როგორი გავაუმჯობესოთ დასწავლის სირთულის მქონე ბავშვის სოციალური უნარები?

დასწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან მუშაობისას უმეტესად ყურადღებას ვამახვილებთ კითხვის, მათემატიკის, ორგანიზებისა და ყურადღების კონცენტრირების პრობლემებზე, მაშინ როცა მათ ხშირად აქვთ სოციალური კომუნიკაციის, ბავშვებთან ურთიერთობის, მეგობრების შეძენის და სოციალური სიტუაციების გაგების პრობლემებიც, რაც უყურადღებოდ გვრჩება.

📌ისინი შესაძლოა უგულვებელყოფდნენ სოციალურ ნორმებს, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ თანამოსაუბრის სხეულის ენას ან ჰქონდეთ იუმორის გაგების სირთულე. ასეთი „სოციალურად მოუქნელი“ ბავშვი შეიძლება გახდეს დაცინვის ან ჩაგვრის ობიექტი თანატოლების მხრიდან.
📌ამ საკითხებში გასარკვევად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ამ სირთულეს. იმისათვის რომ დავაკავშიროთ დასწავლის სირთულე და სოციალური ურთიერთობის პრობლემა, უნდა გავერკვიოთ იმ კოგნიტურ პროცესებში, რომელიც წარმატებული სოციალური ინტერაქციის საფუძველია.
📌სოციალური ინტერაქცია მოიცავს ახალი ინფორმაციის გადამუშავებას, სიტუაციის ანალიზს და მასზე რეაგირებას. ჩვენ ამ ინტერაქციაზე ინტუიციურად და მყისიერად ვპასუხობთ, „უბრალოდ ვიცით“ როგორ ვუპასუხოთ. სინამდვილეში კი ეს არის მრავალსაფეხურიანი კოგნიტური პროცესი: ჯერ უნდა გავიგოთ, რა იყო ნათქვამი; შემდეგ ორგანიზება გავუკეთოთ ჩვენ აზრს; ამის შემდეგ კი პრიორიტეტი მივანიჭოთ პასუხს და შესაბამისი გზით გამოვხატოთ.
📌მოდი ვიფიქროთ ამ „მყისიერ“ სოციალურ ინტერაქციაზე, როგორც მათემატიკურ ამოცანაზე და დავყოთ შემადგენელ ნაწილებად. ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დასწავლის სირთულისა და ყურადღების დეფიციტის მქონე პირებს პრობლემა შესაძლოა შეექმნათ ამ პროცესის სხვადასხვა საფეხურზე.
ეს საფეხურებია:
1. ახალი ინფორმაციისა და სიტუაციის გაგება – შესაძლოა იყოს ინფორმაციის დახარისხების, შერჩევის, სოციალური პატერნების მოძიების და სოციალური წესების ინტუიციური გაცნობიერების სირთულე. გარდა ამისა, შესაძლოა ვერ იგებდეს ისეთ სიტუაციებს, რომელიც იუმორს მოიცავს.
2. ინფორმაციის ორგანიზება და სასურველი პასუხის მოძიება – იმ შემთხვევაში, როცა არის აღმასრულებელი ფუნქციების პრობლემა, შესაძლებელია ბავშვმა გაიაზროს სიტუაცია და იცოდეს პასუხი, მაგრამ ვერ განახორციელოს პასუხის სწორად გადმოცემა. შესაძლოა ვერ აარჩიოს სწორი სტიმული, მაგალითად, არ მიაქციოს მასწავლებლის კითხვას ყურადღება და ამის ნაცვლად კონცენტრირდეს თანაკლასელის კომენტარზე.
3. ექსპრესიული ენის პრობლემა – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს შესაძლოა არ ჰქონდეს არავერბალური მინიშნებების წაკითხვისა და გაგების პრობლემა, სამეტყველო ენის განვითარების დარღვევის გამო შესაძლოა გაუჭირდეს „შესაბამისი“ სიტყვის მოძებნა. ამასთანავე, ლექსიკური მარაგის სიმწირე და სიტყვების არასწორად გამოთქმა კიდევ უფრო ართულებს დიალოგს.
📌როგორ შეიძლება დავეხმაროთ დასწავლის სირთულის მქონე ბავშვს წარმატებულ სოციალურ ინტერაქციაში?
• დახმარების პირველი ნაბიჯი არის იმის ახსნა, რომ ის ისეთივე ჭკვიანია, როგორც ყველა სხვა ბავშვი. ამასთან, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ უნარების განვითარებაში, რომელიც მას აკადემიურად და სოციალურად წარმატებულს გახდის.
• ამასთანავე, უნდა გავაგებინოთ საკუთარი სისუსტეც. ახსნისას პრობლემა უნდა შევადაროთ მრავალსაფეხურიან მათემატიკურ ამოცანას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მას, რომ გახდეს მდგრადი და გახსნილი უკუკავშირისთვის.
• როცა ის უშვებს შეცდომებს, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ: “შენ მიიღე ცუდი გადაწყვეტილება, რომელმაც ნეგატიური პასუხი გამოიწვია შენს თანაკლასელებში, მოდი ერთად ვნახოთ გამოსავალი“. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „შენ არაორგანიზებული ხარ, უფრო ყურადღებით უნდა იყო“.
• ხშირად ბავშვები ცდილობენ მოერგონ დაჩაგრულად ყოფნის როლს. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ისეთ უნარებზე, როგორიცაა მედეგობა და თვითადვოკატირების უნარი.
• შესაძლოა ყველა ბავშვს ჰქონდეს თავდაჯერებულობის პრობლემა მიუხედავად იმისა, როგორია მისი დასწავლის უნარი. მაშინ კი, როცა დასწავლა პრობლემურია, კიდევ უფრო ქვეითდება თვითშფასება. ვიზრუნოთ თვითშფასების ამაღლებაზე.
📌ბევრ შემთხვაში მასწავლებლის და მშობლის დაბნეულობა და არადეკვატური რეაგირება სიტუაციას აუარესებს. ჩვენ ხშირად ემოციურად ვრეაგირებთ, როცა ბავშვი არ იქცევა მოლოდინის შესაბამისად. მაგალითად, არავინ ამბობს ბავშვზე, რომ ის ცუდია, თუ ის რაიმე ამოცანას ვერ ხსნის. მაგრამ თუ ის იმპულსურია, ეს იწვევს შეშფოთებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ პრობლემის ამოცნობა, კარგად გვესმოდეს მიზეზი და დავეხმაროთ ბავშვს სოციალური უნარების გაუმჯობესებაში.
📔 მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურმა თერაპევტმა და სპეციალურმა მასწავლებელმა, ნესტან კაპანაძემ.
წყარო: Child Mind Institute: https://childmind.org/…/social-challenges-kids…/…