როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის ორალურ-მოტორული უნარები – საწრუპი ჩხირით სითხის დალევა

მშობლები ხშირად სვამენ კითხვას თუ როგორ გააუმჯობესონ ბავშვის ორალურ-მოტორული უნარი.  ასეთ დროს სპეციალისტის პირველი შეკითხვაა: შეუძლია ბავშვს სითხის დალევა საწრუპი ჩხირით?

 

საწრუპი ჩხირის გამოყენება დაკავშირებულია ისეთ უნარებთან, როგორიცაა: ტუჩების წინ გაწევა, ენის უკან შეწევა, ლოყების კუნთების დაძაბვა, წოვა-ყლაპვა-სუნთქვის კოორდინირებული მუშაობა. ამიტომაც საწრუპით სითხის დალევა ძალიან ეფექტური ვარჯიშია ბავშვის ორალურ-მოტორული უნარის გაუმჯობესებისთვის.

 

საწრუპის გამოყენების უნარზე მუშაობა შესაძლებელია 8-10 თვის ასაკიდან. საწრუპის ¼ უნდა ხვდებოდეს პირის ღრუში. ამ პოზიციით სითხე ჩერდება პირის ღრუს წინა ნაწილში, სადაც ადვილია მისი მართვა და ნაკლებია გადაცდენის შანსი.

 

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ ასწვალოთ ბავშვს საწრუპით სითხის დალევა. აუცილებლად დაიცავით ქვემოთ მითითებული ეტაპების მიმდევრობა:

 

  1. დასაწყისისთვის გაჭერით საწრუპი შუაზე. პატარა ზომის საწრუპი ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და ბავშვი ადვილად გაართმევს თავს.

 

  1. ჩადეთ საწრუპი ბავშვის არჩეულ სითხეში (წყალი, წვენი, გაზიანი სასმელი ან ნებისმიერი სითხე, რაც ბავშვს მოსწონს). თითით დააწექით (დაახშეთ) საწრუპის ის ბოლო, რომელიც ზემოთაა. ამოიღეთ საწრუპი სითხიდან და თან არ აიღოთ თითი საწრუპიდან (ამ დროს სითხე რჩება საწრუპში).

 

  1. მოათავსეთ საწრუპის სითხიანი ბოლო ბავშვის ტუჩზე ოდნავ დახრილი კუთხით (ისე, რომ ხელს როცა გაუშვებთ საწრუპის ზედა ბოლოს, ქვედა ბოლოთი სითხე პირში ჩაიღვაროს).

 

  1. აიღეთ თითი და მიეცით სითხეს პირში ჩასვლის საშუალება. ამ ეტაპის მიზანია ბავშვმა გაიაზროს, რომ საწრუპიდან მიიღო სითხე. ამ დროს ბავშვს მიეცით ინსტრუქცია – „გადაყლაპე“.

 

  1. როდესაც ბავშვი მიხვდება საწრუპიდან სითხის მიღების პრინციპს, სთხოვეთ მას დახუროს პირი და ტუჩები მოუჭიროს საწრუპს. როდესაც ტუჩები დახურულია საწრუპის გარშემო, ისევ მოაშორეთ საწრუპის ზედა ბოლოს ხელი ისე, რომ სითხე ჩაუვიდეს პირში.

 

  1. მას შემდეგ რაც ბავშვი შეძლებს ტუჩების დახურვას საწრუპის გარშემო, გადადით მომდევნო ეტაპზე და იმუშავეთ საწრუპით სითხის ამოწოვაზე. ჩაუდეთ ბავშვს საწრუპი პირში, ისევ გეჭიროთ თითით საწრუპის მეორე მხარე, რათა სითხე შენარჩუნდეს და ამჯერად თითი არ აიღოთ! როდესაც ბავშვი დაიწყებს წოვას გაუშვით თითი, რომ სითხე ჩაუვიდეს. მოცემული ეტაპი რამდენჯერმე გაიმეორეთ, რათა ბავშვმა კარგად გაიაზროს ხანგრძლივი წრუპვის პრინციპი.

 

  1. განაგრძეთ მუშაობა იქამდე, სანამ ბავშვი არ მიხვდება, როგორ ამოწოვოს საწრუპი ჩხირით სითხე ჭიქიდან. ბოლო ეტაპზე უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ მთლიანი, გადაუჭრელი საწრუპი.

 

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტმა: თიკო ანთიძემ