რა სფეროების განვითარებაზე მუშაობს ენისა და მეტყველების თერაპევტი?

ენისა და მეტყველების თერაპევტის მუშაობა განსხვავდება ლოგოპედის მუშაობისგან. ლოგოპედია წარმოადგენს კორექციული პედაგოგიკის ერთ-ერთ დარგს. ის იყენებს სპეციალურ მეთოდებს მეტყველების სირთულეების გამოსავლენად და კორექციისთვის, ხოლო ენა და კომუნიკაცია არ შედის ლოგოპედის კომპეტენციაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამა პირველად შიექმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2019 წლის ბოლოს საქართველოში იქნება საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული პირველი 8 სპეციალისტი.

ენისა და მეტყველების თერაპევტის მოვალეობაში შედის ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: კომუნიკაცია, ენა და მეტყველება.

კომუნიკაცია არის ორ ან მეტ ადამიანს შორის ინფორმაციის, იდეების, ფიქრების, ემოციების გაცვლა. ადრეული კომუნიკაციის უნარი  ბავშვის მომავალი ენობრივი და ინტელექტუალური განვითარების წინაპირობაა. იმისთვის, რომ კომუნიკაციის პროცესი შედგეს, აუცილებელია ბავშვი  ჩაერთოს სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. მან უნდა მისცეს გარკვეული ფუნქცია კომუნიკაციის პროცესს, მიესალმოს, მოითხოვოს სასურველი, დააკომენტაროს, ემოცია გამოხატოს, უარი თქვას არასასურველზე ან უბრალოდ დაასახელოს ობიექტი. ამის გაკეთება ბავშვს სხვადასხვა ხერხით და ფორმით შეუძლია, მაგალითად, თვალით დიდხანს უყუროს ნივთს, რითიც გამოხატოს ამ ობიექტით დაინტერესებისა და მისი მიღების სურვილი; ან თითით მიგვანიშნოს, ან გვითხრას, ან ჟესტით გამოხატოს, ან დაწეროს, დახატოს და ა.შ. აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას და ამოვიცნოთ რა სახის კომუნიკაციის მიმანიშნებლებს იყენებს. თითოეულ მათგანს მივანიჭოთ გარკვეული მიზანი და შესაბამისი ქცევით ვუპასუხოთ ჩვენც.

მეორე ასევე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაოს ნაწილია არის ენა. ენა არის შეთანხმებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც კომუნიკაციისა და აზრის გადმოსაცემად გამოიყენება. სანამ ბავშვი სიტყვების, სიტყვათშეთანხმებებისა და წინადადებების ფუნქციურად გამოყენებას შეძლებს, მანამდე ენისა და მეტყველების თერაპავტმა, ასევე მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, ბავშვს ბუნებრივ სიტუაციაში უნდა ასწავლონ მათი მნიშვნელობები. მაგალითად, ჩანგლის ფუნქცია და დანიშნულება გააცნოს საკვების მიღების დროს. გარდა ამის, მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ უკვე ათვისებული სიტყვების  გარემოსა და  სიტუაციის შესაბამისად გამოყენება.

ენისა და მეტყველების თერაპევტის კომპეტენციის კიდევ ერთი სფერო მეტყველებაა. მეტყველების დარღვევის დროს საქმე გვაქვს მშობლიური ენისთვის დამახასიათებელი ბგერების წარმოთქმის თავისებურებებთან. მეტყველება თითოეული ბგერისა და ბგერათკომპლექსების  სწორად გამოთქმას გულისხმობს.  თუმცა სანამ მეტყველებაზე უშუალო მუშაობა განხორციელდება, მნიშვნელოვანია ბავშვის სმენის აუდიოლოგიური შეფასება, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის სმენის დაქვეითება.  აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მეტყველბაზე მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ნახსენები სფეროები, კომუნიკაცია და ენა, მეტ-ნაკლებად კარგად არის განვითარებული. მეტყველების დარღვევის ერთ-ერთი ტიპია ენაბორძიკიც.

ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაო მოიცავს კვებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებზე მუშაობასაც, როგორიც არის ღეჭვა, ყლაპვა და დამოუკიდებლად ჭამა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველებისთვის.

 

 

სტატია მომზადებულია ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრანტის ნატალია ჯამასპიშვილი მიერ.