როგორ ვასწავლოთ აუტიზმის მქონე ბავშვს/მოზარდს პირბადის გამოყენება?

COVID-19-ის გავრცელების გამო იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ შეცვლილ გარემოში. ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადენს პირბადე, სოციალური დისტანცია და მრავალი სხვა. რა ხდება აუტიზმის მქონე პირებთან, როგორ დავეხმაროთ ბავშვებსა და მოზარდებს ცვლილებებთან შეგუებაში.
ცვლილებებთან შესაგუებლად მათ სჭირდებათ დახმარება, რომლის აუცილებლობასაც განაპირობებს მომატებული მგრძნობელობა, შფოთვა, სიახლის შიში, სენსორული პრობლემები და სხვა.
√ პირველ რიგში დაიწყეთ ახსნით
თუ დაიწყებთ სიტუაციის ახსნით, თავიდან აირიდებთ დაბნეულობას, წინააღმდეგობასა და მძაფრ ემოციებს. დაეხმარეთ ბავშვს, გააცნობიეროს კონტექსტი, რა ხდება და რატომ არის სავალდებულო ნიღბის ტარება გარკვეულ ადგილებში. გამონახეთ დრო, როდესაც თქვენი ბავშვი მშვიდად გრძნობს თავს და ესაუბროთ მას თუ რა არის პირბადე? რატომ არის სავალდებულო და როგორ უნდა გამოიყენოს ის.
√ ესაუბრეთ გასაგებად
გამოიყენეთ მარტივი ენა, როდესაც საუბრობთ ვირუსზე. აჩვენეთ, როგორ გვიცავს პირბადე. მაგალითად უთხარით: “ნიღბის გარეშე, შეგვხვდება ვირუსი. ჩვენ არ გვინდა მოვიტანოთ ვირუსი სახლში და გადავდოთ ჩვენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.”
√ გამოიყენეთ ვიზუალური დახმარება და სოციალური ისტორიები
მარტივი ამბებითა და სურათებით შეგიძლიათ ახსნათ სიტუაცია. გამოიყენეთ ვიზუალური ბარათები, შესაძლებელია თავად მოიგონოთ პატარა ამბავი დასურათებით, სადაც ხაზს გაუსვამთ პირბადის მნიშვნელობას.
√ თუ თქვენი ბავშვი შფოთავს პირბადის დანახვაზე:
· ეცადეთ დაადგინოთ, რა აწუხებს. მიზეზები შესაძლოა იყოს: ნიღბის შიში, ქავილი, სიცხე ან სუნთქვის გაძნელება;
· ჩართეთ თქვენი შვილი ნიღბის გაკეთების ან გაფორმების პროცესში. გამოიყენეთ სტიკერები, მხიარული, სახალისო ფორმის ქსოვილები; გამოიყენეთ საყვარელი სათამაშოები, გაუკეთეთ მათ ნიღბები;
· ძალიან დაეხმარებით ბავშვს, თუ ოჯახის დანარჩენი წევრები ხშირად მიმართავთ მოდელირების ტექნიკას – გაიკეთეთ, მოიხსენით ან ატარეთ ცოტა ხნით პირბადე სახლში;
· ნიღბის შექმნის ან შერჩევისას, სცადეთ სხვადასხვა ტექსტურის ქსოვილი.
√ ასწავლეთ პირბადის ტარება
ეცადეთ, პირბადე ყოველდღიურობაში შემოიტანოთ მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა გექნებათ. გაესაუბრეთ თქვენს ბავშვთან მომუშავე გუნდს, რათა სპეციალური საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სპეციალური ადაპტაციების გამოყენება;
√ გაუჩინეთ ნათელი მოლოდინი
“თუ … მაშინ …” და “ჯერ … შემდეგ …” – ასეთი ენით საუბარი შესაძლოა ძალიან დადებითი აღმოჩნდეს: “თუ მაღაზიაში გვინდა წასვლა, მაშინ უნდა გავიკეთოთ პირბადე” ან “ჯერ პირბადე, შემდეგ კი გარეთ.”
√ დაიწყეთ მცირედით
სანამ თქვენ შვილს პირბადის ტარებას მოსთხოვთ, არ გამოგრჩეთ გაცნობის ეტაპი:
· პირბადის ხელში დაჭერა;
· პირბადის სახისკენ წაღება;
· ნიღბის სახეზე შეხება;
· პირბადის რეზინის მორგება ყურზე კომფორტულად;
· განსაზღვრული დროის განმავლობაში პირბადის შენარჩუნება.
შესაძლებელია გამოიყენოთ ვიზუალური ტაიმერი, იმის დასადგენად თუ რამდენი ხნით უნდა ეკეთოს ბავშვს პირბადე. არ დაგავიწყდეთ, თავიდან ეს რამდენიმე წამით უნდა დაიწყოთ.
√ განამტკიცეთ ქცევა
პირბადის ტარება დიდი გამოწვევაა, ამიტომ ბავშვს სჭირდება მაქსიმალური მოტივირება:
· მიეცით საყვარელი ჯილდო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიღბის ტარების გამო. არ დაგავიწყდეთ, რომ დაიწყოთ ძალიან მცირე დროით;
· თუ თქვენს შვილს ხიბლავს გარკვეული თემა, პერსონაჟი ან ანიმაცია, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან დაუმზადოთ პერსონალიზებული ნიღბები;
· შესაძლებელია ნიღბის ტარება დააწყვილოთ საყვარელ საქმიანობასთან, რათა ის გახდეს უფრო სასიამოვნო და ჩამოუყალიბდეს როგორც ჩვევა;
· თქვენი პირველი გასეირნება პირბადით უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე, ბავშვისთვის საყვარელ ადგილას. იყიდეთ მისი საყვარელი სასუსნავი სეირნობის დროს.
თუ თქვენი მცდელობები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, წარმატებით ჩაივლის, დაიწყეთ ფიქრი ამ უნარის გენერალიზებაზე. ივარჯიშეთ სხვადასხვა დროსა და ადგილას. სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებს, გამოიჩინონ ინიციატივა და მიუთითონ ბავშვს პირბადის გამოყენებისკენ.
აუცილებლად იქონიეთ კავშირი თქვენ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების გუნდთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერბალურად ვერ გატყობინებთ იმედგაცრუებას, დაბნეულობას ან დისკომფორტს.
√ გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ფაქტორები
შფოთვა: ნუ შეშინდებით, ჩვენ ვსუნთქავთ პირბადეში, თუმცა პირბადე მართლაც ცვლის ჰაერის ნაკადის შეგრძნებას;
სენსორული პრობლემები: შესაძლოა ყურზე რეზინი ან სახეზე ქსოვილის შეხება გამაღიზიანებელი იყოს ბავშვისთვის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი მასალის პოვნა, რაც მოერგება ბავშვის საჭიროებებს;
ხილვადობა: შეიძლება ბავშვი ატარებდეს სათვალეს, რომელიც იორთქლება პირბადის გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირბადის ნაწილი დაფიქსირდეს ცხვირთან;
ყნოსვა: ზედმეტი მგრძნობელობა სუნების მიმართ მართლაც შეიძლება პრობლემად იქცეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია კბილების გამოხეხვა პირბადის გაკეთებამდე;
ეპილეფსია: აუცილებელია გამოიყენოთ სპეციალური ნიღაბი, რომელიც იქნება იმდენად გამჭვირვალე, რომ კარგად ჩანდეს ტუჩების მოძრაობა და გამომეტყველების ცვლილება, რათა მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება.
მიუხედავად ყველაფრისა, უმჯობესია არ აიძულოთ ბავშვი, გაიკეთოს პირბადე. ეს შეიძლება მისთვის ძალიან ტრავმული იყოს. ესაუბრეთ თქვენს შვილს მშვიდად, მაგრამ გულწრფელად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ნიღბები. მიეცით საშუალება, სცადონ სხვადასხვა ნიღბები. იყავით მომთმენი და თავაზიანი. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია თქვენმა შვილმა ვერ შეძლოს ნიღბის ტარება.
არ დაგავიწყდეთ რომ პირბადის გარეშე სიარული ზრდის ვირუსის მიმართ დაუცველობას, ამიტომ მოცემული რეკომენდაციების მოსინჯვა ნამდვილად ღირს.
გთავაზობთ პირბადის ნახაზს, რომელიც შეგიძლიათ ამოჭრათ და გააფერადოთ თქვენს შვილთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს მიმღებლობას და პროცესს გახდის ბავშვისთვის სახალისოს.
გისურვებთ წარმატებებს!
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა ანი ბებიაშვილმა.
გამოყენებული წყაროები: