როგორი უნდა იყოს გარემო ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის?

დღეს უკვე  ბევრი ბავშვის მშობელსა და ბავშვებთან მომუშავე პერსონალს გაცნობიერებული აქვს გარემოს უდიდესი როლი  ბავშვის განვითარებისა და ძირითადი უნარების სწავლებისთვის.

ბავშვთა განათლების ეროვნული ასოციაციის (National Association for the Education of Young Children – NAEYC, 1997) 1997 წლის დოკუმენტში, რომელიც ეხება 8 წლამდე ასაკის ბავშვთა განათლებას (Developmentally Appropriate  Practice in Early Childhood Programs Serving Children from Birth Through Age 8), მოცემული რეკომენდაციების მიხედვით მასწავლებლებმა და მშობლებმა გარემო უნდა მოაწყონ ბავშვის საჭიროებების  შესაბამისად ისე, რომ ბავშვმა შეძლოს გარემოს შესწავლა და შესაბამისი ინტერაქცია მოზრდილებთან და თანატოლებთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სკოლამდელ განათლებაში არის თამაშისა და წიგნიერების ადრეული საფუძვლის ხელშემწყობი ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება ბავშვს კოგნიტური, მოტორული, ემოციური, სოციალური, ენისა და წიგნიერების უნარების განვითარებაში.

რა იგულისხმება განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოში?

ეს არის ისეთი ფიზიკური გარემო, რომელიც შეიცავს თამაშისა და სწავლებისთვის აუცილებელ რესურსს და იქ არიან ის ზრდასრული ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში. უმჯობესია, სახლის გარემო იმგვარად დაიგეგმოს, რომ განსხვავებული ადგილები იყოს გამოყოფილი სხვადასხვა ტიპის თამაშებისათვის. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ოთახი ან ერთი ოთახის სხვადასხვა კუთხე. საკლასო ოთახის შემთხვევაში კი – გამოვიყენოთ  ზონებად დაყოფის პრინციპი. მაგალითად, კითხვის, ფიზიკური აქტივობის, ხელოვნების და მუსიკის ზონა. ასეთი დაყოფის შემთხვევაში ბავშვი უკეთ დაისწავლის და გარემოც უსაფრთხო და დაცული იქნება.  ამასთანავე, ასეთი გარემო მას ფიზიკურ საჭიროებებზეა მორგებული, შეიცავს სხვადასხვა ტიპის სათამაშო გარემოს და გამდიდრებულია შესაბამისი რაოდენობის სტიმულით.

სათამაშოები დაალაგეთ დაბალ თაროებზე, რომ ბავშვი ადვილად მიწვდეს. მიუჩინეთ გარკვეული ადგილი იმისთვის, რომ ბავშვმა იცოდეს სად დაალაგოს სათამაშოები თამაშის დასრულების შემდეგ. გამოიყენეთ ბავშვის სიმაღლის შესაბამისი ავეჯი, მაგალითად მაგიდასთან ჯდომისას, ბავშვს ფეხები იატაკზე უნდა ეწყოს.

მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა თამაშის პროცესში გამოიხატება იმაში, რომ დააკვირდეს, სწორად წარმართოს და გაახალისოს აქტივობა. აუცილებელია  დააკვირდეთ, რა ტიპის თამაშითაა ბავშვი დაკავებული და საჭიროების შემთხვევაში წარმართოთ ის საჭირო  მიმართულებით. მაგალითად, თუ ხედავთ რომ თქვენი პატარა დაკავებულია  მხოლოდ კუბების სწორ ხაზზე დალაგებით, ფრთხილად ჩაერიეთ  და აჩვენეთ სხვა ობიექტები, რომლის აშენებაც შესაძლებელია ამავე კუბებით.

ასევე, როლური თამაშისას მშობელი უნდა გახდეს ბავშვის პარტნიორი და გაამრავალფეროვნოს თამაშის სცენარი. უნდა გახსოვდეთ, რომ თამაში არის ფანჯარა ბავშვის კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის.

წარმოსახვის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ისეთი რესურსები, როგორიცაა  მარკერები, საძერწი მასალები, ხელით სახატავი საღებავები, წებო, ფურცლები და სხვა. ბავშვი უნდა წახალისდეს, რომ თავად მოსინჯოს სხვადასხვა მასალა. მთავარია ბავშვის ჩართულობა და არა საბოლოო შედეგი.

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა სკოლამდელ ასაკში – წიგნიერების საფუძვლის მომზადებაა. ბავშვისთვის წიგნის კითხვა უნდა იყოს ყოველდღიური აქტივობა. უნდა  შეეცადოთ, რომ კითხვის პროცესი ბავშვისათვის იყოს სასიამოვნო, და არა  სასწავლო პროცესი. თამაშის გზით დაუკავშირეთ ამბავი სურათებსა და ბავშვის გამოცდილებას.  საყვარელ წიგნებს ისევ მიუბრუნდით და ახალი წიგნების გაცნობაც  სახალისო  გახადეთ, მაგალითად, გაუკეთეთ შესავალი და მოუყევით ბავშვისთვის საინტერესო ამბავი. უმნიშვნელოვანესია, რომ თავად ზრდასრული იყოს ბავშვისთვის მისაბაძი მოდელი. თუ ბავშვი ხშირად ხედავს, როგორ კითხულობენ უფროსები, ის მეტ ინტერესს იჩენს წიგნის მიმართ.

თუ წიგნს ხშირად უკითხავთ, ბავშვს უვითარდება მდიდარი ლექსიკური მარაგი, იგებს სხვადასხვა ცნებებს, რაც მას დაეხმარება წაკითხულის გააზრებაში,  როცა თვითონ დაიწყებს კითხვას,  უფრო ადვილად წარმოიდგენს წაკითხულს, შეინარჩუნებს ყურადღებას და იქნება კრეატიული.

გახსოვდეთ, რომ  პატარა ასაკში უნდა გამოიყენოთ დასურათებული, ფერადი წიგნები.  მოიძიეთ ისეთი ადგილები, რომლებიც შემცირებას  ან გავრცობას საჭიროებს. მოერიდეთ ზედმეტად გამარტივებულ, მწირი ლექსიკური მარაგის მქონე წიგნებს, რადგან იქ შინაარსი და სიტყვები ზედმეტად შემცირებული შეიძლება იყოს. წაახალისეთ ბავშვის მიერ დასმული კითხვები, გაეცით პასუხი მისი გამოცდილების შესაბამისად და რაც მთავარია, მიეცით წიგნებთან წვდომის საშუალება მთელი დღის მანძილზე.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სულაც არ არის საჭირო, ბევრი სათამაშოს, წიგნისა თუ სხვა რესურსის არსებობა. მთავარია მათი ფუნქცია და სწორად გამოყენება. ასევე, არ არის საჭირო ფორმალური სახის მიცემა სწავლებისთის, რომელიც იწყება და მთავრდება კონკრეტულ დროს. უფრო ეფექტურია, ბუნებრივ, ყოველდღიურ გარემოში თამაშის სახით დაგეგმილი აქტივობა, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი და შედეგი.

გისურვებთ წარმატებებს!

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურმა თერაპევტმა ნესტან კაპანაძემ.