ფსიქოლოგიური მედეგობა ბავშვებსა და უფროსებში

როგორც იზოლაციის, ისე ჩვეულებრივ პირობებში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მედეგობის შენარჩუნება, რაც სტრესულ სიტუაციებში სირთულეებთან ეფექტურ გამკლავებას გულისხმობს.
რთული ცხოვრებისეული სიტუაციებით გამოწვეული სტრესის მაღალი დონე იწვევს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეძლოს ყოველდღიური სირთულეების გადაჭრა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება.
ფსიქოლოგიური მედეგობა არ წარმოადგენს პიროვნულ ნიშანს, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობში მიჰყვება. მისი მიღწევა შესაძლებელია თუ გვაქვს საკმაო რაოდენობის პოზიტიური ურთიერთობები. ასეთ შემთხვევაში კი ადამიანების უმრავლესობას მარტივად შეუძლია რთული პერიოდების გადალახვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნება.
რა პრატიკული ნაბიჯები უნდა გადადგათ კოვიდ 19-ით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად?
პირველ რიგში განაგრძეთ ის საქმიანობა, რითიც პანდემიამდე იყავით დაკავებული. მნიშვნელოვანია აკეთოთ ის, რასაც თქვენთვის მოაქვს სიმშვიდე, სიხარული და ენერგია. ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, მედიტაცია ან ლოცვა. აუცილებლად გამოყავით დღის გარკვეული მონაკვეთი ამ აქტივობისთვის. საჭიროების შემთხევაში დახმარებისთვის და მოტივაციის ასამაღლებლად მიმართეთ მეგობარს. შესაძლებლობის შემთხევაში სცადეთ ერთად აკეთოთ ეს აქტივობა.
იმ შემთხევაში, თუ სტრესთან გამკლავების არსებული უნარები არ არის საკმარისი, სცადეთ ახალი მიდგომები.
გახსოვდეთ რომ ამ პერიოდში ბევრი ჩვენგანი გრძნობს მოწყენილობასა და შფოთვას. სტრესის ხარისხიც მაღალია, შესაბამისად შესაძლოა სირთულეებთან გამკლავების ჩვეული საშუალებები არ აღმოჩნდეს საკმარისი. შექმენით მაქსიმალურად კომფორტული, დადებითი ემოციებითა და მხარდაჭერით აღსავსე გარემო. კვლევებით დასტურდება, რომ სტესის მიმართ ფსიქოლოგიური მედეგობა დამოკიდებულია ისეთ პიროვნულ ურთიერთობებზე, როგორშიც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ჯანსაღი ურთიერთობები, სადაც სირთულეებთან გამკლავების დროსაც თავს ვგრძნობთ კომფორტულად, ქმნის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ „უსაფრთხოების ბადეს“.
პირველ რიგში ჩამოაყალიბეთ დადებითი ურთიერთობები თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან და მაქსიმალურად შეამცირეთ ამ ურთიერთობების უარყოფითი ნაწილი. იმ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობების შენარჩუნება, რომლებიც გამოხატავენ კეთილგანწყობას, სიყვარულს და გიქმნიან უსაფრთხოების განცდას, შეგმატებთ ძალას, რომ გადალახოთ რთული პერიოდები.
იმისთვის რომ შეიქმნათ მხარდამჭერი გარემო, სასურველია აღადგინოთ ძველი ურთიერთობებიც. მოიკითხეთ სკოლის მეგობარები ან თანამშრომლები, რომლებსაც ენდობით და გსურთ ურთიერთობა. გამოხატეთ თქვენი კეთილგანწყობა და შესაძლოა მათგანაც მიიღოთ ისეთი მადლიერება, რომელსაც არ ელოდით. დიდი ხნის შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ეს შეგიძლიათ იყოთ თქვენ. თუ გიჭირთ დახმარების თხოვნა ან ურთიერთობების განახლება, გაიხსენეთ რომ პანდემიის პერიოდში ყველანი აღელვებულები ვართ. შესაბამისად ნუ შეგიქმნით უხერხულობას თქვენი სირთულეების გამომჟღავნება. ადამიანები ხშირად მადლიერნი არიან, როდესაც მათ ვენდობით და დახმარებისათვის მივმართავთ. უმრავლესობა ჩვენგანს სიამოვნებს როდესაც კომპეტენტურად ან სანდოდ გვთვლიან.
ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობებში ნეგატიური ნაწილის შემცირება. ნეგატიური შინაარსის სიტყვები ან მოქმედება ადამიანზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე პოზიტიური გამოცდილება. მნიშვნელოვანია მინიმუმამდე დაიყვანოთ ბრაზი და ტკივილი, განსაკუთრებით ოჯახურ გარემოში. იზოლაციამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს ძალიან ჯასაღ და შეკრულ ურთიერთობებშიც კი. ეს იმის გამოა, რომ ყველა ადამიანს სირთულეებთან გამკლავების განსხვავებული სტრატეგია აქვს. ზოგიერთ ჩვენთაგანს სურს განმარტოება, სხვებს კი მეტი თავისუფალი სიცრცე ესაჭირეობა. ადამიანთა გარკვეული ნაწილი თავს უკეთ გრძნობს, როდესაც განიხილავს საინფორმაციო სიახლეებს, სხვას კი ამან შეიძლება შფოთვა გაუძლიეროს.
ამის გამო მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რა აძლიერებს თქვენი ახლობელი ადამიანების სტრესის განცდას. თქვენც აუხსენით, რა იწვევს თქვენს შფოთვას. ისაუბრეთ, რით შეგიძლიათ ერთმანეთის დახმარება შფოთვის დროს. მსგავსი საუბრები მაშინაა ეფექტური, როდესაც ადამიანები შედარებით მშვიდად და დასვენებულად გრძნობენ თავს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ურთიერთობა. მოუსმინეთ და სცადეთ გაიგოთ რაზე ფიქრობს ის. ზოგჯერ, უბრალოდ თანაგრძნობით მოსმენაც კი ეფექტურია. მოუძებნეთ მეგობრებთან ურთიერთობების ახალი ფორმები ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს შეიძლება იყოს ვიდეოზარი სკოლის მეგობრებთან, სადაც შეძლებენ თამაშს და სასკოლო დავალებების ერთად შესრულებას. სხვა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად დაგეგმეთ ჯგუფური აქტივობები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ურთიერთობები.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც შეგიძლიათ თქვენი შვილის ფსიქოლოგიური მედეგობის შენარჩუნება, არის ის რომ თქვენ თვითონ იყოთ მხარდაჭერითა და სიყვარულით აღსავსე გარემოში.
გაერთიანდით ისეთ ჯგუფებში, რომლის წევრებსაც მსგავსი სირთულეები აქვთ, სადაც კეთილგანწობით შეგხვდებიან, მოგისმენენ და მხარდაჭერას გამოხატავენ. დაუჭირეთ მხარი სხვას და წაახალისეთ ისინი, რომ აკეთონ იგივე. ფსიქოლოგიური მედეგობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განცდა, რომ ვეხმარებით სხვას და უკეთესობისკენ ვცვლით მის ცხოვრებას. ოჯახთან ერთად მოიფიქრეთ როგორ შეგიძლიათ ერთმანეთის დახმარება. მაგალითად, მოზარდებს სთხოვეთ პატარებს წაუკითხონ სასკოლო მოთხრობები და დაეხმარონ რთული დავალებების შესრულებაში. თქვენ მხარი დაუჭირეთ პედაგოგებს, როდესაც ისინი მუშაობენ ახალი, დისტანციური სწავლების მეთოდით. უფროსებს და ბავშვებს შეუძლიათ ვირტუალური შეკრებების ორგანიზება, რომ არავინ იგრძნოს მარტოობა ხანგრძლივად. შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, თუ რა გააკეთა თითოეულმა თქვენთაგანმა სხვის დასახმარებლად და გაუზიარეთ ეს ერთმანეთს. გაუზიარეთ ერთმანეთს თუნდაც მცირე სიხარული და მადლიერება ერთმანეთზე ზრუნვისათვის.
ამ ვითარებაში სიყვარულისა და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი პრიორიტეტია. ეს არის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გასაღები როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში.
იზრუნეთ ერთმანეთზე და გაიმყარეთ ფსიქოლოგიური მედეგობა თქვენ და თქვენმა ბავშვებმა.
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.