სქრინ თაიმის (Screen time – ეკრანის დროის) გავლენა ბავშვის ექსპრესული ენის განვითარებაზე

 

ტერმინების განმარტება

სქრინ თაიმი (ეკრანის დრო) – არის დროის ის პერიოდი, რომელსაც ბავშვი ატარებს  ჩართული ეკრანის წინ. ეკრანი გულისხმობს: ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს, პლანშეტს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს.

ექსპრესული ენა – სურვილების,საჭიროებების, აზრებისა და ფიქრების სიტყვების მეშვეობით გადმოცემა.

ბოლო დროს რატომ გახშირდა ენისა და მეტყველების დარღვევები, ან ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხება?

ეს კითხვა არამარტო ბევრ მშობელს გასჩენია, არამედ სპეციალისტებს შორისაც საკმაოდ ხშირი განხილვის საგანია. შეიძლება ეს პრობლემა ბავშვის ტექნიკასთან მიჯაჭვულობას დავუკავშიროთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უამრავი კვლევა ტარდება.

დღეისთვის უკვე არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს სქრინ თაიმის გავლენას ენისა და მეტყველების განვითარებაზე. ფაქტი ერთია, ბავშვები კომუნიკაციას და ენისა და მეტყველების განვითარებას სხვა ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობით სწავლობენ, შესაბამისად ეკრანთან გატარებული დრო, რაც არ უნდა შემეცნებითი იყოს იგი, ინტერაქციას ვერ ჩაანაცვლებს, პირიქით ხელს შეუშლის კომუნიკაციის ორმხრივობის განვითარებას.

კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეკრანთან გატარებული ყოველი  30 წუთი ბავშვების 49%-ში ზრდის  ექსპრესული ენის დარღვევის რისკს.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ 2016 წელს განაახლა ეკრანის ყურების ასაკობრივი ნორმები:

1,5 წლის ასაკამდე – საერთოდ არაა რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში თავის ტვინი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ენის ათვისებისადმი.

1,5 წლიდან 2 წლის ასაკამდე დასაშვებია მხოლოდ სპეციალური, ბავშვის საგანმანათლებლო პროგრამების ყურება, ისიც მშობელთან ერთად. მშობელი უნდა შეეცადოს ყურების დროს განმარტება გაუკეთოს ბავშვს.

2-დან 5 წლის ასაკამდე – რეკომენდირებულია არაუმეტეს ერთი საათისა, ისიც მხოლოდ მშობლის მონაწილეობით.

6 წლის ასაკის ზევით დროის და პროგრამების ლიმიტი უნდა უკავშირდებოდეს სოციალურად მნიშვნელოვანი აქტივობების და ეკრანის დროის ისე გადანაწილებას, რომ შენარჩუნებული იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესი.

როგორ მოახერხოთ მშობლებმა ამ პრობლემასთან გამკლავება? მოგაწვდით რამოდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ:

  • გათიშეთ ყველა მოწყობილობა, როცა მას აღარ იყენებთ.
  • როცა ბავშვი უყურებს ეკრანს, ყოველთვის ეცადეთ გაახმოვანოთ ნანახი.
  • არავითარი ეკრანი ჭამის დროს და ავტომობილში ყოფნისას.
  • არ აყურებინოთ ეკრანს დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
  • არ დატოვოთ ეკრანი საძინებელ ოთახში.
  • დააწესეთ ეკრანის ყურების წესები.
  • არასოდეს დააზიანოთ ან ძალით წაართვათ ეკრანი, ეცადეთ ყოველთვის მიაწოდოთ ეკრანის ალტერნატივა.
  • გამოიყენეთ ალტერნატივად: ეზოში თამაში, მაგიდის თამაშები, ისეირნეთ ერთად, დაათვალიერეთ და წაიკითხეთ წიგნები, მოამზადეთ კერძები ერთად.

 

სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტმა ანკა შამათავამ