სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა

2 აპრილს საქართველო შეუერთდა მსოფლიოს და უკვე მეექვსედ აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე. ასეთი ღონისძიებებიერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი საშუალებაა სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ დღევანდელი სტატია ფსიქიკური აშლილობების შესახებ გავრცელებულ მითებსა და ფაქტებს გაგაცნობთ.
ამერიკული კვლევების თანახმად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 4-დან 3 პირს გამოუცდია სტიგმის გავლენა საკუთარ თავზე, მათ შორის:
✓ სირცხვილის განცდა
✓ დანაშაულის შეგრძნება
✓ უმწეობისა და უიმედობის განცდა
✓ დისტრესი
✓ მედიის მხრიდან არასწორი/დამახინჯებული გაშუქება
✓ იმედგაცრუება აუცილებელი დახმარების ძიებისა და მიღებისას.

სტიგმატიზაციას ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული მითები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს რეალურ ფაქტებთან ერთად.

მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები იშვიათია.
ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ყოველი 4-5 ადამიანიდან ერთს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც. ის შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის, განათლებისა და შემოსავლის მქონე ადამიანს.

მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზი პიროვნული სისუსტეა.
ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა პიროვნული მახასიათებელი არ არის; მისი გამომწვევიი მიზეზი სხვადასხვა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორი შეიძლება იყოს. დახმარების მოთხოვნა კი, პირიქით, პიროვნულ სიძლიერეზე მიუთითებს.

მითი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ფაქტი: სწორი დახმარების შედეგად უმრავლესობა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და პროდუქტიულად და დამაკმაყოფილებლად ცხოვრობს.

მითი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაძლიონ პრობლემა.
ფაქტი: ფსიქიკური აშლილობა პიროვნული სისუსტე არ არის და “ძლიერი ნება” ვერ “განკურავს” მას, ამიტომაც საჭიროებს პროფესიონალების დახმარებას!

მითი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საავადმყოფოებში უნდა იყვნენ გამოკეტილნი.
ფაქტი: საავადმყოფოში იზოლირება ხელს უშლის რეაბილიტაციის პროცესს. სწორი დახმარების შედეგად უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას.

მითი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები აგესიულები არიან.
ფაქტი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები დანარჩენ პოპულაციაზე აგრესიულები და საშიშები არ არიან. პირიქით, ხშირად თავად ხდებიან სხვისი აგრესიის მსხვერპლნი.
გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის ბრძოლაში საზოგადოებამ სტიგმა და დისკრიმინცია უნდა დაამარცხოს.

და ბოლოს, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც სტიგმის დამარცხებას ხელს შეუწყობს:
1. ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების ცოდნის ამაღლებაზე -ისწავლეთ და გაავრცელეთ ფაქტები მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
2. სტიგმასთან ბრძოლის პროცესში საჭიროა ფსიქიკური პრობლემის მქონე პირთა ჩართულობა – ისაუბრეთ ღიად საკუთარ გამოცდილებაზე;
3. გაავრცელეთ სწორი ინფორმაცია და გამოიყენეთ მედია როგორც მოკავშირე – ამოიღეთ ხმა, როცა მეგობრები, ოჯახის წევრები ან მედია ცრურწმენებსა და ნეგატიურ სტერეოტიპებს ავრცელებს;
4. დაუკავშირდით და გაუზიარეთ გამოცდილება – გაიცანით მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა.

 

მოამზადა გვანცა ჩვამანიამ.