ქცევის პრობლემები სკოლამდელ ასაკში

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ხშირია სხვადასხვა სახის ქცევითი პრობლემები, რომელიც შესაძლოა დამახასიათებელი იყოს განითარების ამა თუ იმ ეტაპისათვის და კავშირში იყოს სხვადასხვა უნარების დეფიციტთან.

ეს პრობლემები, შესაძლებელია გარკვეულ გართულებას იწვევდეს ბავშვისა და ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა კლინიკურ სირთულედ არ ითვლება თუ განვითარებისათვის დამახასიათებელი, ასაკის შესაბამისია და ბავშვისათვის ზიანის მომტანი არ არის.

ასეთი ქცევითი პრობლემების სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ჩვენს რეალობაში ყველაზე ხშირი მომართვიანობა ხდება შემდეგი ჩივილით:

  • ოპოზიციური ქცევა – ტირილი, ყვირილი და წინააღმდეგობრიობა
  • ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბების გადავადება

ოპოზიციური ქცევა ხშირად დაკავშირებულია ბავშვის მხრიდან სასურველის დაუყოვნებლივ მიღებასთან. გამოცდილების ნაკლებობის გამო, ბავშვებს უჭირთ უარი თქვან სასურველზე და ბუნებრივია, რომ მშობლის პირველ „არა“-ს ბავშის მხრიდან ემოციური რეაქცია მოჰყვება. ასეთ დროს თუ მშობელი საკმარისად თანმიმდევრული არ აღმოჩნდება, დანებდება და შვილს დაუკმაყოფილებს მოთხოვნას, მომავალში ბავშვი კვლავ იგივე გზებით ეცდება სასურველის მიღებას, ანუ იტირებს ან იჩხუბებს, რადგან გამოცდილება აქვს, რომ ასე ადვილად აღწევს სასურველს. ამავდროულად ვერ ისწავლის სიტყვების: „არა“ ან „მოიცადე“-ს მნიშვნელობას.

ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე შფოთვა დაკავშირებულია წარუმატებელი მცდელობის არსებობასთან ან მშობლის მოლოდინთან ბავშვმა თავად გამოავლინოს ინიციატივა.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტუალეტისათვის მზაობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და რამოდენიმე უნარის არსებობაზე ბავშის ქცევით რეპერტუარში:

  1. რამდენად შეუძლია ბავშვს დამოუკიდებად გადაადგილება?
  2. შეუძლია თუ არა აკონტროლოს საკუთარი შარდის ბუშტი, ანუ საფენის მოხსნის შემთხვევაში მცირე ხნით თუ ინარჩუნებს სიმშრალეს?
  3. შეუძლია თუ არა მარტივი კომუნიკაციის მეშვეობით მიახვედროს მშობელი, რომ ტუალეტში უნდა?
  4. აქვს თუ არა პინცეტისებრი მოძრაობის გამეორების უნარი?

თუ ზემოთ მოცემული უნარები სახეზეა, მაშინ ბავში მზად არის ტუალეტის უნარზე სამუშაოდ.

ასეთ შემთხვევაში მშობელმა დღის მანძილზე ბავშვს საფენი უნდა მოხსნას და დაიწყოს ამ უნარზე მუშაობა.

იმისათვის, რომ აღმზრდელი გაუმკლავდეს ასაკისათვის დამახასიათებელ ქცევით პრობლემებს, სასურველია ეცნობოდეს სხვადასხვა ლიტერატურას და ერკვეოდეს ბავშვის განვითაების თავისებურებაში.
თუ არსებული პრობლემები ხდება უფრო ინტენსიური, ხშირი, ხანგრძლივი და არასასურველი ქცევა ბავშვის ქცევით რეპერტუარში წამყვან ადგილს იკავებს, ამავდროულად აღმზრდელი გრძნობს, რომ არსებულ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მშობელმა დახმარებისათვს სპეციალისტს მიმართოს.