როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა მას უჭირს მშობელთან დროებითი განშორება?

მშობლები ხშირად ღელავენ, რომ ბავშვს უჭირს შეეგუოს მათ სამსახურში წასვლას, განიცდის და აპროტესტებს ბაღში ან ძიძასთან დარჩენას…
ბავშვის განვითარების პროცესში, მშობელთან განშორებისას შფოთვის გამოვლენა ტირილით ან თუნდაც მცირე ტანტრუმით – ნორმალურია.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გამოყენებითაც დაეხმარებით ბავშვს მშვიდად შეეგუოს მშობელთან განშორებას:
• ნელ-ნელა შეაგუეთ განშორებას – დასაწყისში, ბავშვი დატოვეთ მომვლელთან მცირე დროით და ახლო მანძილზე (მაგალითად, მისთვის ნაცნობ პარკში). მიეცით ადაპტირების საშუალება და ეტაპობრივად გაზარდეთ შუალედები.
• ჩამოიყალიბეთ დამშვიდობების სწრაფი და მოხერხებული რიტუალი – ხშირად, მშობლები ბავშვთან ერთად განიცდიან განშორებას, რის გამოც გამოსამშვიდობებელი რიტუალი კიდევ უფრო სენტიმენტური ხდება და ბავშვსაც უფრო უჭირს დამშვიდობება. ეცადეთ, პროცესი იყოს სწრაფი: უთხარით, რომ თქვენი წასვლის დროა და მალე დაბრუნდებით. ჩაეხუტეთ ან მოშორებით მანძილიდან დაუქნიეთ ხელი და გაუგზავნეთ კოცნა. მნიშვნელოვანია, რომ რიტუალი არ იყოს ხანგრძლივი და საჭიროზე მეტად ემოციური.
• ესაუბრეთ გულწრფელად – ბავშვის ნდობის შესანარჩუნებლად და შფოთვის შესამცირებლად, ყოველთვის უთხარით სიმართლე და შეუქმენით სწორი მოლოდინები. არ მოატყუოთ და არ უთხრათ რომ 10 წუთში დაბრუნდებით მაშინ, როდესაც საღამომდე სამსახურში მოგიწევთ ყოფნა.
• განშორებისთვის შეარჩიეთ დრო – თუ ბავშვი მშიერი ან დაღლილია, მისი ემოციური ფონი უფრო არასტაბილურია. ეცადეთ, განშორება დაგეგმოთ ჭამის შემდეგ; მნიშვნელოვანია ძილის გრაფიკის გათვალისწინებაც.
• გახადეთ გარემო მეტად ნაცნობი – ახალი ადამიანები/მომვლელები მოიყვანეთ მისთვის ნაცნობ გარემოში (სახლში, პარკში) და ასე შეუწყვეთ ხელი მათ დაახლოებას. როცა ბავშვს თავად უწევს ახალ გარემოში წასვლა (ბაღში, ბებია-ბაბუასთან), ეცადეთ აღნიშნული გარემო დააკავშიროთ მისთვის ნაცნობ საგნებთან – გაატანეთ საყვარელი სათამაშო, საკუთარი ბოთლი, შეძლებისდაგვარად მოუწყვეთ თავისი კუთხე.
• ეცადეთ შესთავაზოთ სტაბილური გარემო – იყოლიეთ სტაბილური მზრუნველი, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში იქნება ბავშვთან. ეცადეთ, არ მოუწიოს ბაღის/სკოლის ხშირი გამოცვლა.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს?
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან განშორებით გამოწვეული სტრესული რეაქცია ბავშვების განვითარების პროცესის ბუნებრივი მოვლენაა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შფოთვის ინტენსივობა საჭიროებდეს მეტ ყურადღებას და სპეციალისტის ჩართულობას.
შეიძლება ბავშვს ჰქონდეს განშორების შფოთვით აშლილობა თუ:
• მშობლები სტაბილურად ითვალისწინებენ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და ბავშვის შფოთვის დონე განშორებისას მაინც არ მცირდება.
• ბავშვს სკოლის ასაკშიც უჭირს მშობლებთან განშორება და ეს ხელს უშლის მის ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
• ბავშვი განმეორებითად აცხადებს უარს სკოლაში წასვლაზე.
• ბავშვს ეშინია, რომ მის მშობლებს/საყვარელ ადამიანებს რამე ცუდი დაემართებათ მაშინ, როცა თავად მათთან არ იმყოფება.
• ბავშვი განმეორებითად ღელავს, რომ მოხდება რაღაც ისეთი, რაც მას განაშორებს მშობლებისგან (მაგალითად, დაიკარგება პარკში სეირნობისას, მოიტაცებენ ქუჩაში ან სახლში შემოვა ვინმე უცხო).
• ბავშვს აღენიშნება ძილის პრობლემები (უჭირს ჩაძინება, ეღვიძება ღამის განმავლობაში ან უჩივის ცუდ სიზმრებს).
• განშორების დროის მოახლოებასთან ერთად, ხშირად აწუხებს ფიზიკური ტკივილი (მაგალითად, იტკივებს თავს ან მუცელს).
• მუდმივად ცდილობს იყოს მშობლის გვერდზე (მაგალითად, ჩრდილივით დასდევს უკან სახლის საქმეების კეთებისას, ეკიდება ფეხზე, ღელავს და მისდევს მშობელს, როცა ის ფეხზე წამოდგება).
თუ უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ბავშვს ჰქონდა განშორების შფოთვითი აშლილობის ნიშნები, რეკომენდებულია მიმართოთ სპეციალისტს.
გისურვებთ წარმატებებს!
ელენე ყურაშვილი,
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგი