სიმართლე თოვლის ბაბუაზე (მხოლოდ უფროსებისთვის! :) )

 

ახალი წელი და შობა წლის ყველაზე ჯადოსნური დროა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. საახალწლო მაგიის შექმნაში უმთავრესი როლი უფროსებს აკისრიათ, თუმცა სადაოა როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. წაახალისოს თოვლის ბაბუის მითი და ამ კეთილი ტყუილით ბავშის წარმოსახვა განავითაროს თუ სიმართლე უთხრას შვილს და რეალური ცხოვრებისათვის თავიდანვე მოამზადოს?

როცა ამ თემასთან დაკავშირებით სტატიის მომზადება დავიწყე ბავშვობის მოგონებები დამიდგა თვალწინ… კარგად მახსოვს 5 წლის ვიყავი, როცა პირველად გამოვთქვი ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ. ცოტა ხანში დედამ ტელეფონის ყურმილი მომაწოდა, გირეკავენო და სახლის მეორე ოთახიდან ე.წ. პარალელური ტელეფონით მამაჩემმა შეცვლილი ხმით მომილოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და რა საჩუქარს ისურვებდიო მკითხა. გვარიანად შემეშინდა და კარგა ხანს საკუთარი ეჭვები ამ და სხვა ლოგიკურ საკითხებზე მშობლებისთვის აღარ გამიმხელია 🙂

ჩემდა საბედნიეროდ ტყუილმა გაამართლა… მშენივრად მახსენდება ის დღეები, როცა მჯეროდა თოვლის ბაბუის, როცა ღია ფანჯრიდან კარლსონის შემოფრენას ველოდი და სახლში არსებული სათავსოების ჩემთვის უცნობ უჯრებს მონდომებით ვქექავდი განძის  კუნძულის რუკის პოვნის იმედით.

თუმცა ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა ბავშვი თოვლის ბაბუაში გადაცმულ მშობელს, ბაღის აღმზრდელს ან ოჯახის ახლობელს ამოიცნობს და იმედგაცრუებული ეგუება  მწარე რეალობას…. ალბათ სწორედ აქ სრულდება ბავშვობის რაღაც ნაწილი….

და მაინც რას გვირჩევენ მკვლევარები? სად გადის ზღვარი ჯანსაღ წარმოსახვასა და რეალობის დამახინჯებულად აღქმას შორის?

ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საშობაო სასწაულების შესახებ ტყუილის თქმა საზიანოა ბავშვის ემოციური განვითარებისათვის. მაგალითად 2016 წელს ლანცეტის ფსიქიატრიულმა ჟურნალმა  გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორები (Christopher Boyle, Kathy McKay) მშობლებს ურჩევდნენ, არ მოატყუონ თავისი შვილი, რადგან  სიმართლის გაგებისთანავე ბავშვს გარდაუვალი იმედგაცრუება ელის და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ  მშობლის მიმართ ნდობა დაკარგოს.

ფსიქოლოგთა მეორე ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს. ცნობილია, რომ „ზღაპული აზროვნება“ განვითარების განუყოფელი პროცესია და ეხმარება ბავშვს წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამიტომაც სულაც არ არის ცუდი ბავშვს სჯეროდეს კეთილი ადამიანის არსებობის, რომელიც საშობაოდ კარგი საქციელისათვის ხალხს აჯილდოვებს.

აღსანიშნავია, რომ შემეცნებითი უნარების განვითარებასთან ერთად ბავშვი „ზღაპრული აზროვნებიდან“ „ლოგიკურ აზროვნებაზე“ გადადის და უმრავლეს შემთხვევაში თავად ან თანატოლების დახმარებით იგებს სიმართლეს. კვლევების მიხედვით 7-9 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობას აღარ სჯერა თოვლის ბაბუის (იხ. გრაფიკული სურათი), თუმცა თუ ბავშვს უფრო მცირე ასაკში უჩნდება ეჭვი და მშობელს ლოგიკურ შეკითხვებს უსვამს, ის უკვე მზად არის სიმართლის მისაღებად და უმჯობესია მშობელმა გულწრფელად უპასუხოს.

მანამდე კი, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი პატარები ჯერ ისევ ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობენ, თავად მშობლებმა გადაწყვიტეთ, რომელ გზას აარჩევთ წანასაახალწლო განწყობის შესაქმნელად…

მთელი ჩვენი გუნდის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს და გისურვეთ თქვენს ცხოვრებაშიც იყოს ჯადოსნური წუთები, რომელიც უფროსებსაც ხშირად გვჭირდება, ამიტომაც ბევრი ჩვენთაგანი მივმართავთ ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურასა და ბედნიერი დასასრულის მქონე ფილმებს განწყობის ასამაღლებლად!

 

საუკეთესო სურვილებით,

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია