშნები. მშობლებს ასწავლიდნენ ეფექტური აღზრდის სტრატეგიებს, მაგალითად, შვილის დამოუკიდებლობის ხელშეწყობას და ა.შ.

საბოლოოდ, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშობლის არასასურველ ქცევებზე მუშაობა (მაგ.: მშობლის მხრიდან შფოთვითი ქცევის მოდელირებაზე მუშაობა) ამცირებს მშობლების საერთო დისტრესის მაჩვენებელს, რაც თავის მხრივ ამცირებს ბავშვის შფოთვის სიმპტომებს.

ასეთი პროგრამა იმედს იძლევა, რომ შესაძლებელია იმ ბავშვების წარმატებული დახმარება, რომლებიც არიან შფოთვის განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში. მსგავსმა კვლევებმა დეპრესიის დროსაც გვაჩვენა იგივე შედეგი (დეპრესიის პრევენცია ბავშვებში, რომლებსაც ჰყავთ დეპრესის მქონე მშობლები).

მოცემული კვლევა იძლევა შესაძლებლობას ვიმოქმედოთ პროაქტიულად და ადრეულ ეტაპზევე მივიღოთ ზომები იმ ბავშვებთან, რომლებიც შფოთვის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ჟღენტმა.