როგორ მივხვდეთ ბავშვი ზარმაცია თუ დასწავლის უნარის დარღვევა აქვს?

“ბათუმელების” კითხვებზე პასუხობს ჩვენი ცენტრის აკადემიური თერაპევტი ნესტან კაპანაძე.

„ზარმაცია“, „სკოლაში წასვლას ვერ იტანს“,  „არ უყვარს სწავლა“, „კითხულობს და ვერაფერს იმახსოვრებს“, „სულ ეფანტება ყურადღება“, „სწავლობს, მაგრამ მოყოლას ვერ ახერხებს“ – ასე და კიდევ ბევრნაირად ჩივიან მშობლები შვილებზე, რომლებსაც შესაძლოა ინტელექტიც ასაკის შესაბამისი აქვთ და არც რაიმე დიაგნოსტირებული დაავადების მატარებლები არიან, მაგრამ მაინც აქვთ დასწავლის პრობლემები.

როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, დასწავლის უნარის დარღვევა ბავშვებში ინფორმაციის გადამუშავების პროცესის სპეციფიკურობითაა გამოწვეული.

რამდენად ხშირად აქვთ ბავშვებს დასწავლის პრობლემა, როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა სიზარმაცე დასწავლის უნარის დარღვევისგან, რით და როგორ შეუძლიათ  ამ უნარის დარღვევის შემთხვევაში მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვების დახმარება? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურ თერაპევტს, ნესტან კაპანაძეს ესაუბრა, რომლის საქმიანობაც მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში სხვა საკითხებთან ერთად არის ბავშვების შეფასება, მათთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განვითარების სპეციფიკური პროგრამის მომზადება.

  • ნესტან, რამდენად გავრცელებული პრობლემაა დღეს ბავშვებში დასწავლის სირთულე?

სამწუხაროდ საქართველოში ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, შესაბამისად უცნობია სასკოლო ასაკის რამდენ ბავშვს აქვს დასწავლის უნარის დარღვევა. დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, მაგალითად, 5-დან ერთ მოსწავლეს აქვს ამ უნარის გარკვეული სახის სირთულე – დისლექსია ან ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. კანადის მონაცემებით კი ბავშვების 3,2%-ს აქვს დასწავლის უნარის დარღვევა.

მოდით თავიდანვე ვთქვათ, რომ ზოგადი ტერმინი „დასწავლის უნარის დარღვევა“ გამოიყენება იმ ბაზისური ფსიქიკური პროცესების დარღვევის აღსანიშნად, რაც გავლენას ახდენს წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის, მსჯელობის და მათემატიკური უნარების განვითარებაზე.

მიჩნეულია, რომ დასწავლის უნარის დარღვევა გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების პროცესის სპეციფიკურობით.

ასეთი მოსწავლეების უმრავლესობას ნორმალური ან ნორმაზე მაღალი ინტელექტი აქვს, თუმცა უჭირთ წერა, კითხვა ან/და მათემატიკური მოქმედებების შესრულება, რადგან მათი ტვინი ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს.

  • როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვს დასწავლის უნარი აქვს დარღვეული და როგორ განვასხვავოთ ეს დარღვევა სიზარმაცისგან?

დიახ, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლე მასწავლებელს ან მშობელს შესაძლოა უბრალოდ ზარმაცი ეგონოს, რაც არასწორია. ჩამოვთვალოთ დარღვევისთვის დამახასიათებელი ის ნიშნები, რომელთა შემჩნევის შემდეგაც საჭიროა მივმართოთ სპეციალისტს დროული დიაგნოსტირებისთვის.

ეს ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ანბანის სწავლისა და სიტყვების წაკითხვის სირთულე;
  • შეცდომები ხმამაღლა კითხვისას, ხშირი გამეორება ან გაჩერება;
  • წაკითხულის გაგების სირთულე;
  • ენის სწავლის დაგვიანება და შეზღუდული ლექსიკონი;
  • აზრის წერილობით გადმოცემის სირთულე;
  • ბგერის გამოთქმის ან სიტყვებს შორის მცირე განსხვავების შემჩნევის სირთულე;
  • სათქმელის ორგანიზების ან საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე;
  • მათემატიკური სიმბოლოების აღრევა ან რიცხვების შეცდომით წაკითხვა;
  • ამბის თანმიმდევრობით მოყოლის სირთულე;
  • ამოცანის თანმიმდევრობის განსაზღვრის პრობლემები.

სასკოლო და სახლის გარემოში ბავშვები შესაძლოა ავლენდნენ:

  • ინსტრუქციების მიყოლის და რუტინის სწავლის პრობლემას;
  • სკოლაში წასვლის შიშს;
  • საშინაო დავალებების შესრულების სირთულეს;
  • ახალი უნარების დასწავლის სირთულეს, ასევე რიცხვების, ანბანის, კვირის დღეების, ფერების, ფორმების დასწავლის პრობლემებს.

 

  • რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება დასწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან მუშაობისას?

უპირველესად მნიშვნელოვანია დადასტურდეს სპეციალისტისგან დასწავლის სირთულის არსებობა და მისი გავლენა აკადემიური მოსწრების გარდა კომუნიკაციის უნარსა და თვითშეფასებაზე.

ბავშვი, ცხადია, პროფესიონალმა უნდა შეაფასოს. საჭიროა განისაზღვროს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და შედგეს განვითარების პროგრამა, რომელიც მიმართულია როგორც კითხვის, წერის და არითმეტიკის უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე თვითშეფასების ამაღლებაზე. ამ პროცესში აუცილებელია მასწავლებლის, მშობლისა და პროფესიონალის შეთანხმებული მოქმედება, თანამშრომლობა.

  • აქვთ თუ არა დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებს სოციალური უნარების დეფიციტი?

დიახ, მათ ხშირად აქვთ სოციალური კომუნიკაციის, ბავშვებთან ურთიერთობის, მეგობრების შეძენის და სოციალური სიტუაციების გაგების პრობლემებიც.

დასწავლის სირთულის მქონე ბავშვები შესაძლოა უგულებელყოფდნენ სოციალურ ნორმებს, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ თანამოსაუბრის სხეულის ენას ან ჰქონდეთ იუმორის გაგების სირთულე. ასეთი „სოციალურად მოუქნელი“ ბავშვი შეიძლება გახდეს დაცინვის ან ჩაგვრის ობიექტი თანატოლების მხრიდან.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ამ სირთულეს. იმისათვის, რომ დავაკავშიროთ დასწავლის სირთულე და სოციალური ურთიერთობის პრობლემა, უნდა გავერკვიოთ იმ კოგნიტურ პროცესებში, რომლებიც წარმატებული სოციალური ინტერაქციის საფუძველია.

  • რა იწვევს დასწავლის სირთულის მქონე ბავშვის სოციალურ „მოუქნელობას“?

სოციალური ინტერაქცია მოიცავს ახალი ინფორმაციის გადამუშავებას, სიტუაციის ანალიზს და მასზე რეაგირებას. ჩვენ ამ ინტერაქციაზე ინტუიციურად და მყისიერად ვპასუხობთ, „უბრალოდ ვიცით“ როგორ ვუპასუხოთ. სინამდვილეში კი ეს არის მრავალსაფეხურიანი კოგნიტური პროცესი: ჯერ უნდა გავიგოთ, რა იყო ნათქვამი, შემდეგ ორგანიზება გავუკეთოთ ჩვენს აზრს, ამის შემდეგ კი პრიორიტეტი მივანიჭოთ პასუხს და შესაბამისი გზით გამოვხატოთ.

მოდი ვიფიქროთ ამ „მყისიერ“ სოციალურ ინტერაქციაზე, როგორც მათემატიკურ ამოცანაზე და დავყოთ შემადგენელ ნაწილებად. ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დასწავლის სირთულისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვს პრობლემა შესაძლოა შეექმნას ამ პროცესის ისეთ საფეხურზე, როგორიცაა:

  • ახალი ინფორმაციისა და სიტუაციის გაგება – შესაძლოა იყოს ინფორმაციის დახარისხების, შერჩევის, სოციალური ნიმუშების მოძიების და სოციალური წესების ინტუიციური გაცნობიერების სირთულე. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვი ვერ იგებდეს ისეთ სიტუაციას, რაც იუმორს მოიცავს.
  • ინფორმაციის ორგანიზება და სასურველი პასუხის მოძიება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი იაზრებს სიტუაციას და იცის პასუხი, შესაძლოა  ვერ გადმოსცეს პასუხი სწორად. ასევე, ვერ აარჩიოს სწორი სტიმული, მაგალითად, არ მიაქციოს მასწავლებლის კითხვას ყურადღება და ამის ნაცვლად კონცენტრირდეს თანაკლასელის კომენტარზე.
  • ექსპრესიული ენის პრობლემა – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს შესაძლოა არ ჰქონდეს არავერბალური მინიშნებების წაკითხვისა და გაგების პრობლემა, სამეტყველო ენის განვითარების დარღვევის გამო შესაძლოა გაუჭირდეს „შესაბამისი“ სიტყვის მოძებნა. ამასთანავე, ლექსიკური მარაგის სიმწირემ და სიტყვების არასწორად გამოთქმამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს დიალოგი.

 

  • როგორ შეიძლება დავეხმაროთ დასწავლის სირთულის მქონე ბავშვს წარმატებულ სოციალურ ინტერაქციაში?

დახმარების პირველი ნაბიჯი არის იმის ახსნა, რომ ის ისეთივე ჭკვიანია, როგორც ყველა სხვა ბავშვი. ამასთან, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ უნარების განვითარებაში, რაც მას აკადემიურად და სოციალურად წარმატებულს გახდის.

ამასთანავე, უნდა გავაგებინოთ საკუთარი სისუსტეც. ახსნისას პრობლემა უნდა შევადაროთ მრავალსაფეხურიან მათემატიკურ ამოცანას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს მდგრადი და უკუკავშირისთვის გახსნილი.

როცა ის უშვებს შეცდომებს, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ: „შენ მიიღე ცუდი გადაწყვეტილება, რომელმაც ნეგატიური რეაქცია გამოიწვია შენს თანაკლასელებში, მოდი, ერთად ვნახოთ გამოსავალი“. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „შენ არაორგანიზებული ხარ, უფრო ყურადღებით უნდა იყო“ და ა.შ.

  • რა გავლენას ახდენს ბავშვის ურთიერთობებსა და დასწავლის უნარზე მისი თვითშეფასება?

შესაძლოა ყველა ბავშვს ჰქონდეს თავდაჯერებულობის პრობლემა მიუხედავად იმისა, როგორია მისი დასწავლის უნარი.

დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები ცდილობენ დამალონ თავიანთი პრობლემა მასწავლებლისა და თანატოლებისგან, რაც გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. დროთა განმავლობაში მათ უყალიბდებათ უმწეობის განცდა, თავიანთი აკადემიური მიღწევების გამო. თავს იკავებენ გამოთქვან აზრი ან მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. შესაძლოა თავი იჩინოს სკოლასთან დაკავშირებულმა შიშებმა იმ მოთხოვნების გამო, რაც მათთვის სირთულეს წარმოადგენს.

აუცილებელია ვიზრუნოთ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, წავახალისოთ ისეთი აქტივობები, რაც კარგად გამოსდით და ვაქციოთ ეს მოტივატორად.

  • რა მნიშვნელობა აქვს დასწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან მუშაობისას მშობლებისა და მასწავლებლების ადეკვატურ რეაგირებას და ამ დროს გამოყენებულ ლექსიკას?

იმისათვის, რომ ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებთან, პირველ რიგში უნდა დავაზუსტოთ ამ პრობლემის არსებობა. სწორი სტრატეგიების დაგეგმვა პროფესიონალის მხრიდან და შესაბამისი გარემოს შექმნა სკოლასა და სახლში არის წარმატების საფუძველი. მშობელი და მასწავლებელი უნდა იყოს მხარდამჭერი და ნებისმიერი მცდელობა მოსწავლის მხრიდან, დაძლიოს სირთულე, უნდა იყოს წახალისებული.

ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „უფრო ყურადღებით იყავი“, „უფრო მეტად უნდა ეცადო“ და ა.შ.

ასეთი ფრაზებით ჩვენ პრობლემის დაძლევის პასუხისმგებლობას ბავშვს ვაკისრებთ.

ამის საპირისპიროდ ჩვენ მას უნდა ავუხსნათ, რა არის მისი სირთულე, ვასწავლოთ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება თავი გაართვას როგორც აკადემიური მიღწევის, ასევე სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში წარმოქმნილ პრობლემებს.