სქოლიოზი ბავშვებში

ხერხემლის გამრუდება ანუ სქოლიოზი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს აწუხებს. მათ შორის 60%-ზე მეტი გოგონები და ქალბატონები არიან რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით.

2016 წელს თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში ძვალ-სახსროვანი სისტემის დიაგნოსტიკა 18 ათასამდე ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა, აქედან 13100-ს დაუდგინდა სხვადასხვა პრობლემა, მათგან 70%-ს კი კერძოდ სქოლიოზი.

სქოლიოზი ეწოდება ხერხემლის სვეტის ფრონტალურ სიბრტყეში გადახრას. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი სქოლიოზები. დაავადება შესაძლოა გამჟღავნდეს ერთი წლის ასაკიდან. ხშირ შემთხვევაში სქოლიოზის სიმპტომები თავს იჩენს ინტენსიური ზრდის დროს 6-8 და 10-15 წლის ასაკში.

სიმძიმის მიხედვით არსებობს სქოლიოზის ოთხი ხარისხი:

  • I ხარისხის დროს მალების როტაცია 100
  • II ხარისხის დროს 100-250
  • III ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 250-400
  • IV ხარისხის დროს კი 400-900

სქოლიოზისთვის დამახასიათებელი ნიშნებია :

  • ბეჭის ძვლების ასიმეტრია
  • მენჯის ფრთების ასიმეტრიული დგომა
  • ტორსის გადახრა მარჯვენა ან მარცხენა მხარეს (გამრუდების მიხედვით)
  • უფრო შორს წასულ ფორმაში კი ისეთი ნეკნოვანი დეფორმაცია როგორიცაა – ,,კუზი“

მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას, ამიტომ მშობელი მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის მიმართ, დააკვირდეს ჯდომის, დგომის, წოლისა და სიარულის მანერას, თუკი შენიშნავს რომ:

  • ერთი მხარი უფრო მაღლა დგას მეორეზე
  • ერთ-ერთი ბეჭი უფრო გამოკვეთილია
  • ერთ-ერთი ხელი უფრო ახლოსაა ტანთან ვიდრე მეორე
  • თავი არაა ტორსის ცენტრში
  • წინ გადახრისას შეინიშნება ხერხემლის სიმრუდე

აუცილებლად უნდა მიმართოს ბავშვთა ორთოპედს. სასურველია დაავადების შემჩნევამდე მუდმივი მონიტორინგი და სკრინინგი. ყოველი ჯანმრთელი ბავშვი წელიწადი ორჯერ მაინც უნდა ისინჯებოდეს ექიმ ორთოპედის მიერ.

ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია სქოლიოზის ზუსტი მიზეზის დადგენა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი იდიოპათიური სქოლიოზია. სქოლიოზის განვითარების მიზეზები შესაძლოა იყოს: არასწორი ჯდომა და წოლა, ასაკისთვის შეუფერებელი ავეჯის გამოყენება მძიმე ტვირთის ტარება ცალ ხელში, სპორტით ნაადრევად დაკავება და ა.შ.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, იგი მოიცავს:

  • კინეზითერაპიას (მოძრაობით მკურნალობა) – სამკურნალო ვარჯიშებს
  • შორს წასული ფორმის დროს (IV ხარსიხი 450-ზე მეტი) კი ქირურგიულ ჩარევას

როგორც ყველა დარღვევის დროს აქაც მთავარია პროფილაქტიკა და რეკომენდებული წესების დაცვა:

  • ბავშვი უნდა იწვეს ძნელად დეფორმირებად საწოლზე და თავქვეშ ედოს დაბალი ბალიში
  • სიმაღლის შესაბამისი მოხერხებული მერხი და სკამი
  • ზურგჩანთა რომელსაც ბავშვი ატარებს არ უნდა აღემატებოდეს 2კგ-ს
  • 8 წლის ასაკამდე არ არის რეკომენდებული ცეკვასა და სპორტზე შეყვანა
  • დასაშვები სპორტის სახეობებია ცურვა-ზურგზე ბრასის ტიპის, თხილამურები და ცხენი (არა ჯირითი)

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შემთხვევათა 90%-ში სქოლიოზთან ერთად ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ ტერფის პათოლოგიები, მიოპია და თანკბილვის დარღვევა, ამიტომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, საჭიროების შემთხვევაში ოფთალმოლოგის, სტომატოლოგისა და პოდოგრაფისტის კომსულტაციაც.

 

https://www.youtube.com/watch?v=g60BCclSteI