როგორ დავგეგმოთ ზაფხულის დასვენება (რჩევები აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისათვის)

1. ვიზუალური განრიგის გამოყენება

კალენდარზე მონიშნეთ  ზაფხულის სამუშაო და დასვენების დღეები. შექმენით სამუშაო დღის განრიგი, რომელიც ემთხვევა სკოლის განრიგს. დაიწყეთ დღე კბილების გახეხვით და დაასრულეთ საღამო წიგნის კითხვის ტრადიციით.  სასურველია გამოიყენოთ ვიზუალური დამხმარე საშუალებები, რათა ბავშვს გაუადვილდეს განრიგის მიყოლა და არ გამორჩეს რომელიმე პუნქტი.

2.  გაუთვალისწინებელ სიტუაციასთან გამკლავება

გქონდეთ სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ პირველმა  გეგმამ არ იმუშავა. მაგალითად, თუ  თქვენ გეგმავთ აუზზე წასვლას, გააფრთხილეთ ბავშვი, როგორ შეიცვლება თქვენი გეგმები უამინდობის შემთხვევაში. ასეთი გარემოებები ეხმარება თქვენ შვილს გაიგოს, რომ გეგმის ცვლილება არ არის სამყაროს დასასრული. ასწავლეთ, თუ როგორ გაუმკლავდეს და გადაჭრას პრობლემა თუ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩნდება. მოუყევით, თქვენ როგორ ართმევთ თავს მსგავს სიტუაციას. იყავით ბავშვისთვის მაგალითი.

3. წესების დაცვა

ზოგიერთი ბავშვისთვის რთულია ზაფხულის განმავლობაში რუტინის მიყოლა. შეგიძლიათ  კალენდარზე მონიშნოთ დღეები, როდესაც ბავშვს ექნება მეტი დასვენების საშუალება, მაგრამ ამავდროულად ბავშვმა უნდა დაიცვას მანამდე არსებული წესები. მაგალითად, ნუ მისცემთ ბავშვს საშუალებას ჩვეულებრივზე გვიან დაიძინოს, რადგან არდადეგებია,  არ შეწყვიტოთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტირება და ა.შ.

წესების დაცვა  აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ არასასურველი ქცევების ჩამოყალიბება.

4. პრობლემათა პრევენცია

მნიშვნელოვანია იცოდეთ წინაპირობები, რომლებიც იწვევს ბავშვის გადაღლას და გაღიზიანებას. შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვი მსგავს სიტუაციებს და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ქცევის გამწვავება. თუ ბავშვი მაინც გაღიზიანდა,  დაელოდეთ მის დამშვიდებას და ამის შემდეგ გამოელაპარაკეთ.

5. წახალისება და დაჯილდოვება

გამოიყენეთ წახალისება და დაჯილდოვება. გახსოვდეთ, რომ გაცილებით ეფექტურია დაჯილდოვება კარგი ქცევისთვის, ვიდრე არასასურველ ქცევაზე ყურადღების გამახვილება. ცნობილია, რომ ყოველი შენიშვნის მიცემის შემდეგ მშობლებმა ოთხჯერ უნდა წაახალისონ ბავშვი სასურველი ქცევისთვის. წახალისების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სტიკერები.  მიეცით ბავშვს სტიკერი, დროულად შესრულებული დავალების გამო. მას შემდეგ, რაც შეაგროვებს გარკვეული რაოდენობის სტიკერებს, მიეცით სტიკერების სასურველ ჯილდოში გადაცვლის საშუალება. ჯილდო შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ბავშვს სიამოვნებს, მაგ: მშობელთან ერთად თამაში ან სასეირნოდ წასვლა.

 

გისურვებთ არდადეგების მხიარულად გატარებას!

 

მომზადებულია ქცევით თერაპევტ ზურა ნებიერიძის მიერ პროფესორ ლოურენ ქენვორსის (ფსიქიატრი/ნევროლოგი/პედიატრი, ოჰაიოს აუტიზმის სპექტრის აშლილობათა ცენტრის დირექტორის) რეკომენდაციების საფუძველზე.