როგორ დაეხმაროთ ბავშვს მარცხის შიშის დაძლევაში – რეკომენდაციები მშობლებისთვის

შიში ჩვეულებრივი მოვლენაა ბავშვებში, რომელთა ნაწილიც, მაგ.: უცნობების შიში ან სიბნელის შიში, ასაკის მატებასთან ერთად დაიძლევა ხოლმე. ბავშვები იბადებიან განსხავებული ტემპერამენტითა და პიროვნული ნიშნებით. ზოგი მორცხვი და მშიშარაა, ზოგი – თამამი. ეს განაპირობებს მათ მოწყვლადობას გარკვეული შიშების მიმართ. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ბავშვს არა აქვს საფრთხის შიში ან პირიქით, აქვს გადამეტებული შიში.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში ბავშვებში არის მარცხის შიში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი საკუთარ თავს გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებს და ზედმეტად თვითკრიტიკულია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია მშობლების დამოკიდებულება, რომლებიც ბავშვისგან მაქსიმალურს მოელიან. ასევე, არსებობს ტენდენცია და „ზეწოლა“ ბავშვებზე, რომ იყვნენ ყველაფერში გამარჯვებულები და წარმატებულები.
მარცხის შიში შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, შეიძლება ბავშვი:
  • გაურბოდეს სიახლეებს, რომ არ განიცადოს მარცხი;
  • შფოთავდეს თუ მისი ნამუშევარი ან დავალება არ შეფასდა მაქსიმალური ქულით;
  • ორიენტირებული იყოს შედეგზე და არა პროცესზე;
  • ჰქონდეს შეცდომის პანიკური შიში;
  • ყურადღებას ამახვილებდეს შეცდომაზე და არა კარგად შესრულებულ დავალებაზე;
  • საკუთარი თავის მიმართ იყოს თვითკრიტიკული.
მნიშვნელოვანია მშობლების/აღმზრდელის ჩართულობა და ძალისხმევა ამ შიშის დაძლევისთვის. თუ ბავშვს მცირე ასაკიდან მივაჩვევთ მარცხთან შეგუებას, ის ნაკლებ მიდრეკილი იქნება შფოთვისკენ და თვითკრიტიკისკენ. ასევე, ამ უნარის გამომუშავება დაეხმარება ბავშვს მომავალში იყოს დამოუკიდებელი და მზად სიახლეებისადმი.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ხერხი თუ როგორ დაემხაროთ ბავშვს, გაუმკლავდეს მარცხის შიშს.
შეცვალეთ თქვენი განწყობა მარცხის მიმართ
ბავშვები სწავლობენ მშობლების მაგალითზე, ამიტომ კარგად უნდა გააცნობიეროთ საკუთარი რეაქცია შეცდომასა და მარცხზე. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Carol Dweck–მა და Kyla Haimovitz–მა დაადგინეს, რომ ბავშვები მშობლებისგან ითვისებენ მარცხის გამკლავების სტრატეგიებს. მშობლების რეაქციებზე დაკვირვებით, ბავშვების ერთ კატეგორიას მარცხი აძლიერებს, ხოლო მეორე კატეგორია მარცხს მძიმედ ეგუება.
როდესაც შეცდომას უშვებთ, ეცადეთ გქონდეთ პოზიტიური რეაქცია და ამ მარცხს შეხედოთ იუმორით. ესაუბრეთ თქვენს შვილს, რომ ამ შეცდომით ბევრი რამ ისწავლეთ და მომავალში ეცდებით რომ უკეთ გაართვათ თავი.
თუ ბავშვმა შეცდომა დაუშვა, ეცადეთ არ დაგეტყოთ დარდი და შფოთვა. ამის ნაცვლად ეცადეთ, შექმნათ ოპტიმისტური განწყობა. მაგალითად: როცა ბავშვი არასწორად ამბობს სიტყვას, თქვენ გაუღიმეთ, ხელი „ჩაურტყით“ (ხელი ხელზე დაარტყით) და უთხარით: „არაუშავს, შენ სწავლობ!“ ეს მიდგომა დადებითად იმოქმედებს როგორც მის დამოკიდებულებაზე მართლწერისადმი, ასევე მართლწერის შეფასების შედეგზეც.
ხაზი გაუსვით ძალისხმევას და არა უნარს
მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ ბავშვის ძალისხმევაზე და არა მის უნარზე. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ „საკმარისი უნარი არ აქვს“ ან „მათემატიკა არაა შენი ძლიერი მხარე“. უმჯობესია უთხრათ რომ რაღაცის შესრულება დამოკიდებულია არა უნარზე, არამედ ძალისხმევაზე, პრაქტიკაზე, სწავლის სტრატეგიებზე, მიზანდასახულობაზე და ა.შ. ასევე, კარგი იქნება თუ ბავშვთან ერთად განიხილავთ სხვადასხვა სტრატეგიებს, რამაც შესაძლოა მომავალში შედეგი გამოიღოს.
Carol Dweck–მა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მე–5 კლასის ასობით ბავშვი. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. პირველში ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებიც ფასდებოდნენ უნარების მიხედვით, ხოლო მეორე ჯგუფში კი – ძალისხმევის მიხედვით. ორივე ჯგუფს დავალებად მისცეს საკმაოდ რთული მე–8 კლასის ტესტი. ჯგუფი, რომელსაც აფასებდნენ ძალისხმევისთვის, ძალიან ცდილობდა, თუმცა ბუნებრივია, მათ შეცდომები დაუშვეს. ჯგუფი, რომელსაც აფასებდნენ უნარებისთვის, უფრო იმედგაცრუებულები დარჩნენ საკუთარი შეცდომების გამო, რადგან ეს შეცდომები აღიქვეს როგორც უნარის ნაკლებობა და წარუმატებლობა. ასეთი განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა იმიტომ, რომ მათ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე.
ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ჰკითხოთ, რა შედეგები (ქულები) აქვს სკოლაში, უმჯობესია შეეკითხოთ პროცესზე. მაგ.: „რა საინტერესო ნახატია, უფრო მეტი მომიყევი მის შესახებ“, „როგორ გადაჭერი ეს პრობლემა?“
აჩვენეთ უპირობო სიყვარული და ემპათია
ბერკლის პროფესორის, მეთიუ კოვინგტონის აზრით, მარცხის შიში პირდაპირ კავშირშია თვითშეფასებასთან და იმის რწმენასთან, თუ რამდენად ღირებული ხართ, როგორც ადამიანი. ჩვეულებრივ, ბავშვები თვითშეფასებას აკავშირებენ იმასთან, თუ რას ფიქრობენ მშობლები მათ შესახებ. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ თუ არ შეინარჩუნებენ მაღალ შეფასებას ან სპორტულ მიღწევებს, მშობლებს არ ეყვარებათ ან არ დააფასებენ. ბუნებრივია, ეს რწმენა მარცხის შიშს იწვევს.
თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი შვილის თვითშეფასება თუ ნათლად აჩვენებთ რომ უპირობოდ, მაშინაც კი გიყვართ, როდესაც ის შეცდომებს უშვებს. აუხსენით, როგორ ამაყობთ მისი ძალისხმევით, მონდომებით და მუდმივი წინსვლით. ამაყად გამოხატეთ, თუ როგორ კარგად პასუხობს იგი შეცდომებს და წარუმატებლობას.
საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხედავთ რომ გასაჭირშია, გამოხატეთ თანაგრძნობა. ნუ ეტყვით: „არაუშავს, მომავალში უკეთესად გამოგივა“. უმჯობესია უთხრათ: „ვხედავ, რომ ნამდვილად იმედგაცრუებული ხარ. ვიცი, რომ ნამდვილად გინდოდა უკეთესის გაკეთება“.
შექმენით უსაფრთხო გარემო სწავლისთვის
ბავშვის წარუმატებლობა მშობელს შანსს აძლევს ბავშვს ასწავლოს პრობლემის მიღების და გადაჭრის უნარი. შეიძლება მშობლებმა სპეციალურად შექმნან სირთულეები თავიანთი ბავშვისთვის, რაზეც შემდეგ ერთად იმუშავებენ. წაახალისეთ შეცდომები და ისაუბრეთ მათზე. ერთად მოიფიქრეთ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები.
დაეხმარეთ მათ, რომ ფოკუსირდნენ გამოსავალზე
ხშირად მშობლები ცდილობენ ბავშვები პრობლემისგან დაიცვან. აჯობებს ამის ნაცვლად დაეხმაროთ მათ, რომ ფოკუსირდნენ გადაწყვეტილებებზე. განიხილეთ ერთად, რა მოქმედებები განახორციელა ბავშვმა, რა შედეგები მოყვა მის მოქმედებებს და მომავალში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ თავიდან აიცილოთ ეს შედეგები.
დასვით კითხვები:
  • რა მოხდა არასწორად?
  • როგორ შეგიძლიათ გამოსწორება ან თავიდან აცილება შემდეგ ჯერზე?
თქვენს შვილთან ერთად მოაწყვეთ გონებრივი იერიში (ე.წ. ბრეინშტორმინგი) პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზების მოსაფიქრებლად. ერთად იმსჯელეთ და შესთავაზეთ ალტერნატიული ვერსიები, რაც დაეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს მარცხის შიშს.
ამ მიდგომის გამოყენებით თქვენ ასწავლით თქვენს შვილს, რომ არ უპასუხოს წარუმატებლობას იმედგაცრუებით ან დანებებით. ის გაიგებს, რომ წარუმატებლობა ნიშნავს უკან დაბრუნებას და ახალი, უკეთესი მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავებას.
ესაუბრეთ წარმატებასა და მარცხზე
ფრანგიმკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც უთხრეს, რომ სწავლა შეიძლება რთული იყოს და შეცდომები არის სასწავლო პროცესის ბუნებრივი ნაწილი, უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ ტესტებზე, ვიდრე ბავშვები, რომლებმაც არ მიიღეს ასეთი გაფრთხილება.
თქვენი შვილის ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება გქონდეთ ღია დისკუსია წარმატების შესახებ და იმაზე, თუ როგორი ძნელი შეიძლება იყოს მისი მიღწევა.
გთავაზობთ რამოდენიმე ვარიანტს, როგორ დაიწყოთ ამ თემაზე საუბარი ბავშვთან:
ü აუხსენით, რომ წარუმატებლობა შეიძლება მომგებიანიც იყოს, როდესაც შეცდომაზე ვისწავლით და თავიდან, უკეთესად ვცდით. როდესაც მარცხდებით, თქვენ იგებთ რა გამოგდით კარგად და რა არა. ცდილობთ გაუმჯობესდეთ და განაგრძობთ სვლას, ნაცვლად დანებებისა.
ü აუხსენით, რომ მარცხის შიში მას უბრალოდ შეაჩერებს და ხელს შეუშლის მისი ოცნების მიღწევაში და მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენაში. შესაძლოა, სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ისტორიები მოუყვეთ, რომლებმაც განიცადეს მარცხი.
ü ისაუბრეთ წარმატების შესახებ ”აისბერგის ანალოგის” გამოყენებით: წარმატებული ადამიანის დანახვისას მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავთ. თქვენ ვერ ხედავთ რა არის “წყლის ქვეშ” და რა დასჭირდა მათ, ამ წარმატების მისაღწევად: წარუმატებლობები, უარი, შეცდომა, ძალისხმევა, დისციპლინა, დაჟინება და ა.შ.
დაეხმარეთ თქვენ შვილს მარცხის შიშის დაძლევაში.
გისურვებთ წარმატებას!
მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა ეკატერინე ბალანჩივაძემ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Goetze, G. (2016). Helping Children Overcome Fears. Department Of Child Development and Family Studies. (https://www.extension.purdue.edu/extmedia/cfs/cfs-169-w.pdf).
Grose, J. (2020). Teach Your Kids to Fail. The New York Times. (https://www.nytimes.com/2020/01/08/parenting/teach-your-kids-to-fail.html