ფიზიკური დასჯის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

📍რამდენიმე კვირის წინ ჟურნალში Child Development გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც განხილულია კავშირი ბავშვების ფიზიკურ დასჯას, კერძოდ საჯდომზე წამორტყმასა და თავის ტვინის აქტივობის დარღვევას შორის.
📍ფიზიკური დასჯა გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომლის მიზანიც არის ბავშვისთვის ტკივილის მიყენება ან დისკომფორტის შექმნა. დასჯის ისეთი მსუბუქი მეთოდი, როგორიცაა საჯდომზე წამორტყმა, ლეგალურ და სოციალურად მისაღებ ფორმად მიიჩნევა 130-მდე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ამიტომაც, ვფიქრობთ, ამ კვლევის შედეგების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის აუცილებელია.
📍კვლევებით დადასტურებულია, რომ არსებობს მყარი კავშირი ფიზიკურ დასჯასა და კოგნიტური განვითარების სირთულეებს, ასევე, ემოციურ და ქცევით პრობლემებს შორის (მიდრეკილება დეპრესიისაკენ, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება / ფიზიკური და ვერბალური აგრესია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ, კრიმინალისადმი მიდრეკილება და ა.შ.), რაც იწვევს ადაპტაციის სირთულეებს მთელი ცხოვრების მანძილზე.
📍ბოლო ხანს კი გაჩნდა დასაბუთებული მოსაზრება, რომ საჯდომზე წამორტყმას ისეთივე გავლენა შეუძლია მოახდინოს ტვინის განვითარებაზე, როგორიც ფიზიკური დასჯის უფრო მკაცრ ფორმებს (Gershoff, 2016). ისეთი გამოცდილების ქონა, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური არასათანადო მოპყრობა, ოჯახური ან სხვა ძალადობა (დაცინვა, ძალადობის მოწმედ ყოფნა, მეგობრების/ოჯახის წევრების ძალადობის ისტორიების მოსმენა) იგივე გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ნერვულ განვითარებაზე, როგორც მკაცრი მოპყრობის მუქარის გამოცდილება (McLaughlin, Sheridan, & Lambert, 2014; Sheridan & McLaughlin, 2014). საჯდომზე წამორტყმა და ფიზიკური დასჯის სხვა მეთოდები არის სწორედ მუქარის შემცველი ის გამოცდილება, რომელიც იწვევს შიშს, ტკივილს და ტკივილის შიშს ბავშვებში (Gershoff, 2002). შესაბამისად, ასეთმა, ერთი შეხედვით უწყინარმა დასჯამ შეიძლება იგივე გავლენა მოახდინოს ბავშვის ნეიროგანვითარებაზე, რაც უფრო უხეშმა ფიზიკურმა მოპყრობამ.
📍მუქარის შემცველი გამოცდილება ბავშვის თავის ტვინში ცვლის სოციალური და ემოციური გადამუშავების პროცესს ისე, რომ ხელს უწყობს საფრთხის შემცველი გარემოს სწრაფ იდენტიფიცირებას და ნეგატიურ ემოციურ სტიმულზე ამიგდალასა და თავის ტვინის სხვა უბნებში გაძლიერებულ ნერვულ რეაქციას. ამ რეაქციის მასშტაბი განსხვავდება საფრთხის შემცველი სტიმულის სიმწვავავის მიხედვით. შესაბამისად, მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ საჯდომზე წამორტყმაც მსგავს გაძლიერებულ ნერვულ რეაქციას გამოიწვევდა.
📍კვლევის პროცესში ჩართეს 302 ბავშვი, მაგრამ სრული კვლევა ჩაუტარდა 147 ბავშვს. კვლევაში მონაწილე ბავშვებში საჯდომზე წამორტყმის გამოცდილება შეფასდა სპეციალური, “ძალადობის გამოცდილების სკალით“ (Violence exposure scale for Children – Revised (Raviv at al., 2001). ბავშვებს ჯერ უჩვენებდნენ სურათს, რომელზეც ბავშვს ხელით ურტყამდნენ საჯდომზე და შემდეგ ეუბნებოდნენ: „ვიღაც ურტყამს საჯდომზე“. ამის შემდეგ კი ეკითხებოდნენ: „რამდენჯერ დაურტყამს ვინმეს შენთვის საჯდომზე?“ სავარუდო პასუხები კი იყო: „არასდროს“, „ერთხელ“, „რამდენიმეჯერ“, ან „ბევრჯერ“. ბავშვები, რომლებიც პასუხობდნენ „რამდენიმეჯერ“ ან ბევრჯერ“ და, ასევე, არ ჰქონდათ მკაცრი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამოცდილება, კლასიფიცირდნენ როგორც საჯდომზე წამორტყმის გამოცდილების მქონეები. აღმოჩნდა, რომ 147-დან 40 ბავშვს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, 107-ს – არა. ბავშვების ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა სქესის, რასის ან ასაკის მიხედვით.
📍აღმოჩნდა, რომ საჯდომზე წამორტყმის გამოცდილების მქონე ბავშვების ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, მეორე ჯგუფთან შედარებით.
📍კვლევის პროცესში შეისწავლეს ორივე ჯგუფის ბავშვების რეაქცია სხვადასხვა (შეშინებული და ნეიტრალური) ემოციის გამომხატველ სახეებზე, რაც ფიქსირდებოდა ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე.
📍კვლევის შედეგების მიხედვით, საჯდომზე წამორტყმის გამოცდილება მეტად ასოცირდებოდა შუბლის წილის (კერძოდ, შუა და დორზომედიალური პრეფრონტალური ნაწილის, შუბლის შუა მარცხენა ხვეულის) მომატებულ აქტივობასთან. მეტიც, მიღებული მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ აღნიშნული გამოცდილება თვისობრივად იგივე გავლენას ახდენს, როგორსაც ძალადობის უფრო უხეში ფორმები.
📍კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ საჯდომზე წამორტყმა უკავშირდება თავის ტვინის ატიპურ ფუნქციონირებას იმ უბნებში, რომლებზეც გავლენას ახდენს ძალადობისა და დასჯის უფრო მკაცრი ფორმები. ასევე, საჯდომზე წამორტყმა უკავშირდება საზიანო გავლენას კოგნიტურ უნარებსა და ქცევაზე და ცვლის ნერვული გადამუშავების პროცესს.
📍ამიტომ, სასურველია გაიზარდოს ფართო საზოგადოების, მშობლების, სკოლამდელი და სკოლის პერსონალის ინფორმირება და აიკრძალოს ფიზიკური დასჯის სხვადასახვა ფორმების გამოყენება ბავშვებში.
📖მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა, ია ლომინაშვილმა.