ვაგრძელებთ სტატიების ციკლს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესახებ. ამჯერად ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ მოგიმზადათ მასალა ამ სინდრომის მართვის შესახებ მოზარდებში (12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში) .

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოზარდის თერაპიული დახმარება

ყურადღებისა დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ქრონიკული მდგომარეობაა და მოზარდობის ასაკში მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აყენებს მოზარდს და მის ოჯახს. მოზარდობის ასაკი განვითარების თვალსაზრისით ისედაც რთული პერიოდია ოჯახებისათვის. ამ ასაკში უამრავი ფიზიოლოგიური, კოგნიტური, ქცევითი და ემოციური ცვლილებები ხდება. სირთულეები კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისათვის.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისათვის დამახასიათებელი აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტი ხელს უშლის მოზარდის ოპტიმალური განვითარებისათვის აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას, რის შედეგადაც ამ სინდრომის მქონე მოზარდებს აწუხებთ უსიამოვნო კონფლიქტები, აკადემიური წარუმატებლობა, სოციალურ იზოლაცია, დეპრესიულ გუნება-განწყობა და დაბალი თვითშეფასება. ეს სირთულეები აქვეითებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე მოზარდის ცხოვრების ხარისხს. ხშირია კონფლიქტები მშობლებთან, რაც მოზარდის დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილის გამოძახილია.

ფსიქოთერაპიული დახმარება ამ ასაკობრივ ჯგუფში გულისხმობს როგორც მოზარდთან, ასევე მშობლებთან შეხვედრებს. ეს შეხვედრები თერაპიულია და იმგვარადაა ორგანიზებული, რომ შეხვედრების ნაწილი ეთმობა მოზარდს, ნაწილი კი – მშობლებთან ურთიერთობას.

თერაპიული მხარდაჭერის მიზანია დაეხმაროს მოზარდს, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად. სპეციალისტის დახმარებით მოზარდი ეცნობა და იგებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის თავისებურებებს, განიხილავს და აცნობიერებს თუ როგორ აზიანებს ეს მდგომარეობა მოზარდის ცხოვრების ხარისხს. მნიშვნელოვანია, მოზარდმა იგრძნოს, რომ მას მოუსმინეს და გაუგეს, მისი მოსაზრებები სერიოზულად იქნა აღქმული, რადგან წარსულში შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გამოცდილება. თერაპიის პროცესში ხდება მოზარდის არასწორი მოსაზრებების და რწმენების მოდიფიცირება. ასევე, მოზარდის დახმარება, ისწავლოს ამ სინდრომით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება, რაც საბოლოო ჯამში ეხმარება მას ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.

მშობლების თერაპიული მხარდაჭერა გულისხმობს ეფექტური აღზრდის მეთოდების სწავლებას და მათი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. მშობლებთან ფსიქოთერაპიული შეხვედრების მიზანია ოჯახის ფსიქოგანათლება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ, მშობლების რეალისტური რწმენების და მოლოდინების ფორმირების ხელშეწყობა, მოზარდსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და იმ სირთულეების გადაჭრის გზების მოძიება, რის წინაშეც მოზარდი ამ დიაგნოზიდან გამომდინარე აღმოჩნდა.

თერაპიის პროცესში მიღებული ფსიქოგანათლება, აღზრდის პოზიტიური მეთოდების დანერგვა ოჯახში, მშობლებსა და მოზარდს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოზარდთან ურთიერთობის პროცესში მშობლის მხრიდან თანმიმდევრული მიდგომა და მოზარდის მოლოდინების მოდიფიკაცია, აუმჯობესებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე მოზარდის და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხს, ეხმარება მათ სირთულეებთან გამკლავებაში და ქმნის მოზარდის ჯანსაღი განვითარების ოპტიმალურ პირობებს.

თუ თქვენი ბავშვს უკვე დაესვა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი ან ეჭვობთ ამ დიაგნოზს, მოგვმართეთ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მულტიდისციპლინური გუნდი დაგეხმარებათ დიაგნოსტიკასა და თერაპიაში.

მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მულტიდისციპლინური გუნდის ფსიქოლოგმა: ბესო ჭიღვარიამ.