როგორ და როდის შევაქოთ ბავშვი? რჩევები მშობლებისთვის

მოტივაციის შესანარჩუნებლად ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდებათ წახალისება უფროსებისგან. მხარდაჭერა, შექება, დაჯილდოვება აყალიბებს ბავშვს მოტივირებულ პიროვნებად. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ მოტივირებულ ბავშვებს აქვთ უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და შექება დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კეთილდღეობასა და ფუნქციონირებაზე.
შექება ეფექტურია, როდესაც სპეციფიკურია და აღნიშნავს ბავშვის კონკრეტულ ძალისხმევას ან მიღწევას. ის აუცილებლად გონივრული, ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი უნდა იყოს. შექება ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას და ბავშვს უბიძგებს რომ გამოწვევების გადასალახად შეცვალოს ან მოსინჯოს სხვადასხვა სტრატეგია.
კვლევებმა აჩვენა, რომ არასწორმა შექებამ შეიძლება ბავშვი დააეჭვოს საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეაქოთ ბავშვი.
პერსონალური შექება – ასახავს ბავშვის ისეთ ბუნებრივ შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალი ინტელექტი ან რაიმე კონკრეტული ნიჭი, მაგალითად: „შენ ძალიან კარგი ხმა გაქვს“. პერსონალური შექებით ყურადღება მახვილდება ბავშვის თანდაყოლილ ნიჭზე. ამგვარი ტიპის შექება ფრთხილად უნდა გამოიყენეთ, რადგან თუ ბავშვი ჩათვლის, რომ დაჯილდოვებულია გარკვეული ნიჭით, შეიძლება ამ უნარების განვითარებაზე ფიქრი საჭიროდ აღარ ჩათვალოს. შექებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სიახლეების მოსინჯვას.
მცდელობაზე დაფუძნებული შექება – უფრო ეფექტურია, ვიდრე პერსონალური. მაგალითად: თუ თქვენი შვილი სკოლის სამეცნიერო პროექტზე კარგ ქულას მიიღებს, პერსონალური შექება შეიძლება იყოს: „შენ ძალიან კარგი მეცნიერი ხარ!“ ან „ძალიან ვამაყობ და ვაფასებ, რომ ბევრი იშრომე შენს სამეცნიერო პროექტზე.”
დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, შექებას კიდევ უფრო გააძლიერებთ. მაგალითად: „ყოჩაღ, რომ დამელოდე, სანამ მე ტელეფონზე ვსაუბრობდი“. როდესაც ბავშვს კონკრეტულ ქცევაზე უმახვილებთ ყურადღებას, მისთვის უკვე ცნობილია, თუ რას მოელით მისგან მომავალში.
ზოგიერთ ბავშვს, რომელიც ნაკლებად თავდაჯერებულია, წახალისება უფრო ხშირად სჭირდება, ვიდრე სხვებს. თუ ბავშვს შეაქებთ ძალისხმევის გამო, კონკრეტული დავალების შესრულებას ის უფრო მეტად მოინდომებს, უფრო ოპტიმისტურად განეწყობა და პრობლემებსაც მარტივად გაუმკლავდება.
როცა ბავშვის მცდელობებს აქებთ, სცადეთ შემდეგი სტრატეგიები:
იყავით სპეციფიკური: ნაცვლად ზოგადი შეფასებისა, მაგალითად: „კარგი ბიჭი ხარ“, გააკეთეთ უფრო დეტალური კომენტარები: “მადლობა, რომ მოითმინე სანამ ჩვენ რიგს ველოდებოდით.” ეს დაეხმარება თქვენს შვილს მოთმინების უნარის გამომუშავებაში.
იყავით გულწრფელნი: ბავშვებმა იციან, როდის ვართ გულწრფელნი და როდის ვტყუით. ”შენ მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელი ხარ!” – მსგავსი ფრაზები ძალიან დამაბნეველი და არარეალისტურია. ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ის ამაზე უკეთესს ვეღარ გააკეთებს. ამიტომ იყავით გულწრფელნი და კონკრეტულნი.
გამოხატეთ სათქმელი მარტივად: აღწერეთ რასაც აქებთ: „შენი აკვარელის ტექნიკა ნამდვილად ლამაზად გამოიყურება. რაიმე ახალი საღებავი გამოიყენე?” შექებით თქვენს ბავშს ასწავლით, როგორ იფიქროს და ისაუბროს საკუთარ თავზე დადებითად. ამით თქვენ ეხმარებით გააცნობიეროს, რას აკეთებს სწორად.
ფოკუსირდით პროგრესზე: პროგრესზე ფოკუსირება ბავშვს ეხმარება მონდომების დანახვასა და მოტივაციის შენარჩუნებაში. ეცადეთ, დაანახოთ სხვაობა კონკრეტული საქმიანობის საწყის ეტაპსა და ახლანდელ მდგომარეობას შორის. მაგალითად: „აშკარად აუმჯობესებ ხატვას. მოდი ვნახოთ შენი ძველი და ახლანდელი ნახატები.“
ისაუბრეთ მისი ქცევის შედეგზე: „დიდი მადლობა, რომ დამეხმარე სახლის დალაგებაში, მე ეს ძალიან მჭირდებოდა“. ამით თქვენ აჩვენებთ ბავშვს, რომ ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია.
დაეხმარეთ ბავშვს გრძნობების გამოხატვაში: ზოგჯერ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ საკუთარი ემოციებში გასარკვევად. მაგალითად, თუ თქვენ აქებთ ბავშვს მისი შრომისმოყვარეობის გამო, შეგიძლიათ დაამატოთ: ”უნდა იამაყო, რომ შენმა შრომამ ასეთი კარგი შედეგი გამოიღო”.
გონივრულად შეარჩიეთ სიტყვები: მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ის ენა, რომელიც შესაფერისია თქვენი შვილის განვითარების ეტაპისთვის.
დაამყარეთ მზერითი კონტაქტი შექებისას: როგორ აქებთ ბავშვს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიტყვები, რომელსაც იყენებთ. გამოიყენეთ თბილი ტონი და დაამყარეთ მზერითი კონტაქტი. თუ გარემო შესაძლებლობას გაძლევთ, დაიხარეთ ბავშვის სიმაღლეზე, პირისპირ. ამგვარი ურთიერთქმედება ზრდის ბავშვის ნდობას.
არასდროს შეადაროთ თქვენი ბავშვი სხვას: შექება, რომელიც დაფუძნებულია მეგობრის ან თანაგუნდელის ქცევაზე, შეიძლება ბავშვს აეჭვებდეს საკუთარ შესაძლებლობებში. ნაცვლად კომენტარისა: „ვამაყობ რომ პირველ ადგილას ხარ შენს კლასელებს შორის“, უთხარით: „ ვამაყობ, რომ ასეთი შრომისმოყვარე ხარ, შენ ეს შეძელი.“
მოერიდეთ გადამეტებულ ქებას: “შენ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი ხარ!”ასეთი შექება ხშირ შემთხვევაში იწვევს ახალი გამოწვევების დაძლევის სურვილის გაქრობას. ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სრულყოფილია და ახალი მიზნისთვის ბრძოლა შეწყვიტოს. ამიტომაც ჯობია ბავშვის მონდომების გულწრფელი შექება და წახალისება.
შექება ქცევის შეცვლის მიზნით: შექების გამოყენებით შეგიძლიათ ბავშის არასასურველი ქცევა ჩაანაცვლოთ სასურველი ქცევით. როდესაც ბავშვს აქებთ, მას უჩნდება მოტივაცია რომ კიდევ ერთხელ გაიმეოროს ასეთი ქცევა და ისევ დაიმსახუროს თქვენი შექება. ამიტომაც როდესაც ბავშვი კარგად იქცევა აუცილებლად მიდით მასთან, მიიპყარით მისი ყურადღება და ძალიან ხაზგასმით უთხარით, რა მოგწონთ. თავდაპირველად, სასურველი ქცევის გამოვლენისთანავე, ყოველ ჯერზე გაიმეორეთ იგივე მყისიერად. როდესაც სასურველი ქცევა რუტინაში გადაინაცვლებს, თანდათანობით შეამცირეთ შექების რაოდენობა ამ კონკრეტული ქცევისთვის.
პერიოდულად დააჯილდოვეთ ბავშვი კარგი ქცევის გამო. ჯილდო შეიძლება იყოს სიურპრიზი ან დამატებითი პრივილეგია ან რაიმე მისთვის სასურველი ნივთი. ჯილდო სიტყვიერ შექებასა და წახალისებას კიდევ უფრო მეტ ეფექტს აძლევს. გახსოვდეთ, ჯილდო ამტკიცებს სასურველ ქცევას.
  • როდესაც თავს კარგად გრძნობთ თქვენი შვილის ქცევის გამო, აუცილებლად აღნიშნეთ ეს. დააკვირდით, ყოველდღიურად ცდილობთ მის წახალისებას?
  • არ გამოგრჩეთ პატარა ცვლილებები და წარმატებული პატარა ნაბიჯი. ნუ დაელოდებით სანამ თქვენი ბავშვი რაიმეს იდეალურად გააკეთებს. აუცილებლად შეაქეთ ნებისმიერი მცდელობის და გაუმჯობესების გამო.
  • გახსოვდეთ, რომ ყველა განსხვავებულია: შეაქეთ ბავშვის უნიკალური, ძლიერი მხარეები. დაეხმარეთ ინტერესების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს დაეხმარება იყოს უფრო თავდაჯერებული.
  • შეაქეთ მცდელობა, როგორც მიღწეული ამოცანა. აუცილებელია აღნიშნოთ თუ როგორ ცდილობს ბავშვი ამოცანის შესრულებას და შეაქეთ ამისთვის.
  • შეეცადეთ შექება თქვენი შვილის ქცევაზე იყოს დამოკიდებული, და არა თქვენს ემოციებზე.
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა ანი ბებიაშვილმა.
გამოყენებული წყაროები: