უკან – სკოლაში!

ხანგრძლივი დასვენების შემდეგ სასწავლო და სამუშაო გარემოში დაბრუნება რთულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. მომატებული შფოთვა თავს იჩენს სასწავლო წლის დასაწყისში, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი შვილი პირველად მიდის სკოლაში, თუ უკვე დაწყებით კლასს ამთავრებს. გრძელი ზაფხულის შემდეგ სკოლაში ან ბაღში წასვლა საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ პირველი დღეების განმავლობაში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ „ხრიკს“ იმისათვის, რომ სასწავლო წლის დაწყება ნაკლები შფოთვის და მეტი სიხარულის მომტანი იყოს:

• პირველი და აუცილებელი წესი: მიეცით ბავშვებს სრულფასოვანი დასვენების საშუალება, არ არის საჭირო ყოველდღე სკოლაზე საუბარი;

• სასურველია ბავშვები მოარიდოთ ისეთ საუბრებს, სადაც განიხილავთ თქვენი შვილების შედარებით სუსტ მხარეებს, მაგალითად იმას, თუ როგორ გეშინიათ რომ ბავშვი გონება გაფანტულია, მასწავლებელთან გარკვეული პრეტენზიები გაქვთ ან პირიქით, დარწმუნებული ხართ რომ თქვენს შვილს უმაღლესი აკადემიური მოსწრება ექნება. ასეთი საუბრის მოსმენა იმოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე და მისთვის იქნება ზედმეტი სტრესორი.

• იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ გარემოსგან, არის ერთადერთი და უნივერსალური საშუალება შფოთვის შესამცირებლად. სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეაჩვიეთ ბავშვი ადრე გაღვიძებას, ასევე დასაძინებლადაც ცოტა ადრე წასვლას.

• ბავშვების დიდი ნაწილისთვის ყველაზე არაკომფორტული კითხვაა: „როგორ გაატარე ზაფხულის არდადაგები?“ რთულია საკუთარ თავზე საუბარი აუდიტორიის წინაშე. კიდევ უფრო რთულია, თუ ამ აუდიტორიის წევრებს პირველად ხვდები. ამ საკითხზე სახლში მუშაობა ნამდვილად ძალიან ეფექტური იქნება.

• რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ დილის რუტინის შემუშავება, აბაზანის გამოყენება, ჩაცმა, საუზმე. მიეცით ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა.

• მარშრუტი, რომლითაც სკოლაში დადიხართ ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით თუ სკოლაში პირველად მიდიხართ ან სკოლისაკენ მიმავალი გზა შეიცვალა. კარგი იქნება, თუ სკოლის დაწყებამდე ამ მარშრუტს ბავშვთან ერთად გაივლით მაშინ, როცა ბავშვი თავს მშვიდად გრძნობს, თქვენც არსად გეჩქარებათ.

• როლური თამაშები კარგი დამხმარე საშუალებაა. თავდაპირველად თქვენ იქნებით მასწავლებელი, შემდეგ კი როლებს გაცვლით. შეგიძლიათ იმუშაოთ ისეთ უნარებზე, როგორიცაა: ხელის აწევა, დაფასათან გამოსვლა, კითხვის დასმა და ა.შ.

• მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენი შვილი პირველად არ მიდის სკოლაში, მას დახვდება იგივე მასწავლებელი და კლასელები, მაინც სასურველია ისეთი საკითხების განხილვა,როგორიცაა: რა ჰქვია მასწავლებელს, კლასელებს, სად არის საკლასო ოთახი, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სასკოლო გარემოსგან და პირიქით.

• ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვაქვს თითქოს ზაფხული უსასრულოდ გრძელდება. ამიტომ ფრაზა“მომავალ ორშაბათს სკოლაში მივდივართ!“ შესაძლოა არაფრის მთქმელი იყოს. ასეთ დროს დაგეხმარებათ კალენდარი. აღნიშნეთ სწავლის დაწყების თარიღი და ბავშვთან ერთად დააკვირდებით ყოველდღიურად როგორ სწარაფად გადის დროს და როგორ უახლოვდებით სწავლის დაწყების თარიღს.

• ხანგრძლივი დასვენების დროს რთულია კარგი აკადემიუარი უნარების შენარჩუნება, ამიტომ აქაც ყურადღებაა საჭირო. უნდა დარწმუნდეთ რომ სწავლის დაწყების შემდეგ ბავშვები ეფექტურად შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას.

• შესაძლოა თქვენი შვილი სახლში დამოუკიდებლად ახერხებს თასმების შეკვრას ან კბილების გამოხეხვას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს პრობლემებს სხვა გარემოში. ამიტომაც სკოლაში წასვლამდე ცოტა მეტი დრო დაუთმეთ ბაზისურ უნარებზე მუშაობას.

• როდესაც მშობელი ორგანიზებულია, დროს სწორად ანაწილებს, არ შფოთავს და ახერხებს ყველგან დროულად მისვლას, ეს ბავშვსაც ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში.

• დახმარების თხოვნის სწავლება ყველა სიტუაციში შეუნარჩუნებს სიმშვიდეს თქვენს შვილებს. იმის ცოდნა, თუ სად და როგორ შეიძლება მოითხოვო და მიიღო დახმარება თუ ეს საჭირო გახდება, ამცირებს შფოთვას.

• დასვენების დროს შესაძლოა ცოტა შეიცვალოს კვების რეჟიმი, ამიტომ სკოლაში წასვლამდე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმიც მოარგოთ გაკვეთილების გრაფიკს. ეცადათ შიმშილმა და დაღლილობამ ნაკლებად შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს.

• თუ შესაძლებელია, ეცადეთ რაც შეიძლება ადრე შეიძინოთ სკოლისთვის საჭირო ნივთები: ჩანთა, ფანქრები, ტანსაცმელიც კი. ახალ ტანსაცმელს მოაშორეთ იარლიყი, ფეხსაცმელები სახლში კარგად მოარგეთ თქვენს პატარას, რომ პირველ დღეს თავი კომფორტულად იგრძნოს.

• სკოლა საკმაოდ ხმაურიანი ადგილია. ზოგიერთი ბავშვისთვის ზედმეტადაც კი. ამიტომ დღის მანძილზე სასურველია ბავშვებს სუფთა ჰაერზე და შედარებით მშვიდ ადგილას ყოფნის საშუალებაც ჰქონდეთ.

• მიუხედავად თქვენი გულმოდგინებისა, რომ სკოლაზე რეალური წარმოდგენა შეუქმნათ ბავშვებს, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად სკოლაში სტუმრობა, მასწავლებლის გაცნობა და საკლასო ოთახის დავალიერება კარგი საშუალებაა. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დაიხმარეთ ინტერნეტი. რაც მთავარია, მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია მასწავლებელს თქვენი შვილის შესახებ.

• არავის უყვარს საშინაო დავალების შესრულება, მაგრამ თუ სწავლის დაწყებემდე თქვენ სამეცადინოდ შეურჩევთ ისეთ ადგილს, რომელიც იქნება კომფორტული და სადაც ნაკლებად იქნება ყურადღების გამფანტავი საგნები, ეს საქმეს გაამარტივებს.

• სასწავლო წლის პირველ დღეებში დარწმუნდით, რომ ბავშვმა ნამდვილად იცის კლასში მოქცევის წესები. ისაუბრეთ ამ საკითხზე, დაინტერესდით თუ რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს, რომ სკოლა და სასწავლო გარემო იყოს ნაკლებად სტრესული და მეტად სახალისო მისთვის. იქნებ ვიზუალური ცხრილი დაეხმარებოდა? ან იქნებ სკოლის დიდ დერეფნებში უჭირს ორიენტაცია?

• გაიხსენეთ ის დრო, როცა თქვენ იყავით მის ადგილას და გამოიჩინეთ მოთმინება!
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

 

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა ელენე გურგენიძემ.