სალივაციის (ნერწყვდენის) პრობლემა ბავშვებში

ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა) არის ნერწყვის გაუცნობიერებელი გადმოდინება პირის ღრუდან. ის ნორმალურ მოვლენად ითვლება 14-18 თვის ასაკში.  4 წლის ასაკის ზემოთ კი უკვე დარღვევაა და პრობლემებს უქმნის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სალივაცია შეიძლება გამოწვეული იყოს:

  •  ორალურ-მოტორული კუნთების დაბალი ტონუსით;
  • ორალურ-მოტორული მექანიზმის გაუმართავი ფუნქციონირებით;
  • კისრის და თავის სწორი პოზის შენარჩუნების სირთულით;
  • ჭარბი ნერწყვის გამომუშავებით;
  • ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემით;
  • პირით სუნთქვით.

სალივაციის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს შეეძლოს საკუთარი პირის ღრუს აღქმა, ჰიგიენის დაცვა და ნერწყვის გადაყლაპვა.  ასევე, მნიშვნელოვანია სხეულისა და თავის სწორად დაჭერა, ტუჩის კუნთების ტონუსში მოყვანა და ენის მოქნილობა.

ორალურ-მოტორული უნარების გაუმჯობესებისთვის ეფექტურია შემდეგი აქტივობები და თამაშები:

  •  საპნის ბუშტების გაბერვა – ეხმარება ტუჩის კუნთებს.
  • ბაგისმიერი თანხმოვნების (მმმმ/ბბბბ/ფფფფ/პპპპ) წარმოთქმა, რაც ზრდის ტუჩების დახურულ მდგომარეობაში შენარჩუნების დროის ხანგრძლივობას. ამავე მიზნით შესაძლებელია სითხის საწრუპი ჩხირის გამოყენებაც.
  • სარკეზე ან ფურცელზე ტუჩების ანაბეჭდების დატოვება.
  • სარკის წინ ღიმილი, ლოყების გაბერვა, ტუჩების წინ გამოწევა.
  • საწრუპით იოგურტის ან სხვა ბლანტი სითხის დალევა – ტუჩის კუნთების ტონუსში მოსაყვანად.
  • ცხვირსახოცის ხმარების უნარის გამომუშავება.

ზოგჯერ ბავშვი პირის ღრუს აპარატს ვერ მართვას, ვერ გრძნობს ნერწყვს ან არ შეუძლია მისი გადაყლაპვა, რაც იწვევს ნერწყვდენას პირის ღრუდან გარეთ.

პირველ რიგში ასწავლეთ ბავშვს, ამოიცნოს და ერთმანეთისგან განასხვავოს მშრალი და სველი:

  • ესაუბრეთ სისველესა და სიმშრალეზე;
  • აჩვენეთ წყალში დასველებული საგანი;
  • დაუსველეთ ხელისგულები და ხელები.

იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ყბების კონტროლი, გააძლიეროს კუნთები და შეძლოს მართვა, სთხოვეთ დააჭიროს კბილები ერთმანეთს, თქვენ თავზე აჩვენეთ მოდუნებული და დაკეტილი ყბის განსხვავება. ვიზუალური ეფექტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკე.

როგორც კი ბავშვი დაიწყებს პასუხის სწორად გაცემას და შეუძლია სველისა და მშრალის განსხვავება, დაიწყეთ ნერწყვის გადაყლაპვის სწავლება. ამისთვის სთხოვეთ, რომ მოსვას ცივი სითხე – ავარჯიშეთ გადაყლაპვაზე. შემდეგ უკვე გადადით ნერწყვის გადაყლაპვის სწავლებაზე. იმიტომ რომ ბავშვმა არ იფიქროს, რომ მხოლოდ წყალი უნდა გადაყლაპოს, ნერწყვის გადაყლაპვას დაარქვით მშრალი ყლაპვა. უკვე ბოლო საფეხურია ამ ყველაფრის ჩვევაში გადატანა.

ეფექტური ხერხია ტაიმერის პრინციპი:  ვაყენებთ ტაიმერს და ყოველ 5 წუთში, ტაიმერის დარეკვის დროს ბავშვს ვახსენებთ, რომ ნერწყვი გადაყლაპოს. პროგრესისთვის თვეებია საჭირო. არ დაგავიწყდეთ, რომ მუდმივად შეაქოთ ბავშვი, დარჩეთ  პოზიტიური და გამოიყენოთ ბავშვისთვის პრიორიტეტული ჯილდო.

 

წარმატებებს გისურვებთ!

მასალა მოამზადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა: მარიამ ადამიამ