სიყვარულისა და ზრუნვის გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე

ბავშვის განვითარება მშობელთან მჭიდრო ემოციური ურთიერთობით იწყება. მშობლის მხარდაჭერა და ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ფსიქოლოგიური განვითრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სიყვარულით, ზრუნვით და მხარდაჭერით სავსე გარემო მთელი სიცოცხლის განმავლობაში უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას.

ბავშვობის შესახებ ბედნიერი მოგონებები და დადებითი ემოციები განსაზღვრავს მდგრად ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ცხოვრების ყველა ეტაპზე. ეს მოგონებები ამცირებს სტრესს და პიროვნებას ეხმარება გარემოს მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებაში. ეფექტი არ მცირდება დროის გასვლის მიუხედავად. ადამიანებს ნებისმიერ ასაკში კარგად ახსოვთ ბავშვობის პოზიტიური მოგონებები. ზრდასრულებს, რომლებსაც ბავშვობის სასიამოვნო მოგონებები აქვთ, განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობის კუთხით, აქვთ უკეთესი ჯანმრთელობა, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და ქრონიკული დაავადებებისაკენ. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსგავსი მოგონებები ახალგაზრდებში დაკავშირებულია დასაქმების მაღალ მაჩვენებელთან, ჯანსაღ ურთიერთობებთან და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დაბალ მაჩვენებელთან.

ყოველი პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც მშობელი შვილის მიმრთ გამოხატავს, ნაყოფიერია მისი მომავლისათვის. მშობლები დიდ დროსა და ძალისხმევას უთმობენ ბავშვის აკადემიურ და სპორტულ მიღწევებს, მაგრამ ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე მთავარი – სიყვარული, რის გამოც შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. მშობლის სიყვარულითა და მხარდაჭერით იზრდება ბავშვის ფსიქოლოგიური მედეგობა და სტრესის მიმართ გამძლეობა. სიყვარული და ზრუნვა ბავშვს ეხმარება თავი იგრძნოს დაცულად წარმატების და მარცხის მიუხედავად, უმყარდება საკუთარი თავის რწმენა და საკუთარი თავის პატივისცემა.

სიყვარული და მხარდაჭერა:

• განსაზღვრავს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
• ხელს უწყობს კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას;
• ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას და მეხსიერების გაუმჯობესებას;
• მშობელსა და ბავშვს შორის ქმნის უფრო ღრმა მიჯაჭვულობას;
• ამცირებს ბავშვის შიშს და ჩაკეტილობას.

სიყვარულის გამოხატვის ჯანსაღი ფორმებია:

ფიზიკური სიახლოვე – პატარა ასაკში მშობლებმა სიყვარული და ზრუნვა უნდა გამოხატონ ფიზიკური სიახლოვით, ჩახუტებითა და ხელში აყვანით. ამით ბავშვი გრძნობს რომ სიყვარულის ობიექტია და სამყაროს მიმართ ნდობა უყალიბდება.

ერთობლივი თამაში – ბავშვთან ერთად თამაში კარგი საშუალებაა, აჩვენოთ მას თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა. თამაშის პროცესში ვითარდება მეტყველება, აზროვნება და სოციალური უნარები. ერთობლივი თამაში საშუალებას მოგცემთ მოისმინოთ ბავშვის აზრი და თვალი ადევნოთ მისი გრძნობების გამოხატვას.

სეირნობა – ბავშვთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობა კარგი საშუალებაა, აჩვენოთ თქვენი მიჯაჭვულობა. ამით ბავშვი გრძნობს თქვენთან სიახლოვეს, მხარდაჭერასა და უსაფრთხოებას.

ახალი თემების განხილვა – ბავშვისთვის ახალი და საინტერესო თემების განხილვა კიდევ ერთი საშუალებაა აჩვენოთ მხარდაჭერა და სიყვარული. ეს ეხმარება ბავშვს დაძლიოს სხვადასხვა ტიპის შიშები და დაგეგმოს აქტივობები.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მშობლებს ზრუნვის გამოხატვა შეუძლიათ ისეთი არაფიზიკური საშუალებებით, როგორიცაა ბავშვისთვის ყურადღების დათმობა, მნიშვნელოვანი მომენტების დამახსოვრება და ერთად აღნიშვნა. სიყვარულის გამოხატვის დროს მნიშვნელოვანია ბავშვის პირადი სივრცისა და სურვილების პატივისცემა.

გისურვებთ წარმატებას!

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. John Bowlby – A Secure Base: Parent-Child Attachment and Healthy Human Development – 1988
2. https://www.apa.org/…/rel…/2018/11/happy-childhood-memories…
3. https://www.skills.edu.eg/why-does-a-child-need-love-affe…/…