ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ენისა და მეტყველების დარღვევების შესახებ

1. ენისა და მეტყველების რა სახის დარღვევები გვხვდება ბავშვებში ?
– ბავშვებში ენისა და მეტყველების დარღვევებმა შეიძლება იმოქმედოს მათი საუბრის მანერაზე (ლაპარაკზე), გაგების უნარზე, მიღებული ინფორმაციის ანალიზზე და გადამუშავებაზე. გამოყოფენ 4 ძირითად სფეროს რომელშიც ხშირია დარღვევა:
• არტიკულაციის დარღვევა – მეტყველების დარღვევა, როდესაც ბავშვი ბგერებს წარმოთქვამს არასწორად (მაგ: ჩლიფინი, „რ“ და“ლ“ ბგერების არასწორი გამოთქმა).
• მეტყველების დინების დარღვევა – მეტყველების დარღვევა, როდესაც ბავშვის მეტყველება ხასიათდება მარცვლების ან ბგერების გამეორებით, მათი გაწელვით, მეტყველების შეჩერებით, გარკვეული ბგერების ან მარცვლების წარმოთქმისგან თავის შეკავებით, სუნთქვის არასწორი ტემპით (მაგ: ენაბორძიკი, სულმოუთქმელი მეტყველება ).
• ხმის დარღვევა – მეტყველების დარღვევა, როდესაც ბავშვის ხმას აქვს უჩვეულო ინტონაცია, სიმაღლე, ტამბრი.
• ენის დარღვევა – ბავშვს უჭირს გაიგოს, რასაც ეუბნებიან სხვები, ან უჭირს საკუთარი სურვილების და აზრების გამოხატვა, ინფორმაციის გადმოცემა. ენის დარღვევები ასევე მოიცავს სირთულეებს სხვა ადამიანთან დიალოგის წარმართვაში, სხვისი გადმოცემული ინფორმაციის გაგებაში, პრობლემის გადაჭრაში, აზრების ვერბალურად გადმოცემაში, ასევე წერა-კითხვაში.

2. როდის უნდა მივმართო ენისა და მეტყველების თერაპევტს?
– როდესაც თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენ შვილს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, ან თქვენი აზრით მისი მეტყველება არ ჰგავს თანატოლებისას, ან აქვს კომუნიკაციის სხვა პრობლემა, ნუ დაელოდებით წლების გასვლას და წინასასკოლო ასაკს. ყოველთვის უმჯობესია პრობლემაზე მუშაობის დროულად დაწყება. თუ სპეციალისტები ვერაფერს აღმოაჩენენ, მშვიდად შეძლებთ სკოლისთვის მომზადებას. ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, ზოგი ადრე ითვისებს ამათუ იმ უნარს, ზოგიც გვიან, მაგრამ მშობლის თვალი ყოველთვის ამჩნევს პატარა ცვლილებას, როგორც წინსვლას, ასევე განვითარების შეფერხებას. ამიტომ ყოველთვის სჯობს გადაამოწმოთ ინფორმაცია, ვიდრე დააგვიანოთ პრობლემის აღმოჩენა.

3. რამდენი ხანი გრძელდება ენისა და მეტყველების თერაპია?
– ენისა და მეტყველების თერაპია დამოკიდებულია დარღვევის სპეციფიკაზე და მის სირთულეზე. ასევე, ბავშვის მზაობაზე, ოჯახის ჩართულობაზე, ბავშვის კომუნიკაციის უნარზე. მაშინ როდესაც ბგერების გამოსწორება ზოგ ბავშვთან შეიძლება ერთი თვეშიც დასრულდეს, ზოგიერთი თერაპია თვეები ან წლებიც გრძელდება.

 

 მასალა მოამზადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა – ანკა შამათავამ.