„ფეხის წვერებზე“ სიარული ბავშვებში, გვეშინოდეს თუ არა?

„ფეხის წვერებზე“, ტერფის თითებზე სიარული ხშირია იმ ასაკში, როცა ბავშვი სიარულს სწავლობს.

სიარულის ამ ტიპის შემთხვევაში ქუსლი არ იდგმება იატაკზე და სხეულის წონის მთელი დატვირთვა გადადის ფეხის თითებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს – თორმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ასაკის ბავშვებისათვის მსგავსი ტიპის სიარული, რომელიც ეპიზოდურად გამოვლინდება,  ნორმად მიიჩნევა და საგანგაშო არაფერია.

ბავშვების 50%, რომელიც დადის ფეხის თითებზე 5 წლის ასაკისთვის იწყებს ჩვეულებრივ სიარულს. მეორე 50%-ის უმეტეს შემთხვევაში კი მიზეზი შესაძლოა იყოს მხოლოდ ჩვევა და არა – ნევროლოგიური ან ნეიროფსიქიატრიული პრობლემა. ასეთ შემთხვევას იდიოპათიურს უწოდებენ.

თითებზე სიარულის შემთხვევათა მცირე ნაწილში მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • აქილევსის მყესის სიმოკლე, როცა დამოკლებული მყესი, რომელიც მიმაგრებულია ქუსლთან, არ აძლევს ტერფს იატაკზე სრულად დადგმის საშუალებას.
  • ცერებრული დამბლა, რომელიც არის მოძრაობის, პოზისა და კუნთთა ტონუსის დარღვევეით მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია განვითარებადი თავის ტვინის იმ ნაწილების დაზიანებით, რომელიც აკონტროლებს კუნთების მუშაობას.
  • კუნთთა დისტროფია, რომელიც არის ისეთი გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც ზიანდება და სუსტდება კუნთების ბოჭკოები. ეს დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საეჭვო, თუ ბავშვი სიარულის დაწყებისას ჩვეულებრივ დადიოდა და შემდეგ დაიწყო ფეხის თითებზე სიარული.
  • აუტიზმი, რომლის ძირითად ნიშანსაც მოძრაობის დარღვევა არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა ბავშვი დადიოდეს თითის წვერებზე.

ზოგჯერ თითებზე სიარული არ არის ჩვევა, ის იდიოპათიურია და ამ კონკრეტული ოჯახის წევრებს ახასიათებთ.

ფეხის თითებზე სიარულისას ფეხისთვის უჩვეულო დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ანატომიური ცვლილებებიც: კანჭის კუნთების ჰიპერტროფია, აქილევსის მყესის დამოკლება, რაც ხელს შეუწყობს კუნთების არასწორ ფორმირებას, რომ მომავალში ბავშვისთვის უფრო კომფორტული გახდეს თითის წვერებზე სიარული.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ თქვენი ბავშვი 2 წელზე მეტი ასაკისაა, გაესაუბრეთ თქვენ პედიატრს ამ პრობლემის შესახებ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ, რომ ბავშვს კანჭის კუნთები გაუმკვრივდა, აქილევსის მყესი დაეჭიმა ან უჭირს კოორდინირება.

 

 

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფიზიკურმა თერაპევტმა შაკო აბრამიშვილმა.