როგორ დავეხმაროთ ბავშვის ემოციურ განვითარებას?

იმისათვის, რომ ბავშვებში ჯანსაღი ემოციური განვითარება ჩამოყალიბდეს, ბავშვის ოჯახის წევრებს შორის სასურველია იყოს ჰარმონიული, მშვიდობიანი ურთიერთობა და ბავშვი იზრდებოდეს მშვიდ გარემოში.

 

მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს მშობლის მხარდაჭერასა და თანადგომას როგორც წარმატების, ასევე მარცხის დროს. საჭიროა მშობლებმა გაიზიარონ ბავშვის სევდა თუ სიხარული.

 

ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს სხვისი და საკუთარი ემოციების შემჩნევა, მათი გაგება და მიმართოს საკუთარი ემოციები ეფექტური გზით. ამას ემოციური ინტელექტი ეწოდება.

 

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ემოციურ რეგულაციას ბავშვი მშობლების მაგალითზე სწავლობს. ამიტომ ხშირად მიეცით ბავშვს მაგალითი, ესაუბრეთ საკუთარ ემოციებზე, უთხარით, თუ რა გეწყინათ, რაზე გაბრაზდით, რა გაგიხარდათ.

 

დაეხმარეთ საკუთარი ემოციების ვერბალიზაციაში, სახელის დარქმევაში. ეს მას ხელს შეუწყობს  უკეთ გაუმკლავდეს ამა თუ იმ გამოწვევას და ეფექტურად გადაჭრას პრობლემა.

 

გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს ემოციების მართვაში:

 

  1. გააცნობიერეთ ბავშვის მდგომარეობა და გამოიჩინეთ ემპათია (თანაგრძნობა) – აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენ გესმით მისი. გაახმოვანეთ მისი ემოციები მის მაგივრად. მაგალითად: „შენ გაბრაზდი რომ კუბების კოშკი დაინგრა“ან „შენ ნაწყენი ხარ, რომ ლუკას სახლში წასვლის დროა“. ბავშვებში ემპათია ვითარდება მაშინ, როდესაც ისინი თავად გრძნობენ ამას სხვებისგან.

 

  1. მიეცით საშუალება გამოხატოს საკუთარი ემოციები –  მიიღეთ ბავშვის ემოციები კრიტიკის გარეშე. მიეცით მას საშუალება, გაიაზროს, რომ ზოგიერთი განცდა შესაძლოა იყოს უსიამოვნო. ასევე აუხსენით, რომ მიუხედავად უსიამოვნო ემოციებისა, ზოგიერთი საქციელი, მაგ: დარტყმა, მაინც გაუმართლებელია.

 

  1. მოუსმინეთ მის განცდებს – ხანდახან უბრალოდ საჭიროა, რომ იყოთ მასთან და მოუსმინოთ, რათა ბავშვმა შეძლოს უარყოფითი განცდების შესახებ ლაპარაკი და ვენტილაცია.

 

  1. ასწავლეთ პრობლემის გადაჭრა – მასთან ერთად მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის გზები. არ ჩაერიოთ მის მაგივრად პრობლემაში, სანამ ბავშვი თავად არ გთხოვთ დახმარებას. ამან შეიძლება აფიქრებინოს, თითქოს თქვენ არ გჯერათ, რომ მას შესწევს უნარი, თავად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგი მარიამ შავლიაშვილი.