ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან და გრძელდება მოზარდობისა და შემდგომ პერიოდშიც.ამ დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ავლენს ჰიპერაქტიულობას, მკვეთრად იმპულსურია.

რა იწვევს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს?კონკრეტული ეტიოლოგიური ფაქტორი არ არის გამოყოფილი.სავარაუდოდ გარკვეული გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია.რისკ ფაქტორებად გამოყოფენ: თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას ორსულობის განმავლობაში დედის მხრიდან,გართულებებს მშობიარობისას, ან როდესაც ძალიან მცირე წონისაა ახალშობილი.

რა ნიშნებით ვლინდება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი?

  • მალე კარგავს ინტერესს და ადვილად გადართვადია ერთი საგნიდან ან აქტივობიდან მეორეზე,
  • გულმავიწყია და საჭიროებს შეხსენებას,
  • მარტივად ეფანტება ყურადღება უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი,
  • უჭირს მითითებების და დავალების შესრულება;
  • უჭირს დაწყებული საქმის, საშინაო დავალების ან სახლის სამუშაოს ბოლომდე მიყვანა;
  • ხშირად ეკარგება ნივთები: სათამაშოები , წიგნები, საკლასო ნივთები;
  • ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, აქნევს ხელ- ფეხს, „ცქმუტავს“;
  • ლაპარაკობს გაუჩერებლად , უხეშად იჭრება სხვის საუბარში და აწყვეტინებს სიტყვას;
  • მიედ- მოედება ყველაფერს რაც მის გარშემოა;
  • ძალიან მოუსვენარია, უჭირს ლოდინი, ვერ იცდის;
  • წამოისვრის შეუსაბამო კომენტარებს;
  • უჭირს საკუთარი ემოციების გაკონტროლება.

ამ ნიშნებიდან გამომდინარე ბავშვებს სირთულეები ექმნებათ, როგორც აკადემიური მოსწრების, ასევე თანატოლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელს და პედაგოგს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ პროლემის ირგვლივ, იცოდნენ, რომ ბავშვისთვის სტრუქტურირებული გარემოს შექმნით , სოციალური უნარ- ჩვევების სწავლებით , მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად აირიდონ თავიდან დიაგნოზთან დაკავშირებული გართულებები და შეცვალონ ბავშვების გამოსავალი უკეთესობისკენ.