ტყვიით ინტოქსიკაცია ბავშვთა ასაკში

გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ზრდაგანვითარებაზე. პირველად ავსტრალიელმა ექიმმა J. Lockhart Gibson-მა აღმოაჩინა, რომ ტყვიის შემცველი საღებავები იწვევდა ბავშვების ინტოქსიკაციას (1904 ).

ტყვიამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და გამოიწვიოს:

  • თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება;
  • ზრდაგანვითარების შეფერხება;
  • დასწავლისა და ქცევის პრობლემები, მაგ.: IQ- (ინტელექტის კოეფიციენტის) დაქვეითება, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ასოციალური ქცევა;
  • სმენისა და მეტყველების პრობლემები.

ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარემოში ტყვიის არსებობაზე, რადგან პირში იდებენ ხელებს და სხვადასხვა საგნებს, კუჭნაწლავის ტრაქტიდან ტყვია შედარებით უფრო სწრაფად იწოვება და უმწიფარი თავის ტვინიც უფრო ადვილად ზიანდება.

ტყვიით ინტოქსიკაცის დასადგენად საუკეთესო საშუალებაა სისხლის ანალიზის ჩატარება ტყვიის შემცველობაზე. სისხლში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრას ეწოდება სისხლში ტყვიის დონე – Blood Lead Level (BLL). BLL-ით ტყვიის შემცველობა იზომება მიკროგრამებში ყოველ 1 დეცილიტრ სისხლში (μg/dL).

აშშში უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდა და მკვეთრად შემცირდა მომატებული BLL- მქონე ბავშვების რაოდენობა. 70-იან წლებში იმ ბავშვების რაოდენობა, რომლის BLL- იყო ≥10 µg/dL შეადგენდა 88%-. ეს რაოდენობა 2010 წლიდან მკვეთრად, 0,8%-მდე შემცირდა (1991-94 წწში – 4,4%-მდე, 1999-2002 წწ – 1,6%-მდე და 2007-2010 წწ – 0,8%-მდე).

ასეთი დრამატული შემცირება იმ სტრატეგიის შედეგი იყო, რომელიც კოორდინირებულად გატარდა სახელმწიფოში. ის მოიცავდა ტყვიის ამოღებას მანქანათმშენებლობიდან  და გარე ფასადის საღებავებიდან, ჰაერში, წყალში და საკვებ პროდუქტებში ტყვიის კონცენტრაციის შემცირებას, მაღალი რისკჯგუფის პოპულაციის სკრინინგსა და ამოცნობას, საზოგადოების ინფორმირების ამაღლებას. ასევე, საკვები პროდუქტებით რკინისა და კალციუმის მიღების გაზრდას, რაც ამცირებს ტყვიის აბსორბციას (შეწოვას).

2012 წლიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სისხლში ტყვიის მომატებულ შემცველობად ითვლება 1 დეცილიტრ (კაპილარულ ან ვენურ) სისხლში 5 მიკროგრამზე (>5 µg/dL) მეტი ტყვია. დადასტურებულ მომატებად ითვლება ის შემთხვევა, როცა ვენიდან აღებულ სისხლში ერთჯერადად ან 12 კვირიანი ინტერვალით კაპილარულ სისხლში აღმოჩნდება 10 μg/dL (მიკროგრამი/დეცილიტრზე) მეტი ტყვია. დაუდასტურებელი მომატებად ითვლება კაპილარულ სისხლში ერთჯერადად ან ორჯერადად (12 კვირიანი ინტერვალით) მომატება 10 μg/dL-ზე მეტად.  

ბავშვის გარემო სავსეა ტყვიით: საღებავები, ბენზინი, სანტექნიკური მილები, გადასახური მასალა, კოსმეტიკა, სხვადასხვა პროდუქტები, სათამაშოები.

აშშში სახლის გარე ფასადის, ბავშვის სათამაშოების და საოჯახო ავეჯის საღებავში ტყვიის შემცველობა აიკრძალა 1978 წლიდან. მიუხედავად ამისა ეს საღებავები დღემდე შემორჩენილია ძველ სახლებსა ან  ძველ ავეჯზე. ინტოქსიკაციის უმეტეს შემთხვევას იწვევს ტყვიის შემცველი აქერცლილი საღებავის პატარა ნაწილაკების პირში მოხვედრა.  

სანტექნიკის ძველი მილებიც ტყვიის შემცველია, რაც იწვევს სასმელი წყლის ტყვიით დაბინძურებას. ზოგ ქვეყანაში კონსერვის ქილებიც შეიცავს ტყვიას. ბენზინით დაბინძურების გამო ნიადაგიც შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, რაც სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს მაგისტრალების მიმდებარე და ქალაქებში მცხოვრები ბავშვებისთვის. ასევე, ტყვიის დონე შეიძლება მაღალი იყოს შეღებილ კედლებთან მდებარე ნიადაგშიც. ოთახის მტვერიც შეიძლება შეიცავდეს ტყვიას საღებავის ნამცეცების ან დაბინძურებული ნიადაგის ფეხსაცმლის ლანჩით სახლში შემოტანის გამო. კერამიკულ ჭურჭელში არსებული ტყვიაც შესაძლოა მოხვდეს საკვებში. ტყვიას შეიძლება შეიცავდეს სათამაშოებიც. ზოგიერთი  კოსმეტიკაც შეიცავს ტყვიას. ასევე, საყურადღებოა სანელებლები ჩინეთიდან, ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან და უცხოური კამფეტები. ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ სამთო ქიმიურ ქარხნებში, სანტექნიკოსებად, შემდუღებლებად, შუშის წარმოებაში, მღებავებად ან მშენებლობაზე შეიძლება თავის ტანსაცმლით შეიტანონ სახლში ტყვია, ამიტომ მოსვლისთანავე უნდა გამოიცვალონ ტანსაცმელი. ტყვიის შემცველი შეიძლება იყოს ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები, გათბობის ბატარეები და ბიჟუტერია.

აშშში ტყვიაზე ბავშვების უნივერსალური შემოწმება ხდება 1 და 2 წლის ასაკში. იმ შემთხვევაში თუ BLL მეტია 5 μg/dL-ზე, ტარდება პერიოდული გადამოწმება, ხოლო მხოლოდ იქ სადაც მეტია 45 μg/dL-ზეიწყება მედიკამენტური მკურნალობახელაცია.   

ზოგიერთ ქვეყანაში საზომი ერთეულია ug/l (მიკროგრამი/ლიტრზე). ასეთი ერთეულით აშშ-ს ზღვრულ ნორმად ითვლება 50 ug/l (მიკროგრამი/ლიტრი), ხელაციისა და მედიკამენტური მკურნალობის ჩვენებად – 450 ug/l (მიკროგრამი/ლიტრზე).

 

რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას?

ტყვიით ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს ორგანულმა და არაორგანულმა ტყვიამ. უმეტესი შემთხვევების მიზეზი არაორგანული ტყვიაა. ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვებთან ან შესუნთქულ ჰაერთან ერთად, ან კანიდან. ყველაზე ხშირად ის კუჭნაწლავის ტრაქტით ხვდება, რადგან ბავშვები პირით სინჯავენ ყველაფერს. არაორგანული ტყვიის აბსორბციის (შეწოვის) მექანიზმში მონაწილეობს ისეთი აუცილებელი მიკროელემენტები, როგორიცაა კალციუმი და რკინა.

ტყვიის შეწოვა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • ხსნადობატყვიის მარილები იოლად იხსნება მჟავე გარემოში;
  • ნაწილაკის ზომადიდი ნაწილაკები (მაგ. აქერცლილი საღებავის ნამცეცები) ცუდად იწოვება, ხოლო წვრილი, კანზე აკრული ნაწილაკებიიოლად;
  • კვების დეფიციტირკინის, კალციუმის, თუთიის, სპილენძის და ცილის ნაკლებობის დროს ტყვიის შეწოვა უფრო იოლად ხდება;
  • საკვები ცხიმებიცხიმების ჭარბი მიღება ზრდის ტყვიის შეწოვას;
  • სხვა საკვებიფიტინის მარილები, რომელსაც შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული იკრავს ტყვიის ნაწილაკებს და ზრდის მის გამოყოფას.

არაორგანული ტყვიის კანიდან შეწოვა მინიმალურია, მაგრამ ორგანული ტყვია, როგორიც არის ტეტრაეთილტყვია შესაძლოა ორგანიზმში მოხვდეს კანიდან. ის შეიძლება იყოს ბენზინში და ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნას ტრიეთილტყვიად და არაორგანულ ტყვიად.

ტყვიის ინჰალაცია შესაძლებელია სიგარეტთან ერთად. ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეწეოდნენ მეორად სიგარეტს.

შეწოვილი ტყვია იზიდავს გოგირდს, აზოტს და ოქსიდებს. მისი ტოქსიურობა მჟღავნდება სულფჰიდრილდამოკიდებული ფერმენტების დათრგუნვით. ტყვიის უმეტესი ნაწილი დეპონირდება (გროვდება) ძვლებში, მცირე ნაწილისისხლში და რბილ ქსოვილებში. ის გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნაზე და ტოქსიური ნივთიერებების (ამინოლევულინის მჟავის და პროტოპორფირინების) დაგროვებაზე.

ტყვიის ნახევრად დაშლის პერიოდი რბილ ქსოვილებსა და სისხლში დაახლოებით 30-70 დღეა. ძვალში კი ის რამდენიმე წელი რჩება. ტყვიის გამოყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად.

 

როგორია ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევების სიხშირე?

სხვადასხვა ქვეყანაში სიხშირე განსხვავებულია. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 4 მილიონამდე ოჯახი ცხოვრობს ტყვიით ინტოქსიკაციის სარისკო გარემოში და 1-5 წლის ასაკის 500 ათას ბავშვს აქვს ტყვიის შემცველობა 5 µg/dL-ზე მეტი სისხლში.

საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ არსებობს.

განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების ცხოვრება ავტომობილებით გადატვირთულ გარემოში (სადაც ბენზინი ისევ შეიცავს ტყვიას), ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ და ძველი გამათბობლის მქონე სახლებში. საკვების შესანახად არ უნდა იყოს გამოყენებული შეღებილი კერამიკული ნაწარმი. ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლის ტიპის დასახლებაში, ნაკლებად აქვთ ტყვიით ინტოქსიკაციის რისკი.

 

როგორია კლინიკური სურათი?

ტყვიით გამოწვეული ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არასპეციფიკურია. უმეტეს შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღმოჩენა ხდება სკრინინგის საშუალებით. ტყვიის ინტოქსიკაციას ხშირად ახლავს კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები:

  • ყაბზობა,
  • ანორექსია,
  • ღებინება,
  • მუცლის ტკივილი.

ნეიროქცევითი ცვლილებებიდან შეიძლება იყოს:

  • უყურადღებობა,
  • იმპულსურობა,
  • გაფანტულობა,
  • დასწავლის პრობლემები.

პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება ბავშვებში იშვიათია და იწვევს:

  • სისუტეს და
  • პერიფერიულ დამბლებს.

რაიმე სპეციფიკური ფიზიკური ნიშანი არ არსებობს, მაგრამ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ სიფერმკრთალე (ანემიის გამო) და ჰიპერაქტივობა.

ქალაშიდა წნევის მატების ნიშნებიდან შეიძლება გამოვლინდეს:

  • ცნობიერების დაბინდვა,
  • ბრადიკარდია (გულისცემის შენელება),
  • ჰიპერტენზია (წნევის მომატება),
  • სუნთქვის დათრგუნვა,
  • პაპილედემა (მხედველობის დვრილის შეშუპება),
  • კომა (ცნობიერების დაკარგვა).

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

1990 წლიდან აშშ პედიატრიის აკადემიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ბავშვებს 1 და 2 წლის ასაკში უტარდებათ ტყვიის სკრინინგი.

სისხლში ტყვიის დონე – blood lead level (BLL) არის  ის სტანდარტული კრიტერიუმი, რომელიც ადასტურებს დიაგნოზს. თითიდან აღებული კაპილარული სისხლის შემოწმება ითვლება სკრინინგად. სწორად აღებული კაპილარული ნიმუშის შემთხვევაშიც ცრუ დადებითი პასუხის ალბათობა 10%-ია. კაპილარულ სისხლში აღმოჩენილი მომატება უნდა გადამოწმდეს ვენიდან აღებულ სისხლშიც.

უკანასკნელ პერიოდამდე აშშში მომატებულ BLL- ითვლებოდა 10 μg/dL-ზე მეტი, ხოლო 2012 წლიდან ეს ზღვარი 5 μg/dLია (იგივე, რაც 50 ug/l). ხელაციის ჩატარების ჩვენებაა 45 μg/dL (იგივე, რაც 450 ug/l).

ერითროციტის პროტოპორფირინის ანალიზი ტარდება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში. ტყვიით ინტოქსიკაცია გავლენას ახდენს ჰემის სინთეზზე, კერძოდ ფეროქელატაზაზე, რაც იწვევს ერითროციტის პროტოპორფირინის დაგროვებას. მისი ანალიზი გამოიყენება დიაგნოზის დასადასტურებლად იმ შემთხვევაში, როცა ტყვიის დონე 55 მიკროგრამზე მაღალია. ამ მაჩვენებლის ქვემოთ ერითროციტის პროტოპორფირინის ანალიზი არ არის ინფორმატიული და ამიტომ პირველადი სკრინინგისთვის არ გამოიყენება.

რუსეთში თმის ნიმუშის ანალიზი ითვლება სტანდარტულ სკრინინგულ კვლევად. კვლევებით დადასტურებულია, რომ თმის ანალიზზე სენსიტიური სისხლის ანალიზია და ამიტომაც სხვა ქვეყნებში არ გამოიყენება.

გამოსახვითი კვლევებიდან მუცლის რადიოგრაფიით აღმოჩენილი რენტგენოკონტრასტული ნაფლეთები ადასტურებს პიკას (პიკა – საკვებად გამოუსადეგარი ნივთიერებების რეგულარული ჭამა) არსებობას. გრძელი ძვლების რადიოგრაფიით შესაძლებელია გამოვლინდეს რენტგენოკონტრასტული მეტაფიზური ნაწილი, რასაც ტყვიის ხაზს უწოდებენ.  მიუხედავად იმისა, რომ ის არაპათოგნომურია, მიანიშნებს ტყვიით ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე. გულმკერდის რადიოგრაფია გამოიყენება მხოლოდ ენდოტრაქეალური მილის მდებარეობის დასაზუსტებლად ტყვიისმიერი ენცეფალოპათიის შემთხვევაში. თავის ტვინის კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია) შესაძლოა საჭირო გახდეს ცნობიერების შეცვლის დროს თავის ტვინის შეშუპების და სტრუქტურული დაზიანებების გამოსარიცხად.

ცნობიერების დარღვევის დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. ასეთ დროს რეკომენდებულია, რომ ჩატარდეს სისხლში გლუკოზის ანალიზი; სისხლის pH (მჟავეტუტოვანი წონასწორობა) – ტყვიით ინტოქსიკაციის თანმხლები აციდოზის არსებობის დასადგენად; ელექტროლიტების განსაზღვრაკალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი; სისხლის საერთო ანალიზიტყვიით ინტოქსიკაციის თანმხლები ჰიპოქრომული მიკროციტული ანემიის, ერითროციტების ბაზოფილური  მარცვლოვანების გამოსარიცხად; შარდის საერთო ანალიზიდეჰიდრატაციის გამო შესაძლოა იყოს კონცენტრირებული შარდი და უმადობა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციაზე.

 

როგორ ხდება მკურნალობა?

ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობა მოიცავს ტყვიასთან კონტაქტის პრევენციას, გარემოს გასუფთავებას, ხელაციას და დამხმარე თერაპიას.

მედიკამენტური მკურნალობა და ხელაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტყვიის დონე ვენიდან აღებულ სისხლში დადასტურებულად მეტია 45 μg/dL (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან 450 ug/l (მიკროგრამი/ლიტრზე).

ხელაციისას გამოყენებული მედიკამენტები პოტენციურად ტოქსიკურია, სერიოზული გართულებების რისკი არსებობს, ამიტომაც ხელაციის დაწყების გადაწყვეტილება და განხორციელება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით და სასიცოცხლო ფუნქციების მკაცრი მონიტორირებით.

მკურნალობის დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ბავშვს შეხება აღარ ექნება ტყვიასთან და არ მოხდება ხელახალი ინტოქსიკაცია.

ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია ასიმპტომურ იმ პაციენტებში, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე არის 45-69 μg/dL. აუცილებელია, იმაში დარწმუნება, რომ ბავშვის გარემო თავისუფალია ტყვიისგან. თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ჰოსპიტალური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ გარემოს კვლევა არ ჩატარდება.

პაციენტებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე 70 μg/dL-ზე მაღალია, მკურნალობა უტარდებათ საავადმყოფოში. პირველ რიგში კეთდება ვენური სისხლის ანალიზი და იწყება ხელაცია მედიკამენტებით. ყველა ბავშვი, რომელსაც უტარდება მკურნალობა ტყვიის ინტოქსიკაციის გამო საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას, ტყვიის დონის კონტროლს, მენტალური სტატუსის, მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მკაცრ მონიტორინგს. შესაძლებელია სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი.

 

როგორია პრევენციული ღონისძიებები?

პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ პირველად პრევენციასა და ბავშვის განვითარების პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილებაში. აშშში წარმატებული პირველადი პრევენცია ფოკუსირდება: 1. საყოფაცხოვრებო ტყვიაზე და 2. სხვადასხვა ისეთ საგნებსა და პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე, როგორიცაა იმპორტული და ადგილობრივი წარმოების სათამაშოები, სამზარეულოს ჭურჭელი, კოსმეტიკა და არატრადიციული სამკურნალო საშუალებები.

მშობლები უნდა იცნობდნენ ტყვიის პოტენციური მიღების ხელშემწყობ ქცევასპიკას (პიკა – საკვებად გამოუსადეგარი ნივთიერებების რეგულარული ჭამა) და ზიანს, რომელსაც იწვევს ტყვიასთან კონტაქტი.

საკვების შერჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ტყვიის აბსორბცია (შეწოვა) იზრდება ცხიმებით მდიდარი საკვების და/ან ზოგიერთი მიკროელემენტის, კალციუმისა და რკინის დეფიციტის დროს.

მედიკამენტური მკურნალობა და ხელაცია იწყება იმ შემთხვევაში, როცა სისხლში ტყვიის დონე დადასტურებულად 45 μg/dL (მიკროგრამი/დეცილიტრზე) მაღალია. ხელაცია უნდა დაიწყოს ორალური (დასალევი) სუქციმერით ან თუ ბავშვი ჰოსპიტალიზირებულია, კალციუმის ედეტატით (კალციუმის EDTA). ეს მედიკამენტები პოტენციური ტოქსინებია და საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის, ელექტროლიტების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ანალიზის მკაცრი მონიტორინგი.

ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ხელაციისას გამოყენებული მედიკამენტები სტანდარტულია, ისინი უკავშირდებიან ტყვიას და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ხელაციის მკურნალობის პოტენციური ტოქსიურობის გამო აუცილებელია პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება.

დიმერკაპროლი (ზეთოვანი BAL) – პირველად გამოყენებული იყო როგორც ტოქსიური ნივთიერება ლუიზიტის ანტიდოტი. ის წყალში ხსნადია და ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. დიმერკაპროლი ქმნის ნაერთს ტყვიასთან, რომელიც გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. ეს არის არჩევის პრეპარატი ტყვიით გამოწვეული ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში. პირველი დოზის შემდეგ მეორე დოზას 4 საათის ინტერვალით ემატება კალციუმის EDTA.

კალციუმის ედეტატიამცირებს სისხლში ტყვიის კონცენტრაციას და ტყვიის  გავლენას ჰემატოლოგიურ სისტემაზე, და ზრდის შარდთან ერთად გამოყოფას.

სუქციმერი იგივე დიმერკაპტოსუქცინის მჟავა (DMSA) – დიმერკაპროლის წყალში ხსნადი ანალოგია. ის გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა არ არის ტყვიით გამოწვეული ენცეფალოპათია.

D-პენიცილამინიცნობილია როგორც D-მეთილ ცისტეინი. ის არის ტყვიის მკურნალობის ორალური (დასალევი) მედიკამენტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული აშშ წამლის სააგენტოს მიერ და არ გამოიყენება.

 

როგორია პროგნოზი?

პროგნოზი დამოკიდებულია სისხლში ტყვიის შემცველობის დონეზე და გამოვლენილ სიმპტომებზე. ასიმპტომურ პაციენტებში პროგნოზი უკეთესია. ტყვიისმიერმა ენცეფალოპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ნევროლოგიური პრობლემები. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოგნიტური პრობლემები, მათ შორის პრობლემები მათემატიკასა და კითხვაში, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დაბალი კონცენტრაციის დროსაც კი, როგორიცაა 2.5 μg/dL.

ტყვიით გამოწვეული ლეტალური გამოსავალი ძალიან  იშვიათია, რადგან შემცირებულია ტყვიისმიერი ენცეფალოპათიის შემთხვევები.

ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენცია შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ტყვია თვალით უხილავი და უსუნოა. ტყვიისგან თავისუფალი გარემოს შექმნით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ თქვენი ბავშვის ტყვიით ინტოქსიკაცია.

მასალა მომზადებულია:

http://emedicine.medscape.com/article/1009587-overview   და

http://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lead-poisoning/symptoms-causes/dxc-20275054  -ის მიხედვით