როგორ დაეხმაროთ აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდს ინტიმური შეხვედრის (პაემანის) დანიშვნაში – 10 რჩევა მშობლებს

აუტიზმის სპექტრის (ასა-ს) მქონე ბავშვის ზრდასთან ერთად სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს. საჭიროდ ჩავთვალეთ, შევხებოდით ამ თემასაც, რადგან ასა-ს მქონე მრავალი მოზარდი და მათი მშობელი გამოხატავს ინტერესს ამ საკითხის მიმართ. ჩნდება უამრავი კითხვა და გამოწვევა როგორც მოზარდისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ჩვენ მოგაწვდით რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ მოზარდ შვილს პირადი და ინტიმური ურთიერთობების დამყარებაში, მათ შორის ინტიმური შეხვედრის, პაემანის დანიშვნაში.
ისევე როგორც ტიპური განვითარების ბავშვებს, ასა-ს მქონე მოზარდების ნაწილს ადრიანად უჩნდებათ სექსთან დაკავშირებული საკითხებისადმი ინტერესი, ზოგს კი შედარებით მოგვიანებით. მოზარდობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებები წარმოშობს ამ ინტერესს და მას განსაკუთრებულ აქტუალურს ხდის. მიუხედავად პრობლემის სირთულისა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დაუძლეველი არაფერია.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ:
სოციალური და ფიზიოლოგიური მოწიფულობის თანხვედრა
მოზარდის სოციალური მოწიფულობა შეიძლება არ იყოს თანხვედრაში მის ფიზიოლოგიურ მომწიფებასთან. ასა-ს მქონე მრავალ მოზარდს ბევრად უფრო ადრე აქვს სექსუალური აქტივობის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ვიდრე მისი სოციალური კომპეტენცია აძლევს წარმატებული ურთიერთობების შესაძლებლობას. მოზარდებში ამ სოციალური უნარების განვითარებას განაპირობებს თანატოლებთან მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია. ამიტომ ასა-ს მქონე თინეიჯერს (მოზარდს) არ აქვს ამდენი სოციალური შესაძლებლობები რომ დაისწავლოს ეს წესები და სჭირდება მშობლის დახმარება.
იმპულსების წაკითხვის და გაგზავნის უნარი
ისეთი სოციალური იმპულსები, როგორიცაა შეხვედრაზე ან პაემანზე შეთანხმება და ფლირტი ასა-ს მქონე მოზარდისთვის შეიძლება იყოს რთული და გაუგებარი. მათი ინტერპრეტაცია თითქმის ყველა ასა-ს მქონე პირისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მათთვის განსაკუთრებით რთულია სოციალური იმპულსების ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება, რამაც შეიძლება მოზარდის გაურკვევლობა, დისკომფორტი და იმედგაცრუება გამოიწვიოს. ამასთანავე, თუ სოციალური იმპულსები იგნორირებული ან არასწორად იქნება გაგებული, ადამიანი რომელიც მათ აგზავნის, მწვავედ იგრძნობს, რომ მისი მინიშნებები და გრძნობები არ არის გაგებული.
წყვილის არჩევის სირთულე
დეითინგი, რანდევუ თუ პაემანი გულისხმობს პირველ რიგში შესაფერისი წყვილის არჩევას. ასა-ს მქონე მოზარდებისთვის სირთულეს წარმოადგენს იმის განხილვა, თუ ვინ შეიძლება იყოს მისთვის შესაფერისი ამ ტიპის ურთიერთობისთვის. ამიტომ თქვენ უნდა დაეხმაროთ და განიხილოთ ეს საკითხი მასთან ერთად.
მოზარდობის დროს მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩნდება, რომლის გადაჭრასაც სხვადასხვა ოჯახი სხვადასხვანაირად ცდილობს. მაგალითად, ზოგ მშობელს აინტერესებს, მოზარდმა უნდა უთხრას თუ არა ადამიანს, რომელთანაც სურს ურთიერთობა, საკუთარი აუტიზმის სპექტრის შესახებ ან შეიძლება თუ ასა-ს არმქონე ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს ასა-ს მქონე პირთან.
ამ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით 10 რჩევას, რომელიც ზოგადი რეკომენდაციებია და თუ როგორ გამოიყენებთ ამ რჩევებს პრაქტიკაში, დამოკიდებულია თქვენი მოზარდის ასაკზე და გამოცდილებაზე.

1. ყოველთვის მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ ღია დიალოგი მოზარდთან. თქვენივე ინტერესია რომ მოზარდმა გაგიზიაროთ პაემანთან დაკავშირებული საკუთარი განცდები და ემოციები, რაც დაეხმარება უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. კარგია თუ შეახსენებთ, რომ პაემანი არ არის მარტივი პროცესი და ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს. ეს დიალოგი მოზარდს დაეხმარება უკეთ გარკვევაში.
2. თუ თქვენ მოზარდ შვილს ჯერ არ წამოუჭრია ეს საკითხი, გამონახეთ შესაბამისი დრო და უბრალოდ უთხარით, რომ თქვენ მზად ხართ ესაუბროთ სექსუალური ურთიერთობის შესახებ. აუცილებლად ხაზი გაუსვით იმას, რომ ყველი ადამიანი ინტერესდება ამ საკითხით და რომ ეს სრულიად ნორმალურია.
3. არ დააგვიანოთ ამ საკითხის განხილვა, თუ ფიქრობთ რომ თქვენი მოზარდი უკვე მზად არის სექსუალური ურთიერთობისთვის. აუცილებელია მასთან ერთად ისაუბროთ უსაფრთხო სექსის შესახებ. ძალიან მსუბუქად, მაგრამ ნათლად აუხსენით, საიდან ხდება ორსულობა, სხვადასხვა დაავადებების გადადება და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.
4. თუ თქვენი მოზარდი მზად არის როლური თამაშისთვის, შეგიძლიათ დადგათ პაემანის კლასიკური სცენარი და დააკვირდეთ თქვენ მოზარდს, თუ როგორ გამოხატავს ის ინტერესს, როგორ გამოთქვამს კომპლიმენტს და როგორ პასუხობს ამ ყველაფერს არავერბალურად – ღიმილით, თავის დაქნევით, თვალით კონტაქტით. აუხსენით, რომ ეს ვერბალური თუ არავერბალური ქმედებებით (ჟესტებით) ის აგზავნის პოზიტიურ მესიჯებს იმ ადამიანისკენ, ვისთანაც აქვს პაემანი. აღნიშნეთ, რომ ყველას მოსწონს როდესაც მის მიმართ გამოხატავენ ინტერესს. შეგიძლიათ ასევე აჩვენოთ ქცევები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და ასევე ერთად განიხილოთ დიალოგის მიმდინარეობის შესაძლო ვერსიები.
5. ერთად განიხილეთ ვინ, როდის, სად და როგორ უნდა დაპატიჟო პაემანზე.
  • ვინ შეიძლება იყოს ეს პირი? – ვინც არის დაახლოებით მისი ასაკის, ვინც მას მოსწონს, ვისთანაც მას სიამოვნებს საუბარი და ვინც ასევე დადებითად არის განწყობილი მის მიმართ.
  • როდის არის შესაძლებელი, სთხოვოთ სხვა ადამიანს შეხვედრა? – როდესაც ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ ადამიანს და ვგრძნობთ რომ ისიც დაინტერესებულია ჩვენით.
  • სად არის შესაბამისი გარემო რომ ადამიანი პაემანზე დავპატიჟოთ? – იქ, სადაც გარშემო არ არიან სხვა ადამიანები.
  • როგორ ვთხოვთ ადამიანს შეხვედრას? – ჰკითხავთ: არის თუ არა თავისუფალი და არის თუ არა დაინტერესებული თქვენთან შეხვედრით. დაგეგმავთ ისეთ აქტივობას, რომელიც ორივესთვის საინტერესოა. იმისათვის რომ პაემანის წინა დღეს დაადასტუროთ შეხვედრა, უნდა გქონდეთ მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
6. აუცილებლად უნდა აუხსნათ მოზარდს, რომ ყველა ადამიანი რაღაც მომენტში შეიძლება უარყოფილი იყოს სხვა ადამიანის მიერ. ასევე განიხილეთ ყველა ის შესაძლო მიზეზი, რის გამოც სხვა ადამიანი შეიძლება არ იყოს დაინტერესებული მასთან პაემანით. მაგალითად, შესაძლოა უკვე სხვას ხვდება ან შეიძლება უბრალოდ დაკავებულია ან საერთოდაც არ არის დაინტერესებული მასთან ურთიერთობით და ასევე, ის რომ თითქმის შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, რატომ არ სურს ერთ ადამიანს მეორესთან პაემანი.
7. განიხილეთ პრაქტიკული და სპეციფიკური ნაბიჯები, რომელიც ეხება პაემანს. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენმა მოზარდმა იცის, სად და როდის აქვს პაემანი. ასევე, როგორ აპირებს იმ ადგილას მისვლას და იქედან წამოსვლას.
8. შეიძლება თქვენ მოზარდს პაემანის ბოლოს ჩახუტების ან კოცნის სურვილი გაუჩნდეს. აქ კი მნიშვნელოვანია იმპულსები სწორად წაიკითხოს. თუ იმპულსები არ არის ნათელი, შესაძლებელია ჰკითხოს, აქვს თუ არა ამის სურვილი. აქაც ეფექტური იქნება თუ წინასწარ გაითამაშებთ როლურ თამაშს, თავაზიანად როგორ ჰკითხოს პაემანზე მყოფ ადამიანს კოცნის ან ჩახუტების შესახებ.
9. ერთად განიხილეთ ინტიმური ურთიერთობის სხვადასხვა დონეები. მაგალითად, ის რომ ხელი-ხელ ჩაკიდება და მკლავის მოხვევა არის უფრო ნაკლებად ინტიმური, ვიდრე კოცნა, ან ის რომ კოცნა ნაკლებ ინტიმურია ვიდრე სხვა ტიპის შეხება და ასე შემდეგ. ყოველთვის შეახსენეთ თქვენ მოზარდს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დარჩნენ საკუთარი თავის კომფორტის დონეზე. აუხსენით, რომ მისი კომფორტის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს იმასთან შედარებით როგორც სხვები იქცევიან ან როგორც ეს მედიით არის ნაჩვენები.
10. როდესაც დადგება პაემანის დღე, დაეხმარეთ თქვენ მოზარდს, რომ ჩაიცვას შესაბამისად და კარგად გამოიყურებოდეს. თუ თქვენმა მოზარდმა დაპატიჟა ადამიანი პაემანზე, მაშინ წაახალისეთ, რომ თვითონ გადაიხადოს. თუ ის იყო დაპატიჟებული პაემანზე, მაშინ დარწმუნდით რომ მას აქვს საკმარისი თანხა, შესთავაზოს მასთან პაემანზე მყოფს თავისი წილის გადახდა.

რამდენადაც საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს სხვა ადამიანთან პაემანი, ჩვენი რჩევაა, წაახალისოთ თქვენი შვილის ეს ინიციატივა.
მიუხედავად ამ დიდი გამოწვევისა, აუცილებლად სცადეთ რომ პაემანი წარმოაჩინოთ როგორც პოზიტიური გამოცდილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მასალა თქვენთვის მოამზადა სალომე ნადარაიამ, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა.