როგორ შეინარჩუნოთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის მოტივაცია დავალების შესრულების დროს?

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის ინტერესები ხშირად მშობლის ინტერესებს არ ემთხვევა. დავალება, რომლის შესრულებასაც უფროსი მოითხოვს ბავშვისგან, შესაძლოა არ იყოს ბავშვისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც უფროსისთვის. თუმცა ეს შესაძლოა არააკმარის მოტივაციას უკავშირდებოდეს და ამიტომაც, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, რომ დავალება ბავშვის გადმოსახედიდანაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს.
როგორ გააკეთოთ ეს?
  • დაადგინეთ რომელი ნივთი ან აქტივობა მოსწონს თქვენს შვილს ყველაზე მეტად? ეს ინფორმაცია კრიტიკულია თქვენი ბავშვის წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იცით რა მოსწონს თქვენს ბავშვს, აუცილებლად ჩამოწერეთ კიდევ ერთხელ.
  • შეზღუდეთ წვდომა ბავშვისთვის სასურველ ნივთებსა და აქტივობებზე, რათა სასურველი აქტივობები და ნივთები შემდეგში გამოიყენოთ, როგორც განმამტკიცებელი.
  • გახსოვდეთ, განმამტკიცებელი გვეხმარება პოზიტიური ქცევის გასაზრდელად, მაშინ როდესაც ბავშვს სჭირდება ჯილდო, შესრულებული დავალების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც თქვენ გაამზადებთ განმამტკიცებლების ჩამონათვალს, შეძლებთ გამოიყენოთ “ჯერ/შემდეგ” ვიზუალური ცხრილი. პირველ რიგში შესასრულებელი ანუ “ჯერ” აქტივობები მოიცავს ბავშვისთვის ნაკლებად სასურველ აქტივობას, ხოლო “შემდეგ” აქტივობები აერთიანებს ბავშვის საყვარელ აქტივობებს. გთავაზობთ “ჯერ/შემდეგ” აქტივობების შაბლონს, სადაც ჩახატავთ ან ჩაწერთ აქტივობებს თქვენი რუტინიდან გამომდინარე (შაბლონი 1).
წარმატების მისაღწევად, ზოგიერთ ბავშვს სჭირდება, რომ სასურველი აქტივობა დაუყონებლივ მოსდევდეს ყოველ არასასურველ აქტივობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთ ბავშვს არ აქვს ორი ან სამი არასასურველი აქტივობის ზედიზედ შესრულების მზაობა. “ჯერ-შემდეგ” ცხრილი გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ მრავალჯერადი დავალება სასურველი აქტივობის მიღების ნაცვლად ეტაპობრივად.
ფრთხილად იყავით! იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ უსიამოვნებები განმამტკიცებლების გამოყენებისას, არასდროს ესაუბროთ შემდეგნაირად: “თუ დავალებას არ გააკეთებ, ვერ ჩართავ ტელევიზორს.” როდესაც ასე საუბრობთ, ნაცვლად პოზიტიური ქცევის გაძლიერებისა, ჩვენ ხაზს უსვამთ დავალების შეუსრულებლობასა და დასჯას. მუქარამ და სავარაუდო შეზღუდვებმა საყვარელ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდად იმოქმედოს და გამოიწვიოს ბავშვის გაღიზიანება.
  • დაიწყეთ პატარა, თანმიმდევრული ნაბიჯებით და შეიმუშავეთ თქვენი გზა. თუ თქვენი მიზანია, ბავშვი მივიდეს სამუშაო მაგიდასთან და შეასრულოს დავალება დამოუკიდებლად, საჭიროა თითოეულ ნაბიჯზე მუშაობა და განმტკიცება.
  • ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია მათი განვითარების დონეები. უმჯობესია შეჩერდეთ, სანამ ბავშვი დაიღლება. მართალია, ყველა მშობლის მიზანს ბავშვის მაქსიმუმის გამოვლენა წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მისცეთ ბავშვს შესვენების უფლება, სანამ კარგად ასრულებს დავალებებს.
  • გამოიყენეთ თქვენი შვილის განსაკუთრებული ინტერესები, რომ ამოცანები უფრო საინტერესო და აზრიანი გახადოთ. მოტივაციის გაზრდის კიდევ ერთი გზა თქვენი შვილის განსაკუთრებული ინტერესების ინტეგრირებაა იმ ამოცანაში, რომლის შესრულებაც თქვენი მიზანია. მაგალითად, თუ ბავშვს მოსწონს დინოზავრები, შესაძლოა ამ თემატიკის მიხედვით დაეხმაროთ ბავშვს დაითვალოს 5-მდე ან 10-მდე, ან გააფერადოს დინოზავრი კონტურებს შიგნით.
  • შექმენით პოზიტიური ასოციაციები. ნაკლებად სასურველი საქმიანობის ჩანაცვლება საყვარელი აქტივობით, ინტერესების ინტეგრირება დავალებაში და სწორ დროს დავალების დასრულება ბავშვს უქმნის პოზიტიურ ასოციაცებს საქმიანობასთან და სკოლასთან. ამგვარი ასოციაციები ბავშვს ეხმარება სწავლის დროს სხვადასხვა უნარის განვითარებაში.
გამოიყენეთ მოსანიშნი დაფები და შეფასების სისტემა. ვიზუალური თვალსაზრისით ეს შესანიშნავი იარაღია, მიაღწიოს ბავშვმა მიზანს და ბოლოს მიიღოს განმამტკიცებელი. ამ დაფაზე გროვდება ქულები, სტიკერები ან ვარსკვლავები ძირითადი ჯილდოს მისაღებად. თქვენ კი შეგიძლიათ, თქვენი ბავშვის ინტერესების შესაბამისად შექმნათ სასურველი დაფა. გთავაზობთ შაბლონს (შაბლონი 2).
როგორ გამოიყენოთ ეს დაფა?
  • ნება მიეცით თქვენს შვილს აირჩიოს ის, რისი მიღებაც სურს. თუ შესაძლებელია, წარუდგინეთ განმამტკიცებელთა სია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის განმამტკიცებელი იყოს მაღალი ღირებულების.
  • ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი შეასრულებს დავალებას, სთხოვეთ მას მოათავსოს სტიკერი ან დახატოს ვარსკვლავი დაფაზე მოსანიშნ ველებში იმისათვის, რომ მიიღოს საბოლოო ჯილდო.
  • როდესაც ბავშვი შეავსებს დაფას, მიეცით საბოლოო ჯილდო და კვლავ განაახლეთ დაფა შემდეგი აქტივობებისთვის.
ფრთხილად იყავით! ნუ წაართმევთ მიღებულ ქულებს, ვარსკვლავებს ან სტიკერებს ბავშვს პრობლემური ქცევის აღმოცენების შემთხვევაში დასჯის მიზნით. ასევე, ნუ დაემუქრებით ბავშვს შემდეგნაირად: „თუ არ დაასრულებ დავალების გაკეთებას, დაფიდან მოვაშორებ სტიკერებს”. ჩვენი მიზანი არ არის განმამტკიცებლის გადაქცევა დამსჯელ სისტემად. ეს გამოიწვევს ნეგატიურ ემოციებს.
არსებობს კიდევ რამდენიმე გზა მოტივაციის გასაზრდელად:
  • მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების საშუალება;
  • ჩართულობის გასაზრდელად მიეცით ბავშვს წვდომა სენსორულ ნივთებზე, რომ მოახდინოს ხელებით მანიპულირება ისეთი აქტივობის დროს, როგორიცაა ჩუმად კითხვა;
  • გამოიყენეთ მოქნილი სავარძლები აქტივობის შესრულებისას;
  • გამოიყენეთ ნებისმიერი სიტუაცია სწავლის ხელშესაწყობად. მაგალითად, სეირნობისას ისაუბრეთ ფოთლების ან ღრუბლების ფორმაზე, ფერსა და ზომაზე.
გისურვებთ წარმატებას!
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა ანი ბებიაშვილმა.
გამოყენებული წყარო: https://www.crporegon.org/site/Default.aspx?PageID=441