როგორ დავეხმაროთ ბავშვს წაკითხულის გააზრებაში

ცალკეული ასოებისა და შემდეგ სიტყვების დეკოდირება არის კითხვის პირველი, საწყისი საფეხური. იმის გააზრება, თუ რა წაიკითხა, არის უმნიშველოვანესი ამ პროცესში. სწორედ ამ უნარის სწრაფ განვითარებაზეა დამოკიდებული ბავშვის შემდგომი როგორც აკადემიური, ისე ცხოვრებისეული წარმატება.

2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაწყებითი კლასის მოსწავლეთა 31% ვერ აკმაყოფილებდა ბაზისურ საფეხურს კითხვის უნარის ტესტში და მხოლოდ 36% შეესაბამებოდა კითხვის დახელოვნების დონეს.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო წაკითხულის გაგების კომპონენტი, რომელმაც აჩვენა რომ მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ასაკის შესაბამისი მასალის გაგება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კითხვის პროცესის სრულყოფილად დაუფლება დაწყებით კლასებში არ არის გადაჭარბებული მოთხოვნა, ვინაიდან მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს, კითხვის სწავლის სისწრაფესა და შემდეგში აკადემიურ მიღწევებს შორის (Sweet & Snow, 2003).

იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ წაკითხულის გააზრება, მოწოდებულია რამდენიმე რეკომენდაცია და სტრატეგია.

კითხვის სტრატეგია არ უნდა აგერიოთ ინსტრუქციულ დახმარებაში ან იმ დავალებებში, რომელსაც ბავშვს აძლევთ კითხვის პროცესში. მაგ: ნაწილებად დაყოფა ან სიუჟეტის დახატვა.

ჩვენ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს, შეგვიძლია შევადგინოთ კითხვის სწავლების სტრატეგიები ინდივიდუალურად ან ზოგადად, მთავარია ის იყოს წარმატებულად გამოყენებული ბავშვის კითხვის უნარის გაუმჯობესებისთვის.

აქ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია:

1. წინარე ცოდნის გააქტიურება – ეს არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ბავშვისთვის დავალების მიცემას, იფიქროს და გაიხსენოს თემის ირგვლივ თავისი ცოდნა. მაგალითად, მოთხრობის სათაურია „ცოცხალი ტყუილი“, ამ დროს ბავშვთან ერთად მსჯელობთ რა კავშირი არსებობს ამ ორ სიტყვას შორის, რას შეიძლება გულისხმობდეს ავტორი, რა გამოცდილება აქვს ბავშვს ამის შესახებ? ეს არის „გასაღები“, რომ გაიგოთ რის შესახებ უნდა წაიკითოთ და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. ამ პროცესში ბავშვი აცნობიერებს მოვლენათა ცვლილებას და უჩნდება საკუთარი ვარაუდის გამართლების მოლოდინი.

ეს სტარტეგია მოიცავს ასევე ტექსტის მთავარი იდეის განსაზღვრას და მის დაკავშირებას ბავშვის გამოცდილებასთან. ამ გზით ბავშვი ხვდება, რომ ის რაც მას გადახდენია, შესაძლებელია ასახული იყოს მოთხრობაში.

ასევე, როცა ნახევარი ტექსტი უკვე ერთად წაიკითხეთ, შეიძლება თხოვოთ იწინასწარმეტყველოს, რა მოხდება ბოლოს. ბავშვს შეუძლია ახსნას, რატომ დაასრულა ასე მოთხრობა და რა არგუმენტები აქვს ასეთი დასასრულისთვის ტექსტის მიხედვით. ეს გაძლევთ დამატებით სარგებელს მოვლენათა განვითარების უფრო ღრმა გაანალიზებისთვის და ამდიდრებს ბავშვის ლექსიკას.

2. შეკითხვების დასმა – ეს სტრატეგია ალბათ ყველაზე ნაცნობი და ხშირად გამოყენებადია, თუმცა მისი სწორად ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გსურთ მიიღოთ პასუხი ტექსტის მნიშვნელოვანი იდეის შესახებ, გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სად?“ „რატომ?“ ამ შეკითხვებზე აიგება პასუხი. ასეთი დავალება შეიძლება გამოიყენოთ 2-3 ბავშვთან და დაეხმაროთ, რომ ბავშვებმა ერთობლივი პასუხის ფომულირება შეძლონ.

კითხვის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით შეკითხვების გამოყენება ბავშვს:
• მიანიშნებს კითხვის მიზანზე.
• კონცენტრირდება იმაზე, რასაც სწავლობს.
• ეხმარება მეტად იფიქროს იმაზე, რასაც კითხულობს.
• ხელს უწყობს, აკონტროლოს გაგების პროცესი.
• ეხმარება გაერკვეს შინაარში და დააკავშიროს იმასთან, რაც უკვე ნასწავლი აქვს.

3. ვიზუალიზაცია – ეს ხერხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უმცროსკლასელებისთვისაა. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოსახვის უნართან. ბავშვი წარმოიდგენს, ქმნის ვიზუალურ ხატს იმისა, რაც აღწერილია ტექსტში.

შეგიძლიათ გამოცადოთ, გაავარჯიშოთ ბავშვის ვიზუალიზაციის უნარი მაგ.: თხოვოთ, მაგიდაზე არსებული საგნების წარმოდგენა და დახატვა.

4. კონტროლი, სიცხადე და გადაწყვეტა – ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, როცა გაქვთ შედარებით დიდი ტექსტი და მეტი ყურადღება გჭირდებათ რომ დააზუსტოთ, სწორად ახსოვს თუ არა მნიშვნელოვანი დეტალი. მიმართეთ ე.წ. გადაკითხვის ტექნიკას ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიშნება ან მაგალითად, შეჩერების ნიშანი, თუ გინდათ შეაჩეროს ბავშვმა კითხვა და დაფიქრდეს, რა წაიკითხა.

5. შეჯამება – შეჯამების დროს ბავშვი ზეპირად ან წერილობით აჯამებს წაკითხული ტექსტის მთავარ აზრს. ამ დროს შეიძლება გადახვიდეთ წყვილებში მუშაობაზე, თუ ხედავთ რომ ბავშვისთვის პრობლემურია ამ დავალების შესრულება. თქვენ მას ეხმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მაგალითად, უსვამთ შეკითხვას “რა მოხდა შემდეგ?“ „რატომ მოხდა ასე?“ მსგავსი შეკითხვები ეხმარება ბავშვს, დააკავშიროს ცალკეული მომენტები და განსაზღვროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

კითხვის სტრატეგიების გამოყენება ბავშვს ეხმარება, აქტიურად იფიქროს იმის შესახებ, რასაც კითხულობს. ასევე, დროთა განმავლობაში ის ახერხებს თავად მოახდინოს პროცესის ორგანიზება.

ამ მეთოდების თანმიმდევრული გამოყენებით მიაღწევთ წაკითხულის გაგების უნარის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

გისურვებთ წარმატებებს!

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიური თერაპიის გუნდის ხელმძღვანელმა, სპეციალურმა მასწავლებელმა ნესტან კაპანაძემ.