ფიზიკური თერაპიის მნიშვნელობა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში

 

მოძრაობა და აქტიური ცხოვრების სტილი მნიშვნელოვანია ყველა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

აუტიზმის სპექტრის (ასა) მქონე ბავშვები ზოგჯერ დახმარებას საჭიროებენ, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სენსორული და მოტორული პრობლემები და უჭირდეთ ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების შესრულება.

სოციალური, სენსორული და მოტორული პრობლემების არსებობის შემთხვევაში ბავშვი ნაკლებად აქტიურია  და ხელიდან უშვებს ძვირფას შესაძლებლობას ისეთი სოციალური ინტერაქციისათვის, როგორიცაა მაგალითად, სპორტულ თამაშებში თანატოლებთან ერთად გართობა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ასა-ს მქონე ბავშვების მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: ცურვა, ჰიდროთერაპია და იოგა, აგრეთვე მიზანმიმართული ფიზიკური თერაპიული ინტერვენციები ხელს უწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

მოტორული უნარია ყველა ის მოქმედება, რომლის დროსაც ხდება კუნთების გააქტიურება და სრულდება მოძრაობა. არსებობს მოტორული სფეროს ორი სახე: ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები.

თუ ბავშვს უჭირს ისეთი აქტივობების შესრულება, როგორიცაა მაგალითად: ფანქრის დაჭერა, გაფერადება ან მაკრატლის გამოყენება, შესაძლებელია მას ჰქონდეს ნატიფ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ ბავშვს აქვს პრობლემები ისეთი მოქმედებების შესრულებისას, რომლის დროსაც საჭიროა ხელების, ფეხების და მთელი სხეულის გამოყენება, მაგალითად: ცოცვა, სირბილი, სიარული ან ხტუნვა, შესაძლებელია მას ჰქონდეს მსხვილ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი  ასა-ს მქონე ბავშვს ტიპურ მოტორულ განვითარებას? ეს შეიძლება იყოს:

  • მოტორული განვითარების შეფერხება:
  • კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემები – თავს არაკომფორტულად გრძნობს, უჭირს სხეულის ორივე მხარის კოორდინირება ისე, რომ შეძლოს ბურთის დაჭერა ან უჭირს რაიმე ისეთი მოქმედების შესრულება, სადაც ორივე ხელის ერთდროული გამოყენებაა საჭირო, მაგალითად: ხელის ჩაჭიდება.
  • პოზის არასაკმარისი კონტროლის გამო უძნელდება გამართულად დგომა ან მარტივად კარგავს წონასწორობას.
  • იმიტაციის შეზღუდული უნარები – უჭირს მოქმედების გამეორება, რაც ართულების სწავლების პროცესს.
  • დისპრაქსია – უჭირს დასწავლილი მოქმედების შესრულება, რადგან სიძნელეები აქვს მოძრაობის დაგეგმარებასა და კოორდინაციაში.

ასა-ს მქონე ბავშვებში მოძრაობისა და ფიზიკური თერაპიის როლის შესახებ გამოქვეყნებული კვლევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მოძრაობა ასა-ს მქონე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე, სენსორული პრობლემების შესამცირებლად და განმეორებადი არასასურველი ქცევის ტიპური აქტივობებით ჩასანაცვლებლად. განსაკუთრებით დადებითი ზეგავლენა აქვს აერობიკას, იოგას და ცეკვას.

ფიზიკური თერაპიის ჩართვა მოტორული სწავლების დასაწყისში ბავშვს ეხმარება დაძლიოს მოტორული სირთულეები. ბავშვი მოტორულ უნარებს სწავლობს მოდელით „სწავლა კეთებით“  („Learning by Doing“, ამერიკელი ფილოსოფი ჯონ დევეი), რაც მოიაზრებს არა მხოლოდ პასიურ და თეორიულ, არამედ აქტიურ და პრაქტიკულ სწავლების პროცესს.

ფიზიკური თერაპია ასა-ს მქონე ბავშვს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს პოსტურალური (პოზის)  კონტროლი, ფუნქციური მოძრაობები (მაგ.: სირბილი, სიარული, ხტუნვა), სხეულის ნაწილებისა და უსაფრთხოების აღქმა, თამაშის უნარები, ინტერესები და მოტივატორები;  შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს ისეთი კომბინირებული აქტივობები, როგორიცაა: სამთვლიანი ან ორთვლიანი ველოსიპედის ტარება, ლახტით ხტუნაობა და სხვა. ასევე, მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ რუტინაში სახლში, ეზოში და სკოლის გარემოში.

 

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფიზიკურ-სენსორული თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ნაცაური.