რა უნდა გაითვალისწინოთ,როცა საყიდლებზე აუტიზმის მქონე ბავშვთან ერთად მიდიხართ?

საყიდლებზე სიარული პრობლემას უქმნის აუტიზმის მქონე ბავშვს და მის ოჯახს. სხვა ადამიანების მზერამ, მაღაზიაში არსებულმა ხმაურმა, გადაჭედილმა სივრცემ ან სხვა სენსორულმა სტიმულმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის არასასურველი ქცევა. სწორედ ამიტომ აუტიზმის მქონე ბავშვის ოჯახის წევრები ხშირად გაურბიან მათი შვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტარებას, რაც იწვევს ბავშვისა და ოჯახის იზოლაციას. ლუსია მერილოს, Autism Speaks-ის განათლების კვლევის დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტის რეკომენდაციები დაგეხმარებათ არასასურველი ქცევების თავიდან აცილებაში.
1. წინაწარ გააფრთხილეთ ბავშვი:
კვლევები და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისეთი მიდგომა, როგორიც არის „ვიცოდეთ, რას უნდა ველოდოთ“, ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვს შეძლებისდაგვარად თავი გაართვას სტრესულ სიტუაციებს. სასურველია, წინასწარ მიაწოდოთ ინფორმაცია ბავშვს იმის შესახებ, თუ სად მიდის და რა შეიძლება გადახდეს თავს.
2. მოუწყვეთ ვირტუალური ტური:
თქვენს შვილთან ერთად შეგიძლიათ მოაწყოთ ვირტუალური ტური მაღაზიის ვებსაიტის დახმარებით. ასევე, შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ მაღაზიის ფოტოები ან ვიდეო. დასხედით და ერთად დაათვალიერეთ ფოტოები, უყურეთ ვიდეოს, რათა თქვენი შვილისთვის თანდათან ნაცნობი გახდეს იმ მაღაზიის გარემო, სადაც გეგმავთ წასვლას.
3. პრაქტიკა და შეგუება:
როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი მზადაა მაღაზიაში წასასვლელად, დაიწყეთ მოკლე ექსკურსიით და მცირე შენაძენით. დააჯილდოვეთ მისი მცირე წარმატებაც კი. როგორც კი ნახავთ, რომ თქვენი შვილი თავს გრძნობს უფრო კომფორტულად, თანდათან გაზარდეთ მაღაზიაში ყოფნის დრო. მსგავს ვიზიტებს მიეცით რეგულარული სახე, მაგრამ ყოველთვის გააფრთხილეთ წინასწარ, რათა ბავშვმა იცოდეს, რა გარემოში რას უნდა ელოდოს. შემთხვევითი ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია. ასე რომ, არ დანებდეთ!
4. მოამზადეთ დღის განრიგი:
ლუსია მერილო გთავაზობთ ვიზუალური განრიგის გაკეთებას ისე, როგორც ეს მოცემულია სურათზე. დაგეგმილი ვიზუალური განრიგის წინასწარ გაცნობა ბავშვს ეხმარება, რომ გაიგოს, თუ სად მიდის და რა უნდა გააკეთოს. თუ თქვენ აპირებთ საყიდლებზე წასვლას, დაგეგმეთ წინა დღეს და უშუალოდ წასვლის წინ აჩვენეთ ბავშვს ვიზუალური განრიგი, გაუხმოვანეთ დაგეგმილი აქტივობები.
5. შესვენება საუკეთესო გზაა:
როცა თქვენი შვილი დასვენებულია, წარმატების მიღწევა უფრო იოლია. მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ თუ რომელი სტიმული იწვევს ბავშვის გაღიზიანებას: ხმაური, განათება, ხალხმრავლობა თუ სხვა. საყიდლებზე სიარულის დროს სასურველია გაითვალისწინოთ, იქნება თუ არა ასეთი სტიმული და შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ბავშვი მას. ჯერ მიაჩვიეთ იმ მაღაზიას, სადაც მუსიკა დაბალ ხმაზეა ჩართული. ამავე დროს, მსგავს სტიმულთან შეგუებაზე სახლის პირობებში იმუშავეთ.

6. ინდივიდუალური დაცვა:
მოიფიქრეთ, რით შეძლებთ არასასურველი სტიმულის ინტენსივობის შემცირებას. მაგ: თუ ხმაური თქვენს შვილში იწვევს შფოთვას, ეს პრობლემა შეიძლება გადაჭრათ ყურსასმენებით. თუ სინათლე არის პრობლემა, მას შეუძლია ატაროს მზის სათვალე ან კეპი.
7. მოემზადეთ მაღაზიაში წასასვლელად:
გაითვალისწინეთ თქვენი შვილის სურვილები და გეგმაში ჩაწერეთ თუ რის შეძენას აპირებთ.
გეგმის ნიმუში შეიძლება ასეთი იყოს:
• ჩვენ მივალთ მაღაზიასთან ახლოს
• გავაჩერებთ მანქანას ავტოსადგომზე
• ფეხით შევალთ მაღაზიაში
• ვიპოვით ნივთებს, რომლის შეძენასაც ვაპირებთ
• გადავიხდით შენაძენის საფასურს სალაროსთან
• ფეხით დავბრუნდებით მანქანამდე
• მანქანით მივალთ სახლში
თუ თქვენი შვილი უკეთ აღიქვამს ვიზუალურ ინფორმაციას, სცადეთ შექმნათ დასურათებული ისტორია, რომელიც მოიცავს ყველა ნაბიჯს, რომელთა გაკეთებასაც აპირებთ.
8. გქონდეს მინიშნება:
თუ თქვენი შვილი საყიდლებზე სიარულის დროს დაიღლება, მას უნდა შეეძლოს ეს გაგაგებინოთ. თუ ბავშვს მეტყველება არ შეუძლია, შეგიძლიათ მას ასწავლოთ რაიმე ჟესტი ან სურათების გამოყენება კომუნიკაციის მიზნით.
9. იქონიეთ „დასამშვიდებელი“ ნივთები:
მიუხედავად საუკეთესოდ შერჩეული გეგმისა, გაუთვალისწინებელი პრობლემები მაინც შეიძლება გაჩნდეს. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის საგნები და აქტივობები, რომლებიც ბავშვს ამშვიდებს. ეს შეიძლება იყოს სასურველი სათამაშო, სიმღერა ან სხვა რამ.
თითოეულ ამ რეკომენდაციას აქვს ერთი მიზანი, შექმნათ ოპტიმალური პირობები თქვენი შვილისთვის, რომ საყიდლებზე ან სხვა ადგილას წასვლა გახდეს უფრო მეტად მისაღები თქვენი შვილისთვის და მთელი თქვენი ოჯახისთვის.

 

Autism Speaks მასალების მიხედვით მოამზადა ქეთი ცინცაბაძემ.