როცა ბავშვი იტყუება

ტყუილის თქმა ბავშვის კოგნიტური(შემეცნებითი) განვითარების ნიშანია

ბავშვის აღზრდის ტენდენციები ხშირად იცვლება, თუმცა ერთ საკითხზე თითქმის ყველა თანხმდება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვმა არ უნდა მოიტყუოს. აღმოჩნდა, რომ ტყუილის თქმა არის შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილი და არ უნდა განიხილებოდეს ეთიკის კონტექსტში.
სიმართლის დამახინჯების, ტყუილის თქმის უნარი არის განვითარების ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც სიარულის ან ლაპარაკის დაწყება. ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, Kang Lee-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტყუილის თქმას ადრევე სწავლობენ თავის ასაკთან შედარებით მეტად განვითარებული ბავშვები. 2 წლის ასაკის ბავშვთა 30%, რომლებმაც უკვე იციან ლაპარაკი, ცდილობენ მშობლების „გაცურებას“. 3 წლის ასაკის ბავშვების 50% კი ამას უფრო ხშირად ცდილობს, იტყუება 4 წლის ბავშვების 80%, ხოლო 5-დან 7 წლამდე ასაკის თითქმის 100%.
სხვა სიტყვებით, პატარა ბავშვისთვის ტყუილი არ არის უჩვეულო. ასევე, პროფესორ Lee-ის აზრით „მატყუარა“ ბავშვებს უკეთესად აქვთ განვითარებული კოგნიტური უნარები სიმართლის მთქმელ ბავშვებთან შედარებით.
„მოტყუებისთვის საჭიროა 2 კომპონენტი. ბავშვს უნდა ესმოდეს რა ხდება სხვის გონებაში – უნდა იცოდეს, რა იცის და რა არ იცის სხვა ადამიანმა. ჩვენ ამ უნარს გონების თეორიას (theory of mind) ვუწოდებთ. ბავშვები, რომლებიც უკეთ „ერკვევიან“ გონების თეორიაში, უკეთ იტყუებიან“.
პროფესორ Lee-ის აზრით, მეორე კომპონენტი არის აღმასრულებელი ფუნქცია (executive function) – ეს არის წინასწარი დაგეგმვა და არასასურველი ქმედების (იგულისხმება სიმართლის თქმა) შეკავება/დაბლოკვა – არასასურველი ქმედებისგან თავის შეკავება. მოტყუების უნარის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვების 30%-ს აქვს აღმასრულებელი ფუნქციის უკეთესი უნარი, განსაკუთრებით კი უნარი, რომ შეიკავოს სიმართლის თქმის იმპულსი და გადაერთოს ტყუილზე.“
ასეთი კოგნიტური დახვეწილობა ნიშნავს, რომ ეს პატარა მატყუარები უფრო წარმატებულნი იქნებიან სკოლაში და სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში.
პროფესორ Lee-ისთვის ათწლეულების მანძილზე იყო ცნობილი, რომ გონების თეორიაში გაწაფულ ბავშვებს კარგად ეხერხებათ ტყუილის თქმა, თუმცა მისთვის გაურკვეველი იყო ამ უნარებიდან რომელი იყო პირველადი. მოტყუების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ სხვა ადამიანის აზრების ამოცნობას? საბოლოოდ, ტყუილის თქმის მცდელობების შედეგად ბავშვები ღებულობენ უკუკავშირს უფროსებისგან, რაც ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ განვითარებას. თუ პირიქით, როდესაც ბავშვი სწავლობს იმის წარმოდგენას თუ რა ხდება სხვის გონებაში, ის უკეთ ტყუის? პროფესორმა Lee-მ შეამოწმა ეს კონცეფცია ექსპერიმენტში, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალში “ფსიქოლოგიური მეცნიერება“ (Psychological Science).
გონების თეორიის სავარჯიშოები პოპულარული ინსტრუმენტი გახდა აუტისტური სპექტრის და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს. ამ ვარჯიშის დროს ბავშვები ერთვებიან ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ეხმარება მათ იმის აღმოჩენაში, რომ სხვა ადამიანებს შესაძლოა მათგან განსხვავებული ცოდნა ან აზრები ჰქონდეთ. ასევე, პროფესორ Lee-ის ლაბორატორიაში ბავშვებს უკითხავენ ამბებს სხვა ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობების შესახებ. „ამრიგად, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტი? შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ გონების თეორიაში გავარჯიშებით მოვახდინოთ მოტყუების სტიმულირება,“ – ამბობს პროფესორი Lee.
პროფესორმა Lee-მ კანადელ, ამერიკელ და ჩინელ მკვლევარებთან ერთად ჩაატარა კვლევა. მათ შეაფასეს ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის სკოლამდელი ასაკის 58 ბავშვის ინტელექტი, ტყუილის თქმის უნარი და აღმასრულებელი ფუნქცია. ამის შემდეგ დაყვეს ისინი 2 ჯგუფად. ბავშვების ნახევარს მიეწოდებოდა გონების თეორიის გამავარჯიშებელი დავალებები, ხოლო მეორე ნახევარს ავარჯიშებდნენ რიცხობრივი და სივრცითი პრობლემის გადაჭრის უნარებში.
6 სესიის შემდეგ, რომლებიც მიმდინარეობდა 8 კვირის განმავლობაში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გონების თეორიის ჯგუფის ბავშვებს არა მხოლოდ უკეთესად ეხერხებოდათ ტყუილის თქმა, ვიდრე ადრე, არამედ მნიშვნელოვნადაც სჯობნიდნენ საკონტროლო ჯგუფის ბავშვებს. შედეგი შენარჩუნებული იყო 1 თვის შემდეგაც.
„თქვენი შვილის პირველი ტყუილი არ არის საგანგაშო, პირიქით, ეს არის ზეიმის საბაბი. ეს კარგი მომენტია იმის სასწავლად და განსახილველად, თუ რა არის ტყუილი, რა არის სიმართლე და როგორია მათი გავლენა სხვა ადამიანებზე“.
მოამზადა მარი ვართანიანმა.