სახლში სწავლება კოვიდ 19-ის დროს: როგორ განუვითაროთ ბავშვებს თვითრეგულაცია და შემოქმედებითობა – 8 რჩევა მშობლებს

როგორ განუვითაროთ ბავშვებს თვითრეგულაცია და შემოქმედებითობა – 8 რჩევა მშობლებს

პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის პერიოდში მშობლები და პედაგოგები დიდი მონდომებით ცდილობენ ხელი შუწყონ ბავშვების განათლების პროცესს სახლის პირობებში. უამრავ მოსწავლეს აქვს თვითრეგულაციის სირთულე, უჭირთ შეინარჩუნონ მოტივაცია და ყურადღების კონცენტრაცია შეჩვეული სტრუქტურირებული საკლასო გარემოს გარეშე.

თვითრეგულაციის ცნება მოიცავს ყურადღებას განაწილებას, აქტივობის ორგანიზებას, თვითკონტროლს, საქმიანობის დაგეგმვასა და მეხსიერების ეფექტურად გამოყენების უნარს.

შემოთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება მშობლებს ხელი შეუწყონ ბავშვებში თვითრეგულაციის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ბავშვების დისტანციურ საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულობას.

1. მოაწყვეთ თავისუფალი სასწავლო გარემო ბავშვისთვის. სამუშოს შესრულების შუალედებში გამოყავით დრო შესვენებებისათვის. წაახალისეთ და შეაქეთ ბავშვი სწავლის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ.

2. დაყავით დავალება შედარებით მცირე ნაწილებად და დავალების პირობიდან გამომდინარე მკაფიოდ განუსაზღვრეთ, რას ნიშნავს დავალების წარმატებული შესრულება. მაგალითად: დავალება დაანაწევრეთ ისეთ კომპონენტებად, როგორიცაა სათაური, მოცემულობა/პირობა, პერსონაჟების ჩამონათვალი ან დასასრული. განიხილეთ დავალების შესრულების ალტერნატიული ვარიანტები. მოსწავლემ უნდა შეაფასოს რომელი ვარიანტია უმჯობესი და შესაბამისად გააკეთოს არჩევანი.

3. დაეხმარეთ გეგმების ჩამოყალიბებაში. სთხოვეთ, განსაზღვროს და შეაფასოს მისი გადაწყვეტილებების ხანმოკლე და გრძელვადიანი შედეგები. მაგალითად: „მოდი განვიხილოთ წაკითხული მოთხრობა. რომ შეგეძლოს დასასრულის შეცვლა, როგორ დასასრულს აირჩევდი? თუ აირჩევ ბედნიერ დასასრულს, როგორ იმოქმედებს ეს სიუჟეტის განვითარებასა და პერსონაჟების ცხოვრებაზე?“

4. მიეცით არჩევანის საშუალება ისეთ საქმიანობაში, რომლის წარმართვაც დამოუკიდებლად შეუძლია. ჩართეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს თვითრეგულაციის განვითარებას იმაზე უფრო მეტად, ვიდრე პირდაპირ მიცემული ინსტრუქციები. მაგალითად: ბავშვმა დღის განმავლობაში სასკოლო დავალებების მომზადებას უნდა დაუთმოს 2 საათი. სთხოვეთ, თვითონ გაანაწილოს დრო და დაგეგმოს დავალებების მომზადების თანმიმდევრობა.

5. მიეცით დრო და საშუალება, გაეცნოს ახალ ინფორმაციას, რათა დროთა განმავლობაში დაიმახსოვროს ის. ბავშვს უნდა შეეძლოს წაკითხული ტექსტი ახსნას თავისი სიტყვებით, დასვას კითხვები მის შესახებ, შეასრულოს და გაიმეოროს ნასწავლი მასალა პრაქტიკაში. მაგალითად: სთხოვეთ შეადგინოს ტესტი იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც დაიმახსოვრა დღის განმავლობაში. მოამზადოს მასალა იმ ფორმით, რომ შეძლოს გასაგებ ენაზე მისი ახსნა.

6. ეტაპობრივად მიეცით საშუალება გამოიყენოს პრობლემის გადაჭრისა და დავალების შესრულებისათვის ალტერნატიული გზები. ის მიდგომა, რომელსაც თქვენ ასწავლით შესაძლოა არ იყოს ერთადერთი ან საუკეთესო კონკრეტული დავალების შესრულებისათვის. მაგალითდ: „შენთვის გასაგებია ამ პრობლემის გადაჭრის გზა, შეგიძლია თუ არა სხვა მეთოდის გამოყენება რომლითაც შეძლებ იგივე პასუხის მიღებას?“.

7. შეცვალეთ დავალების ფორმულირება და მის გადაჭრაზე მიმართული მოქმედებები. მეცადინეობის პროცესში გამოიყენეთ ისეთი სიტყვები როგორიცაა „შევქმნათ“, „მოვიფიქროთ“, „აღმოვაჩინოთ“, „წარმოვიდგინოთ, რომ“ და „სავარაუდოდ“. მაგალითად: „წარმოიდგინე რომ აგვისტოში დაბრუნდი სკოლაში. სავარაუდოდ, როგორ შეიცვლება შენი დღის განრიგი? რა დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი?“ საჭიროების შემთხვევაში, პასუხებს მიეცით სასურველი მიმართულება.

8. შექმენით თამაშის შესაძლებლობა. შემოქმედებითი თამაში ხელს უწყობს თვითრეგულაციის განვითარებას. მაგალითად: ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, რომლებიც მოითხოვენ დაგეგმვას, პრობლემების გადაჭრას ან ჰიპოთეზების გენერირებას. თუ მუსიკალური ოჯახი ხართ, სცადეთ ერთად შექმნათ მუსიკა. იმღერეთ და დაუკარით დუეტში, შექმენით სიმღერები და შეასრულოთ ისინი ოჯახთან ერთდ.

იმედია ასე დაგეგმილი სწავლება დაგეხმარებათ თქვენი ბავშვების თვითრეგულაციისა და შემოქმედებითობის განვითარებაში.
წარმატებებს გისურვებთ!

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.