სოციალური შფოთვა ბავშვებში

ზოგიერთი ბავშვი თავისუფლად ურთიერთობს უცხოებთან, მარტივად და სიამოვნებით საუბრობს იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობს.
ზოგი კი პირიქით, უცხო გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობს და გაურბის სხვების ყურადღებას. ბავშვის ასეთ ქცევას, ხშირად მორცხვობას მიაწერენ, თუმცა შესაძლოა ამგვარი ქცევის მიზეზი გადაჭარბებული შფოთვა იყოს, რომელსაც სოციალურ შფოთვას უწოდებენ.

სოციალური შფოთვის ნიშნებია:
• თავს არაკომფორტულად გრძნობს ზრდასრულებთან ან სხვა ბავშვებთან საუბრისას მაშინაც კი, თუ მათ იცნობს;
• თავს არიდებს მზერით კონტაქტს, საუბრისას თავისთვის ბუტბუტებს ან ძალიან ჩუმად ლაპარაკობს;
• უცხო ადამიანებთან წითლდება, კრთება და ოფლიანობს;
• ტირის, ყვირის ან ჩხუბით არიდებს თავს სხვებთან შეხვედრას;
• ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს რაიმის არასწორად თქმის ან გაკეთების გამო;
• უჩივის მუცლის ტკივილს და ამით ცდილობს თავიდან აირიდოს სკოლაში, ექსკურსიებზე ან დღესასწაულებზე სიარული;
• თავს არიდებს სხვებთან ურთიერთობას და მთელი თავისუფალი დროის სახლში გატარება ურჩევნია.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სოციალური შფოთვის დაძლევაში?

  1. დაიწყეთ საკუთარი თავით: თუ თქვენ შფოთავთ შეხვედრების დროს, თქვენ ბავშვსაც გადასცემთ ამ შფოთვას. გახსოვდეთ, რომ თვენი შვილი გბაძავთ თქვენ, ამიტომაც იყავით თავდაჯერებული.
    2. იყავით პოზიტიურნი: ხშირად სოციალურ შფოთვას სხვების მხრიდან განსჯის შიში იწვევს. ასე რომ, არ გააკრიტიკოთ თქვენი ბავშვის ქცევა სხვებთან. ამის ნაცვლად, მოძებნეთ წახალისების მიზეზი.
    3. ითანამშრომლეთ მასწავლებლებთან: უკეთესია, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთად და კონსტრუქციულად მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე.
    4. ღრმა სუნთქვა: შფოთვის შემცირების ერთ-ერთი უძველესი ხრიკია ღრმად სუნთქვა. 18 თვის ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ, ისწავლონ რამდენიმე ღრმა შესუნთქვის გაკეთება დამშვიდების მიზნით.
    5. დრო მარტო ყოფნისთვის მშვიდ გარემოში: საბავშვო ბაღი ან მოსამზადებელი კლასი ზოგჯერ არის სტრესული ადგილი ბავშვებისთვის. ზოგჯერ ის, რაც სოციალურ შფოთვას ჰგავს, არის მარტო ყოფნის ნორმალური და ჯანსაღი მოთხოვნილება. ბავშვს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო სივრცე, სადაც მას შეეძლება რამდენიმე წუთი საკუთარ თავთან დარჩეს.
    6. საკუთარი ემოციების გაცნობიერება: როდესაც ბავშვები სწავლობენ საკუთარ გრძნობებზე დაკვირვებასა და გაცნობიერებას, მათ უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი მარტივი გამკლავების სტრატეგიები, როგორიცაა ღრმად სუნთქვა ან გარკვეული დროის ცალკე გატარება.
    7. როლური თამაში: მოიფიქრეთ სოციალური სიტუაციები და გაითამაშეთ ისინი ბავშვთან ერთად. იყავით კრეატიულნი, სურვილის შესაბამისად გამოიყენეთ კოსტუმები, საგნები, ამ თანაშში ჩართეთ და-ძმები, სათამაშოები.
    8. იკითხეთ წიგნები სოციალური პრობლემებისა და თავდაჯერებულობის შესახებ: იმსჯელეთ და ისაუბრეთ გმირების ძლიერ მხარეებსა და სირთულეებზე.
    9. გარეთ თამაში: დაკავდით აქტიური თამაშებით, მაგალითად: ირბინეთ გარეთ, იქანავეთ საქანელაზე, ითამაშეთ ქვიშაში და ა.შ. ასეთი აქტივობა ამცირებს შფოთვას როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებში.
    10. მადლიერება: დაეხმარეთ ბავშვს, მოძებნოს მიზეზი და მადლობა გადაუხადოს სხვებს. ეს ხელს უწყობს ემოციის გადართვას შიშიდან მადლიერებაზე.
    11. სახალისო სოციალური აქტივობები: გამოარჩიეთ ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობა: მუსიკალური, სპორტული თუ სხვა. შემდეგ კი შექმენით სიტუაცია, სადაც ბავშვს შეეძლება ამ აქტივობაში ჩართვა მის თანატოლებთან ერთად.
    12. გაითვალისწინეთ ბავშვის ტემპერამენტი: ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს მეტი დრო მარტო ყოფნისთვის ან უცხოებთან დაახლოებისთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ საჭიროებს გადაჭარბებულ ყურადღებას მშობლის მხრიდან.
    13. ენდეთ ბავშვის კომპეტენციას: ნუ ეცდებით, დაიცვათ ბავშვი სოციალური ურთიერთობებისგან. მიეცით საშუალება თავად უპასუხოს შეკითხვებს, თუნდაც ასეთ დროს დისკომფორტს განიცდიდეს და ნუ დართავთ ნებას ხშირად გაერიდოს მისთვის არასასურველ სიტუაციებს.
    14. მცირე ნაბიჯები: დასწავლა მიმდინარეობს ნელა, მცირე ნაბიჯებით. მიჰყევით სოციალურ უნართა დასწავლას იმ ტემპით, როგორსაც საჭიროებს ბავშვი. დაეხმარეთ იმის გააზრებაში, რომ ურთიერთობაში ექნება როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი შემთხვევები.
    15. ბალანსი: მიეცით ბავშვს საშუალება, ჰქონდეს მარტო ყოფნის ან არაფრის კეთების დრო, ისევე როგორც სოციალური ჩართულობის შესაძლებლობა.

წყარო: https://www.psychologytoday.com/…/social-anxiety-in-toddlers

სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა მარიამ ვართანიანმა