როგორ გავხადოთ ბავშვის თამაში უფრო საინტერესო და ეფექტური

თამაში ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებასა და სოციალური უნარების გავარჯიშებას. ის აუცილებელია,როგორც ნორმალური განვითარების, ასევე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის.
აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თამაში უცხო და ნაკლებად სასიამოვნო პროცესია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ თამაში გახადოთ უფრო სასიამოვნო და ეფექტური.

• სიმღერით: იმღერეთ ბავშვის საყვარელი სიმღერები მასთან თამაშის დროს. თუ თვალით კონტაქტი შედგა, შეწყვიტეთ სიმღერა და დაელოდეთ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას ბავშვის მხრიდან (მზერითი კონტაქტი, ხელით შეხება, ბგერების წარმოთქმა) და ამის შემდეგ განაგრძეთ სიმღერა.

• ნაკლული საგნების მოთხოვნით: თუ ბავშვს მოსწონს სხვადასხვა ფორმის ფიგურების ჩაყრა ფორმებიან ყუთში, შეუგროვეთ მას ყველა ფიგურა და მიეცით საშუალება, მოითხოვოს ისინი ვერბალურად ან არავერბალურად. ამ ხერხით აჩვენებთ ბავშვს, რომ თქვენ მას სჭირდებით, რათა სრულყოს მისთვის სასიამოვნო და სახალისო პროცესი.

• თამაშის გახმოვანებით: გაახმოვანეთ თამაში, გაამდიდრეთ და გააცოცხლეთ თამაში სხვადასხვა ხმებით. მაგალითად გაახმოვანეთ ცხოველები, მანქანების შეჯახება და ა.შ. ბავშვებს მოსწონთ, როცა თამაში მხიარულია.

• სოციალური თამაშებით: ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც შეიცავს სოციალურ კონტექსტს. მაგალითად, მოაჩვენეთ თავი თითქოს გძინავთ და მიეცით ბავშვს საშუალება გაგაღვიძოთ.

• თემის შერჩევით: აირჩიეთ კვირაში ერთი, ბავშვისათვის საინტერესო თემა, რომელზეც კვირის თითოეულ დღეს ისაუბრებთ, უყურებთ გადაცემას, წაიკითხავთ წიგნებს. (მაგალითად: დინოზავრები, ოკეანეები, მცენარეები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მეცნიერული ექსპერიმენტები და ა.შ.). მასალა გადაანაწილეთ კვირის დღეებზე, კვირის ბოლოს კი – ერთად შეაჯამეთ ინფორმაცია.

• საჩუქრების ყუთით: შეარჩიეთ სათამაშოები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს ბავშვს, ერთად ითამაშეთ ამ სათამაშოებით, ამის შემდეგ შეინახეთ. ეცადეთ, ეს სათამაშოები ბავშვისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს, როცა ის მოისურვებს მათ. თქვენ გახდით გზა სასურველის მისაღებად.

• შეწყვილებით: შეაწყვილეთ თქვენი თავი სასურველ აქტივობასთან/ნივთთან. მაგალითად, ზოგ ბავშვს მოსწონს საპნის ბუშტების გაბერვა, მაგრამ თავად ვერ ახერხებს ამას. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ გზა იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს სასურველი.

ხშირად გამოიყენეთ შექება და წახალისება. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შექება და წახალისება კარგად შესრულებული სამუშაოსა თუ ქცევისთვის. ეს ზრდის მომავალში სასურველი ქცევის გამოვლენის ალბათობას. იყავით კრეატიულები და გამოიყენეთ სხვადასხვა გზა, რათა შექება გახადოთ უფრო ეფექტური:

• სტიკერებით: ბავშვის ოთახში კედელზე გააკარით სუფთა ფურცელი და შექების ნიშნად ჩაუკარით საყვარელი გმირის თითო სტიკერი ყოველი სასურველი ქცევის გამოვლენის შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ შეფასების სხვადასხვა სისტემა (10 ქულა; A+; 100% …)

• „განძზე ნადირობით“: დამალეთ ბავშვის საყვარელი, სასურველი ნივთები ოთახში ისე, რომ ბავშვი ვერ ხედავდეს. გამოიყენეთ სიტყვიერი მინიშნებები, რათა დაეხმაროთ მას იპოვოს ნივთები. თუ ბავშვმა კითხვა იცის, გაუკეთეთ წერილობითი მინიშნებები, რომელსაც ბავში გზამკვლევივით გამოიყენებს.

• სიტყვიერი შექებით: გაამდიდრეთ ლექსიკონი და შეაქეთ ბავშვი სხვადასხვა სიტყვებით (მაგ: სუპერ ბიჭუნა/გოგონა ხარ!). შეგიძლიათ გქონდეთ „თქვენი ფრაზა“, რომელსაც მხოლოდ თქვენგან ისმენს. წარმოთქვით ისინი სხვადასხვა ინტონაციით და ბუნებრივად.

• ხატვით: დაახატეთ ბავშვს რამე სხეულის ნებისმიერ ნაწილზე და მიეცით ნება თავადაც გააკეთოს იგივე თქვენს სხეულზე (თუნდაც სახეზე ).
გამოიყენეთ დიდი ფურცელი, დააწვინეთ ბავშვი ზედ და შემოხაზეთ მისი (ან თქვენი) სხეულის კონტური. შემდეგ ერთად გააფერადეთ (ცხვირი მწვანედ, სახე ყვითლად, თმა ცისარტყელას ფერებში ან როგორც გნებავთ ). ისაუბრეთ და იხუმრეთ ამ ნახატზე ერთად.

გისურვებთ წარმატებას!

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა: გვანცა ბარბაქაძემ.