სურათებიანი წიგნის ჯადოსნური მოქმედება ბავშვის ადრეულ განვითარებაზე

სურათებიანი წიგნი ბავშვის განვითარების ის წყაროა, რომლის ჩანაცვლებაც შუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წიგნების ფასი მაღალია, ისინი უკვე ხელმისაწვდომია და  ხარჯი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისგან მიღებული სარგებელი.

ბავშვებს მოსწონთ სურათებიანი წიგნები მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ლაპარაკს. ილუსტრაციები საშუალებას აძლევთ, უკეთ გაიგონ თხრობა, გამოსცადონ ხმები და ბგერები. სურათებიანი წიგნი ეს არის დასწავლის მულტი-სენსორული (მრავლობითი შეგრძნებებით მიღებული) გამოცდილება თავის ტვინის განვითარების სტიმულაციისთვის, რასაც მხოლოდ ტექსტის წაკითხვა ვერ იძლევა.

სურათებიანი წიგნის ჯადოსნობა ბავშვის თავის ტვინში იმალება: ხდება ნათხემის და თავის ტვინის სხვადასხვა უბნების ქერქის ნეირონების დაკავშირება და სინქრონიზაცია, აქტიურდება უმაღლესი მხედველობითი, მახსოვრობის და სემანტიკური უბნები.

პირველი წლის განმავლობაში ბავშვის თავის ტვინის ზომა თითქმის ორმაგდება. მეორე წელიწადში უკვე ჩნდება ენისა და სხვა უმაღლესი ნერვული ფუნქციების სინაფსები, ხოლო  მეხუთე დაბადების დღისთვის ბავშვის თავის ტვინში უკვე განვითარებულია ენის, ემოციური კონტროლის, მხედველობის, სმენის და ქცევითი პასუხები. ამ პასუხებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადრეული ასაკის გამოცდილება.

სურათებიანი წიგნი არის ბავშვთან მშვიდი, პირისპირ კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება. შეეცადეთ ბავშვს შეუყვარდეს წიგნების თვალიერება. პირველი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. „წაუკითხეთ“ ის და გაახმოვანეთ მშვიდად და არტისტულად. ეს გამოცდილება აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს, რომ ახალი წიგნის დათვალიერების და „წაკითხვის“ სურვილი გაუჩნდეს.

სწორედ სურათებიანი წიგნი იძლევა წარმოსახვის სტიმულაციას. უკვე იმ ასაკიდან, როცა ბავშვი ახერხებს ლაპარაკს, მას სჭირდებათ გამოცდილება ამბის მოსაყოლად. უტექსტო, სურათებიანი წიგნი კი ამის საუკეთესო საშუალებაა. სწავლობს, როგორ ააწყოს წინადადება, აზრობრივად დააკავშიროს სხვადასხვა წინადადება ერთმანეთთან ისე, რომ მოყოლილი ამბავი ბუნებრივი გამოვიდეს. სურათებიანი წიგნით ამბის მოყოლა ამდიდრებს ბავშვის ლექსიკას და ვერბალურ უნარებს.

სანამ მოყოლას სთხოვთ, მიეცით დრო, რომ კარგად დაათვალიეროს. თუ თქვენ დრო არ გაქვთ, ჯობია გადადოთ სხვა დროისთვის, რადგან სწრაფად დათვალიერებისას ის გამოტოვებს მნიშვნელოვან მხედველობით მინიშნებას და შეიძლება გაუჭირდეს ამბის გაგება. ეს ხომ ბავშვისთვის ყველაზე მშვიდი და წყნარი თამაშია.

გახსოვდეთ, რომ ადრეული ბავშვობის ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ეს ჯადოსნური დრო ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის.